ა-1532-შ-27-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ-ი
წარმომადგენელი – თ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის, ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მ. ვ-სა და ე. წ-ს შორის.
მ. ვ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის 2011 წლის 7 იანვრის ოქმითა და საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს ¹1877 მოწმობით დასტურდება, რომ ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2011 წლის 25 ივნისს მ. ვ-ის წარმომადგენელმა თ. კ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მ. ვ-ის შუამდგომლობა ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ვ-ის შუამდგომლობა ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (მხარეებმა უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ვ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის, ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ვ-ისა და ე. წ-ის ერთობლივი განცხადება განქორწინების შესახებ და დადგინდა მხარეთა ქორწინების შეწყვეტა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.