Facebook Twitter

ას-285-269-2011 3 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ მ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ნ-ე, ო. ა-ი

განმცხადებლის მოთხოვნა – დავაში მხარედ ჩაბმა

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ა-ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 361-ე, მე-400 და 623-ე მუხლების საფუძველზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებული ძირითადი თანხის _ 8500 აშშ დოლარის, ამ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის ძირითადი თანხის 0.1%-ის, ასევე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 5000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ა-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 8500 აშშ დოლარის გადახდა, ო. ა-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 30 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ძირითადი თანხის _ 8500 აშშ დოლარის 0,1%, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა მისი ანაზღაურება ქ.ქუთაისში, ...ის ქ¹15-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ა-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ან საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სააპელაციო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ყ-მა და მოითხოვა მოცემულ დავაში მხარედ ჩაბმა შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლის განმარტებით, 2010 წლის 20 დეკემბერს მან შეიძინა ო.ა-ის კუთვნილი სახლი, რომელიც იპოთეკითაა დატვირთული ა. ნ-ის სასარგებლოდ, მისთვის ცნობილი იყო იპოთეკის თაობაზე და თანახმაა, ა.ნ-ეს გადაუხადოს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას და ამ ნაწილში განმცხადებლის მიერ შეძენილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციას, მისთვის აღნიშნული უცნობი იყო, შესაბამისად, საქმის განხილვაში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ის სასამართლომ არ მიიწვია. დასახელებული გარემოებით კი ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის IX კარზე, რომლითაც განსაზღვრულია საქმის წარმოების წესები საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. დასახელებული კარის დებულებათა ანალიზით ირკვევა როგორც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის სუბიექტური ფარგლები, ისე ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილე სუბიექტები: მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით (სსსკ 391-ე მუხლის პირველი ნაწილი).

კანონმდებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავის არც ერთი ნორმით ახალი მხარისა თუ სუბიექტის ჩაბმას ამ ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ ითვალისწინებს, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ამ ინსტანციის სასამართლოში მხარის ჩაბმა ამ კუთხითაც გაუმართლებელია, ვინაიდან სასამართლო ამ მხარის (ახალი სუბიექტის) მოთხოვნის მართებულობას ვერ გამოიკვლევს.

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ მ.ყ-ი აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი ალტერნატივა მხარის საქმეში ჩაბმისა, გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XI თავით, სადაც კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს მოთხოვნის მქონე მესამე პირებსა და მოთხოვნის არმქონე მესამე პირებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არაა მესამე პირის ჩაბმის სამართლებრივი წინაპირობები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულით მ. ყ-ის სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესდება, რადგანაც მას დავის საგანზე უფლება აქვს, განაცხადოს დამოუკიდებელი მოთხოვნა საერთო წესით, სარჩელის სასამართლოში შეტანის გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მ. ყ-ს უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. იმ გარემების გათვალისწინებით, რომ მ.ყ-ი მოცემული დავის სუბიექტი არაა, სასამართლო ვერ განიხილავს მის მიერ წარმოდგენილ მასალებს, შესაბამისად, მ.ყ-ს უნდა დაუბრუნდეს ¹ვ-291-11 განცხადებაზე დართული მასალები 13 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ყ-ის განცხადება დავაში მხარედ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. მ. ყ-ს დაუბრუნდეს ¹ვ-291-11 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 13 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.