ას-1193-1213-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს “მ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 2 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ემ მოპასუხე ზუგდიდის სს “მ-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საზოგადოების 2004 წლის 2 ივლისის აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს “მ-ის” აქციონერთა 2004 წლის 2 ივლისის საერთო კრების ¹4 ოქმი.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ. მ-ის სასარგებლოდ ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების და მ. მ-ის სასარგებლოდ ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრების ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-ეს სარჩელი აღძრული ჰქონდა ზუგდიდის სს “მ-ის” მიმართ და მოითხოვდა აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მოუთხოვია ბ.გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლება და ბ.გ-ასათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500000 ლარის დაკისრება. ასეთი მოთხოვნა მან დააყენა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულით მ. მ-ემ არსებითად კი არ გაზარდა დავის საგანი, არამედ დააყენა ახალი, დამოუკიდებელი სარჩელი ბ.გ-ას მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის სააპელაციო საჩივრის აღძვრის დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვები იყო მხოლოდ მაშინ, თუ ამას დაეთანხმებოდა მოწინააღმდეგე მხარე ან თუ სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდას, პრაქტიკულად კი _ ახალი სარჩელის დაყენებას არ დათანხმებია მოწინააღმდეგე მხარე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემომითითებული სახით დავის საგნის გაზრდა მიზანშეუწონელი იყო, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილული დავა გამომდინარეობდა აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებიდან და შეეხებოდა აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის გაზრდის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმის წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად კი, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. მ-ის სააპელაციო მოთხოვნა დაუშვებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, როგორც მოთხოვნის დაყენების დროისათვის, ასევე საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი რედაქციით.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განჩინება მ. მ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მარტის განჩინება.
2011 წლის 13 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა მ. მ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განჩინების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ის ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს სხდომის ოქმში შესწორებების შეტანის თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ე კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შენიშვნები ამავე სასამართლოს სხდომის ოქმზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან სხდომის ოქმზე შეტანილი შენიშვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე, მ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.