Facebook Twitter

საქმე # 330100121004700802

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №406აპ-22 ქ. თბილისი

ჭ. გ.406აპ-22 19 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჭ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, ქ.თ–ში, ..........ის გამზირზე, გ. ჭ–მ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მის წინ მიმავალი ავტომობილისათვის გასწრების დროს, ობიექტური ხელის შემშლელი პირობების გარეშე, მოუცურდა ავტომობილი და ჯერ შეეჯახა ბორდიურს, შემდეგ კი - განათების ბოძს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მგზავრებმა: ა. ქ–მა, თ. მ–მ და თ. თ–მ, ხოლო კიდევ ერთი მგზავრი – გ. ბ–ი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. გ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

3.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, გ. ჭ–ს 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3.3. გ. ჭ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან -

2021 წლის 15 აპრილიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 20:45 საათზე, ქ.თ–ში, ..........ის გამზირზე, გ. ჭ–მ, რომელიც მართავდა ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, მის წინ მიმავალი ავტომობილისთვის გასწრების დროს, ობიექტური ხელის შემშლელი პირობების გარეშე, მოუცურდა ავტომობილი და ჯერ შეეჯახა ბორდიურს, შემდეგ კი - განათების ბოძს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ავტომობილის მგზავრმა - თ. მ–მ, ხოლო კიდევ ერთი მგზავრი – გ. ბ–ი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ჭ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით შეფარდებას, პირობითად ჩათვლის გარეშე, დამატებითი სასჯელის სახით კი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ჭ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით შეფარდებას, პირობითად ჩათვლის გარეშე, დამატებითი სასჯელის სახით კი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით.

7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. კ–ს შესაგებელი, რომლითაც ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის გამკაცრებას.

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ჭ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა გ. ჭ–მ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში; გასაჩივრებული განაჩენით გ. ჭ–ისათვის განსაზღვრული როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გარდაცვლილი გ. ბ–ს დედის - ზ. ჭ–ს პოზიცია ავტომატურად ვერ გახდება სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

12. იმავდროულად, სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობის სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინების შესახებ. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად გათვალისწინებული იქნეს სასჯელის დანიშნვის დროს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე N 1019აპ-09; 2014წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N 390აპ-14).

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე