Facebook Twitter

საქმე # 330100121004796970

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №335აპ-22 ქ. თბილისი

რ. გ. 335აპ-22 16 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. რ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. რ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 4 მაისის ბრძანებით გ. რ–ე დაინიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გაფორმების ეკონომიკური ზონა - „....ს“ მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებში შედიოდა საზღვარგარეთიდან შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების ზოგად დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების გაფორმება.

2021 წლის 4 მარტს საქართველოს მოქალაქე, დ. ლ–მ დიდი ბ-დან ს-ში, მოქალაქე მ. მ–ს სახელზე შემოიყვანა ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი ავტომანქანა, კერძოდ: ავტომანქანა „LEXUS RX 450“, ვინკოდი: ......, ავტომანქანა „HONDA CIVIC“, ვინკოდი: ...... და ავტომანქანა „MERCEDES BENZ .......“, ვინკოდი:......... 2021 წლის 9 მარტს გ. რ–ემ თავის სამუშაო ოთახში არსებული სამსახურებრივი კომპიუტერით მოახდინა სამივე ავტომობილის ზოგადი დეკლარირება, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანები იძებნებოდა ინტერპოლით, რის შემდეგაც მას უნდა შეეჩერებინა ძებნილი ავტომანქანები და ინფორმაცია მიეწოდებინა ძებნის ინიციატორისათვის.

მიუხედავად ამისა, გ. რ–ემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოება, მან დაასრულა გაფორმების პროცედურა, რითიც უპირატესობა მიანიჭა ავტომანქანების შემომყვან პირს, რის შედეგადაც ხსენებული ავტომანქანები მოაქცია ს–ს საბაჟო სივრცეში და შემომყვან პირს მისცა განკარგვის საშუალება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. გ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით;

3.4. გ. რ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 2 აპრილიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. რ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის 1 წელზე მეტი ვადით გამოყენება და სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გაუთვალისწინებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენით:

5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ელიზბარ გოზალიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

5.3. გ. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 2 წელი.

5.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 2 წლით;

5.5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. რ–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5.6. გ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 2 აპრილიდან - 2021 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მ, რომელმაც ითხოვა სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გათვალისწინებით, პირობითად ჩათვლა, ხოლო განაჩენის სხვა ნაწილში - უცვლელად დატოვება.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ გ. რ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ი. ს–ს, კ. ა–ს, ნ. კ–ს, ნ. კ–ს, გ. კ–ს, ზ. ზ–ს, ა. კ–ს, ტ. ქ–ს, ხ. შ–სა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღებული დოკუმენტებით, ექსპერტიზის №.... №... №... №...., №...., №.... დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობის ნაწილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვხვდება, კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში გ. რ–ე გამოძიების ეტაპზე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, არ დაუსახელებია ის პირები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ დანაშაულებრივ სქემასთან და მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და გ. რ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). ამასთან, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობებისა და პირობითი მსჯავრის არსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას გ. რ–ს მიმართ სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი) მიზანშეწონილობის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. რ–სათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე