ას-1309-1329-2011 18 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. რ-ის ინდივიდუალური საწარმო «პ-ა» (შეგებებული სარჩელის ავტორი), თ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ძირითად სარჩელში _ ვალდებულების შესრულება იპოთეკის საგნისა და მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის გზით, შეგებებულ სარჩელში _ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე გ. რ-ისა და თ. გ-ის მიმართ ინდივიდუალურ მეწარმე გ. რ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 949 041.44 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 711 111 ლარს, პროცენტი _ 9872.28 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 2009 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 228 058.16 ლარს), 2009 წლის 1 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 504.69 ლარის ანაზღაურების დაკისრების, ხოლო თ. გ-ისა და გ. რ-ისათვის სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თანხის ამოღების მიზნით, ძირითადი მოვალე გ. რ-ის მთელი ქონებისა და თ. გ-ის იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცევა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობის გამო, ამასთან, გ. რ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2007 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ინდივიდუალური მეწარმე გ. რ-ის მიმართ სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმე გ. რ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2009 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 949 041.44 ლარის ანაზღაურება, მათ შორის სესხის ძირითადი თანხის _ 711 111 ლარის, პროცენტის _ 9872.28 ლარის, პირგასამტეხლოს 228 058.16 ლარის, ხოლო 2009 წლის 1 დეკემბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამის _ 720983.28 ლარის 0.07%-ის (რაც ყოველდღიურად შეადგენს 504.69 ლარს) ანაზღაურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური მეწარმე გ. რ-თან ერთად სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად მოპასუხე თ. გ-ისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით გ. რ-ის მთელი ქონების და თ. გ-ის იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მხოლოდ იპოთეკით დატვირთული გ. რ-ისა და თ. გ-ის შემდეგი უძრავი ქონება: ა)ქ.გორში, სოფელ ... მდებარე 11255 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ბ)ქ.გორში, თბილისის ქ¹33-ში მდებარე 435 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 214.8 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, გ) გორში, ... ქ.¹43-ში მდებარე, მიწის ფართობი 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 162.5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.
ინდივიდუალური მეწარმე გ. რ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამონისტრომ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს «2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაევალა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას საკრედიტო რესურსად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისაგან ვაშლის შესყიდვის მიზნით 800 000 ლარის გამოყოფა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს კერძო სამართლის პირების შერჩევა და საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 800 000 ლარის სესხის სახით მათთვის მიცემა შესაბამისი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმების გზით. 2007 წლის 19 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასა და გ. რ-ის ინდივიდუალურ საწარმო «პ-ას» შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას საკრედიტო რესურსად გამოუყო 800 000 ლარი, ხოლო, თავის მხრივ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 800 000 ლარი გადასცა ინდივიდუალურ საწარმო «პ-ას» ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისაგან ვაშლის შესყიდვის მიზნით. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ არსებით პირობებზე: სესხის დაფარვის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 (თორმეტი) თვე. სესხის ძირითადი თანხის გადახდის ვადა დაიწყებოდა სესხის მიღებიდან 4 თვის შემდეგ და გადაიხდებოდა ყოველთვიურად, თანაბრად 5 საბანკო დღეში. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8%-ს. სესხის მიღებიდან 4 თვის შემდეგ 5 საბანკო დღის განმავლობაში ერთიანად გადაიხდებოდა ამ პერიოდში დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის შეთანხმდა თანხის დაფარვის კონკრეტული გრაფიკი. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2007 წლის 19 დეკემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თ. გ-ს, გ. რ-სა და გ. რ-ის ინდივიდუალურ საწარმო «პ-ას» შორის, რომლის თანახმად 2007 წლის 17 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. გ-ის უძრავი ქონება: გორში, სოფელ ... მდებარე 11255 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 2272.7 კვ.მ უძრავი ქონება, ასევე თ. გ-ის კუთვნილი, ქ.გორში, ... ქუჩა ¹33-ში მდებარე 435 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 214.8 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, გ. რ-ის კუთვნილი, ქ.გორში, ... ქ¹43-ში მდებარე 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 162.5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. იპოთეკის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, კრედიტორის მიერ დაქირავებული აუდიტორის შეფასების თანახმად, იპოთეკის საგნის ჯამური საბაზრო ღირებულება 1 320 000 ლარია. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.
მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, პროცენტისა და სესხის გადახდის ვადა დაიწყო 2008 წლის 21 აპრილს. მოპასუხემ მოსარჩელეს ამ დროისათვის გრაფიკის შესაბამისად გადაუხადა 110 281 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 88 889 ლარს, ხოლო პროცენტი _ 21 392 ლარს. შემდგომი ვადამოსული თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკით, რა დოსაც მოვალემ დაარღვია ფულადი ვალდებულების შესრულების წესი და ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 711 111 ლარი, ხოლო საპროცენტო დავალიანებამ _ 9872.28 ლარი. 2009 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 228 058.16 ლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 873-ე მუხლით მე-400 მუხლის «ა» ქვეპუნქტით, 867-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე წარმოეშვა მოთხოვნა, მოპასუხის მიმართ შეეწყვიტა ხელშეკრულება მოპასუხის მხრიდან სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის შეთანხმებული გრაფიკის დარღვევის გამო. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი დაარღვია ზედიზედ, ჯერ კიდევ 2008 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში, ამდენად მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აგვისტოს ომის ფაქტობრივი გარემოების დადგომამდე და მისგან დამოუკიდებლად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მოპასუხისაგან სესხი, პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის გამო. პირგასამტეხლო მისი პროცენტული განაკვეთის _ 0.07%-ის გათვალისწინებით, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და სრულად პასუხობს პირგასამტეხლოს დანიშნულებას, რაც გამოიხატება ერთდროულად მოვალის მიმართ პრევენციული ღონისძიების გატარებასა და კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურებაში, ამასთან მოპასუხე ვალდებული იყო, პირაგასამტეხლო გადაეხადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 317-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელეს სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა წარმოეშვა 2007 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილესთან. საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მხარე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იყო გ. რ-ი და არა თ. გ-ი, თ. გ-ს სოლიდარულად არ უკისრია ვალდებულება გ. რ-თან ერთად და იგი ვერ გახდება 2007 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის პირადი მოვალე. რაც შეეხება თ. გ-თან დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვება მხოლოდ მოთხოვნა, ძირითადი და პირადი მოვალის მიმართ არსებული ფულადი პრეტენზია დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის, 254-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შეთანხმებას, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მოთხოვნა არ იქნებოდა მიჩნეული დაკმაყოფილებულად და კრედიტორს შეეძლო, გადახდევინების მიქცევა მოვალის სხვა ქონებაზეც, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა გადახდევინების მიქცევა ასევე მოვალის სხვა ქონებიდანაც. აღნიშნულის გარემოების დადასტურებისათვის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 28 ივლისის ¹ბს-1537-1494 (კ-08) განჩინებაზე. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის მოქმედი 254-ე და 286-ე მუხლები ამომწურავად განსაზღვრავენ იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილების საშუალებებს: ნივთის რეალიზაციით ან ამ ნივთის საკუთრებაში გადაცემით. აღნიშნულის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალი რედაქციით პირდაპირ დადგინდა ზოგადი წესი, რომლითაც გირავნობის საგნის რეალიზაციისას (აგრეთვე, გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას), მიუხედავად იმისა, ამონაგები თანხა ფარავს თუ არა უზრუნველყოფილ მოთხოვნას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მსგავს დათქმას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკასთან მიმართებით, მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით. მოცემულ დავაზე მხარეთა შორის დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონებების შეფასება განხორციელდა თავად კრედიტორის მიერ დაქირავებული აუდიტორის მიერ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკის საგნის ჯამური საბაზრო ღირებულება 1 320 000 ლარია. იპოთეკარის განცხადებით საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი გარანტია საკმარისია სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის, ასევე სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად. ამავე ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე, კერძოდ იმაზე, რომ მოთხოვნა არ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში და ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის სხვაობის ანაზღაურება კრედიტორს შეეძლო მოვალის სხვა ქონების ხარჯზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მხოლოდ იპოთეკით დატვირთული გ. რ-ისა და თ. გ-ის უძრავი ქონებების რეალიზაცია.
სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა თ. გ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის, როგორც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, შეგებებული სარჩელის მოპასუხის, როგორც კრედიტორის მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, იყო ნამდვილი, შესაბამისად, არ არსებობდა ვალდებულება, რომლის ძალითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოეთხოვებოდა ხელშეკრულების ძალაში დატოვება, არათუ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, რომლის განხორციელებაც თუნდაც კრედიტის მიზნობრიობიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა.
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების შესაბამისად, არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, რომ მისი მოთხოვნა თ. გ-სა და ინდ.მეწარმე გ. რ-ის მიმართ გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლიდან, რის გამოც თ. გ-ი გ. რ-თან ერთად მოიაზრება სოლიდარულ მოვალედ, რადგანაც 2007 წლის 19 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო გ. რ-ის ინდივიდუალურ საწარმო ,,პ-ას», საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ადმინისტრაციას შორის. 2007 წლის 19 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომელიც დადებულ იქნა გ. რ-ის ინდივიდუალურ საწარმო ,,პ-ას», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ადმინისტრაციასა და თ. გ-ს შორის, 2007 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თ. გ-ის უძრავი ქონება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს კრედიტორს გ. რ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში, ხოლო თ. გ-ის მიმართ _ იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილში. თ. გ-მა იპოთეკის ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდევინება მიქცეულიყო მის ქონებაზე. იგი არ წარმოადგენს 2007 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს და შესაბამისად, მას არ უკისრია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მას ვერ დაეკისრება კრედიტორისათვის თანხის დაბრუნების სოლიდარული ვალდებულება, ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე არაა არც, კანონისმიერი მოთხოვნა (საზიარო უფლება) მისი სოლიდარულად პასუხისმგებლობის შესახებ და არც ვალდებულების საგნის განუყოფლობას აქვს ადგილი.
პალატამ ასევე არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა, სარეალიზაციოდ უნდა მიქცეულიყო მოვალის სხვა ქონებაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. რ-ი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, რადგანაც 2007 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებებზე, კერძოდ, იმ კონკრეტულ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების საგანს, კრედიტორი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს მოვალის სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, შესაბამისად ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი წესი მოპასუხის მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილზე, და აღნიშნა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან განსხვავებულ წესზე, შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად, თუ ამონაგები თანხა ვერ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, კრედიტორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება და იგი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა საგნის ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. ამასთან, სააპელაციო პალატა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 28 ივლისის განჩინებაში გამოყენებულ ნორმათა განმარტებას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე და განმარტა, რომ დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის გზით, შესაბამისად, სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოვალის იმ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების (ყადაღის მოხსნის) შესახებ, რომელიც არ არის დატვირთული იპოთეკით მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
პალატა, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის, 291-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე, არ დაეთანხმა თ. გ-ის მოსაზრებას, რომ გ. რ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იპოთეკით დატვირთულ მის საკუთრებაში არსებულ ქონებას უნდა ჩაენაცვლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პირადი მოვალის _ გ. რ-ის ქონება და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს მისი ქონების რეალიზაციის გზით, ასევე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მტკიცება, რომ ის აღმოჩნდა მოტყუებული, ვინაიდან, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მისთვის არ განუმარტავთ მისი შინაარსი და ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ, 2007 წლის 19 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება თ. გ-ის მიერ შეცილებული არ ყოფილა, მას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, აპელანტის მოტყუების ფაქტის კვლევა არ შედის წინამდებარე დავის მტკიცების საგანში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობაში მითითებული გარემოება, რომ განსახიველი სარჩელის მოთხოვნას თ. გ-ისა და გ. რ-ის ინდივიდუალურ საწარმო «პ-ას» მიმართ ჰქონდა ერთი და იგივე საფუძველი და წარმოადგენდა ზემოხსენებულ პირთა სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველს.
სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე და 317-ე მუხლებით, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, მთლიანი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება როგორც სესხის დაფარვა, ისე მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საშუალება _ იპოთეკა, რაც მოვალეთა ვალდებულების სოლიდარულად მიჩნევის საფუძველია.
სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია გ. რ-ის მთელი ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რადგანაც გ.რ-ი ინდივიდუალური მეწარმეა და «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისაგან განსხვავებით, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავის ქონებით. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლი, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია და არა მისი საქართველოს ფინანსთა სამონისრტოსათვის საკუთრებაში გადაცემა.
კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.4 და 5.5 პუნქტებზე, რომელიბიც ადასტურებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იპოთეკით დატვირთული უზრუნველყოფის საგნით არ იყო შემოფარგლული და უფლება ჰქონდა, ვალდებულების შესრულება მოვალის სხვა ქონებითაც მოეთხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტო, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.