Facebook Twitter

¹ას-679-640-2011 26 ოქტომბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

კასატორები _ ნ. ჭ-ა, ჯ. უ-ე, მ. ჭ-ა, თ. ჭ-ა, ს. ჭ-ა

მესამე პირი _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ი

წარმომადგენელი – ჯ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჭ-ას, ჯ. უ-ის, მ. ჭ-ას, ს. ჭ-ას, თ. ჭ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ... IVა მ/რ მე-10 კორპუსში მდებარე 67-ე ბინის გამოთხოვა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე წარმოადგენს აღნიშნული ბინის მესაკუთრეს. მოსარჩელის კუთვნილ ბინაში კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ მოპასუხეები _ აფხაზეთიდან დევნილი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მისამართზე, კერძოდ, ... მე-3 მ/რ-ში მე-5 კორპუსში მდებარე ¹113-ე ბინაში. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 19 ივნისის წერილის თანახმად, ... დასახლება IVა მ/რ-ის მე-10 კორპუსი აღრიცხვაზეა, როგორც დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი, ხოლო მოპასუხეები სადავო შენობაში ჩასახლებული არიან 2002 წელს, როდესაც შენობა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ისინი წარმოადგენენ მათ მიერ დაკავებული ფართის მართლზომიერ მფლობელებს, ვინაიდან, ჩასახლებულნი არიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ამასთან, არ არიან რეგისტრირებულები სადავო შენობაში, რაც არ უნდა წარმოადგენდეს არამართლზომიერ მფლობელებად მოპასუხეთა ცნობის საფუძველს. ვინაიდან არ არსებობს გლდანი-ნაძლადევის რაიონული გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბინების ნუმერაციის დადგენის თაობაზე, შეუძლებელია სადავო კორპუსში ბინების რეალური იდენტიფიცირება, კერძოდ, არ დგინდება მოპასუხე მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი ბინის ფლობის ფაქტობრივი გარემოება, მით უმეტეს, რომ მათ მიერ დაკავებული ბინის ფართობი დაახლოვებით 20 კვ.მ-ით აღემატება მოსარჩელე ლ. ს-ის საკუთრებაში არსებული ¹67 ბინის ფართობს, რაც სარჩელზე უარის თქმის დამატებითი საფუძველია.

საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ფართში მოპასუხეები ჩასახლებული არიან 2002 წლიდან, როდესაც შენობა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საქმეში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მოპასუხეთა მიერ ფართის უკანონოდ დაკავების (შეჭრის) დამადასტურებელი მტკიცებულება. დევნილები წარმოადგენენ ფართის მართლზომიერ მფლობელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტლებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჭ-ამ, ჯ. უ-ემ, მ. ჭ-ამ, თ. ჭ-ამ და ს. ჭ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნ., მ., თ. და ს. ჭ-ების, ჯ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით: ქ. თბილისში, ... IVა მ/რ-ის მე-10 კორპუსში მდებარე ¹67 ბინაზე აღრიცხულია მოსარჩელე ლ. ს-ის საკუთრების უფლება. მოპასუხეები: ნ., მ., თ. და ს. ჭ-ები და ჯ. უ-ე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა დროებით საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია , ... მე- 3 მ/რ, მე-5 კორპუსი, ბინა ¹113. ქ. თბილისში, ... IVა მ/რ-ში მდებარე მე-10 კორპუსში არ განხორციელებულა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 19 ივნისის წერილით დასტურდება, რომ თბილისში, ... IVა მ/რ-ში მდებარე მე-10 კორპუსი წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტს. პალატამ განმარტა, რომ სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული კორპუსი წარმოადგენდა კომპაქტური განსახლების ობიექტს, მოპასუხეს წარმოუდგენია. რაც შეეხება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2007 წლის 19 ივნისის წერილს, აღნიშნული წერილი ვერ იქნება განხილული დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან აღნიშნული სამინისტროს 2008 წლის 9 სექტემბრის წერილითვე დასტურდება, რომ სამინისტროს მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისში, ... IVა მ/რ-ში მდებარე, მე-10 კორპუსში) არ განუხორციელებია დევნილთა კომპაქტური ჩასახლება. მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, აგრეთვე, ის უდავო ფაქტი, რომ მოპასუხეები დევნილებად რეგისტრირებული არიან , ... 3 მ/რ-ის, მე-5 კორპუსში მდებარე, ბინა ¹113-ში, რაც ასევე დასტურდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2010 წლის წერილითაც. მოპასუხეები ფაქტობრივად ფლობდნენ მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე, კორპუსში არსებული ბინები არ იყო დანომრილი, ვინაიდან, კორპუსი იყო დაუმთავრებელი, არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ ბინის იდენტიფიკაცია, რომელზეც მოსარჩელე აწარმოებდა დავას. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგოების ¹832 დადგენილების 2007 წლის 28 სექტემბრის ¹15 ოქმისა და 2008 წლის 20 მარტს ¹ო-1515 ცნობის თანახმად, ... IVა მ/რ-ში მდებარე მე-10, თექვსმეტსართულიანი, 96-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინების ათვლა დაიწყო კორპუსში ცენტრალური შესასვლელიდან მარცხნიდან მარჯვნივ (საათის ისრის მიმართულებით), რომელიც მოქცეულია არა გამზირის, არამედ კორპუსის ეზოს მხარეს. მოპასუხის მხრიდან გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, ვერ იქნა წარდგენილი აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება.

პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას სასამართლოს მიერ მოწმდება სამი ძირითადი მომენტი: უნდა არსებობდეს ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, აღნიშნული ნივთი უნდა ეკუთვნოდეს მოსარჩელეს და მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მიერ ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს _ მართლზომიერ მფლობელებს. აპელანტის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა” შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გასახლება არ ხდება, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო ბოჭვის შემთხვევა, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “დ” პუნქტის თანახმად საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ ნივთის მართლზომიერ მფლობელებს და მათ მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდებოდა კანონის დარღვევით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ზემოთ დასახელებული მუხლით გათვალისწინებული გარემოება, რაც მოპასუხეთა გამოსახლების საფუძველია სადავო უძრავი ქონებიდან. აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის უფლებათა შეზღუდვას, პალატამ დამატებით განმარტა, რომ კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, მათ არ მოუხდენიათ იმ გარემოების Mმტკიცების ტვირთის რეალიზაცია, თუ რატომ უნდა ჩაითვალონ ისინი მართლზომიერ მფლობელებად.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრი გაასაჩივრესრაბ, თ. და ს. ჭ-ებმა და ჯ. უ-ემ შემდეგი დასაბუთებით: მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია, რომ საკუთრების უფლება დაცულია კანონით, მაგრამ მეორე პუნქტი ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა. ამის მტკიცების საფუძველია ის გარემოება, რომ სადავო შენობა დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს, მართალია, კომპაქტური განსახლების ობიექტის შექმნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში არ არის წარდგენილი, მაგრამ წარდგენილია შესაბამისი აქტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის კომპაქტურობას. შესაბამისად, ამ შენობის სამართლებრივი დატვირთულობა დარეგულირებულია “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, კომპაქტური ობიექტიდან დევნილის გამოსახლება არ ხდება სათანადო კომპენსაციის გარეშე. ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსში დევნილები განსახლებული იყვნენ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ. ისინი წარმოადგენენ სადავო ფართის მართლზომიერ მოსარგებლეებს და მათი გამოსახლება, ზემოთ ხსენებული ნორმის თანახმად, დაუშვებელია. ვინაიდან “იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლება არ ხდება, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი ბოჭვა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და მოცემული ნორმა არასწორად განმარტა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარემოება _ მფლობელის მიერ ნივთის ფლობის უფლება, რაც მესაკუთრეს უფლებას ართმევს მოითხოვოს ამ ნივთის უკან დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ., მ., თ. და ს. ჭ-ებისა და ჯ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა არ დგინდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისში, ... IVა მ/რ-ში მე-10 კორპუსში მდებარე ¹67 ბინაზე აღრიცხულია მოსარჩელე ლ. ს-ის საკუთრების უფლება. მოპასუხეები – ნ., მ., თ. და ს. ჭ-ები და ჯ. უ-ე – წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა დროებით საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია , ... 3 მ/რ, ¹5 კორპუსში, ბინა ¹113. ქ. თბილისში, ... IVა მ/რ-ის, მე-10 კორპუსში არ განხორციელებულა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილთა კომპაქტური ჩასახლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ვინდიკაციური სარჩელის განხილვისას უნდა დადგინდეს სამი ფაქტის არსებობა: უნდა არსებობდეს ნივთი, რომლის უკან დაბრუნებასაც ითხოვს მოსარჩელე, აღნიშნული ნივთი უნდა ეკუთვნოდეს მოსარჩელეს და მოპასუხეს არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ლ. ს-ს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, ხოლო მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს _ მართლზომიერ მფლობელებს.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით, ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ ნივთის მართლზომიერ მფლობელებს. კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარი ბატონობით განხორციელებულ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობას, რისი არსებობაც კასატორებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაადასტურეს და არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. ამდენად, კასატორთა მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდება კანონის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ., მ., თ. და ს. ჭ-ებისა და ჯ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.