საქმე # 010142221700254609
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №78აგ-21 ქ. თბილისი
შ.ლ. 78აგ-21 10 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ლ. შ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში- საქართველოს სსკ-ის) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
ლ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 000 ლარი;
ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2009 წლის 13 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის აღსრულების მინით, მისთვის თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. შ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. შ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ლ. შ–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულ ლ. შ–ს გამართლება.
4.1. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს შემდეგს: ლ. შ–ს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო თ. ბ–ს სისხლის სამართლის საქმე იმავე ბრალდების ირგვლივ.
თ. ბ–ე, ლ. შ–ს მიმართ საქმის განხილვისას, აღიარებდა დანაშაულს, რაც საფუძვლად დაედო ლ. შ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა გამოყოფილი საქმე თ. ბ–ს მიმართ, რომლის ფარგლებშიც მან თავი აღარ ცნო დამნაშავედ და 2018 წლის 1 ივნისს გამართლდა, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებში (მითვისების ეპიზოდი). დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე თ. ბ–ს მიმართ საქმის განხილვისას სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ბ–ეს, თ. შ–სა და ასევე ლ. შ–ეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და არ ჰქონდათ სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ს თანხების მითვისების განზრახვა. დაცვის მხარე ასევე უთითებს თ. ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენში (რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო) განვითარებულ მსჯელობაზე: ,,წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარადაა დადასტურებული შპს „...........სათვის“ გადაცემული სესხის მიზნობრიობა და პალატა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევს დადგენილად, რომ თანხის გასესხება რეალურად იყო მისი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შენიღბვის საშუალება“.
4.2. დაცვის მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენში ლ. შ–ს მიმართ არსებობს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისთვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ჯ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. შ–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ, რომელიც ითხოვს საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.
6.1. დაცვის მხარე განმარტავს, რომ თ. ბ–მ, რომლის მამხილებელ ჩვენებასაც ემყარება ლ. შ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მოგვიანებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში მიუთითა, რომ მას და ლ. შ–ეს არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული; დაცვის მხარის მტკიცებით, სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა თ. ბ–ს პოზიცია, რომ მას, ლ. და შ. შ–ებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულება ემსახურებოდა კეთილსინდისიერ მიზნებს.
6.2. გარდა ამისა დაცვის მხარე, ერთი მხრივ, უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015), ხოლო, მორე მხრივ, განმარტავს, რომ ლ. შ–ს მიმართ განაჩენის დადგენას საფუძვლად დაედო მხოლოდ თ. ბ–ს ჩვენება, დანარჩენ მტკიცებულებებს არათუ პირდაპირი, ირიბი კავშირიც არ აქვს მსჯავრდებასთან, შესაბამისად, თ. ბ–ს ჩვენების ამორიცხვის პირობებში საქმეში არ რჩება განაჩენის გამოტანისთვის საჭირო სტანდარტი ირიბი მტკიცებულებებითაც კი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ: არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი („დ“ ქვეპუნქტი); ასევე, თუ - წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო (,,ზ“ ქვეპუნქტი) .
3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ თ. ბ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინება არ წარმოადგენს იმ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რაც შესაძლებელია, გახდეს ლ. შ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი - არ ამტკიცებს ლ. შ–ს უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოს, სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა თ. ბ–ს პოზიცია და იგი სრულად უდანაშაულოდ ცნო, მათ შორის, ბრალდების იმ ეპიზოდში, რომლის ჩადენაშიც მას ლ. და შ. შ–ებთან ერთად ედებოდა ბრალი.
4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 25 მარტის განაჩენით, რომელიც დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, თ. ბ–ს ქმედება - გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისების ეპიზოდი), გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე.
4.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოებმა თ. ბ–ს მიმართ გამოტანილ განაჩენებსა და განჩინებაში კანონით დადგენილი წესით სამართლებრივად შეაფასეს მხოლოდ თ. ბ–ს და არა - ლ. შ–ს ქმედება, რომელიც, თავის მხრივ, შეფასდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენებსა და უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებაში.
4.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დაცვის მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად ახდენს თ. ბ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით (რაც, თავის მხრივ, დაუშვებლად ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ) დადგენილი გარემოების არასწორ ინტერპრეტაციას, კერძოდ: ლ. შ–ს უდანაშაულობის დასადასტურებლად უთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე - ,,საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარადაა დადასტურებული შპს „.......... სათვის“ გადაცემული სესხის მიზნობრიობა და პალატა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევს დადგენილად, რომ თანხის გასესხება რეალურად იყო მისი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შენიღბვის საშუალება“. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მსჯელობა მიემართება მხოლოდ თ. ბ–საკენ, ამასთან, იმავე გადაწყვეტილების იმავე აბზაცში სააპელაციო სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს: ,,პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული თ. ბ–ს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედება, რათა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „ს–ს“ კუთვნილი ფულადი თანხები“.
5. რაც შეეხება განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საკითხს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე უთითებს აღნიშნული მუხლის დანაწესსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015).
5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო მხოლოდ 2009 წლის 9 ოქტომბრიდან მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში ლ. შ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
5.2. დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ საქმეში არ არსებობდა ლ. შ–ს მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 7 სექტემბრის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 17 ნოემბრის განაჩენებში, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელა და სამართლებრივი კუთხით შეაფასა მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის მტკიცებულების საკმარისობის საკითხი.
6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინების პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ბ–ს სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლოს განაჩენები/განჩინება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015) არ წარმოადგენს ლ. შ–ს მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ჯ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ს. ჯ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე