Facebook Twitter

¹ას-1090-1119-2011 22 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი –ლელა სანიკიძე

კასატორი _ მ. ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი

წარმომადგენელი _ ზ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ტ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის მიმართ გაყიდული აქციების საფასურის, 339 799 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: სს „ი-ის“ ჩვეულებრივი სახელობითი 74 359 აქცია 669 231 ლარად მიჰყიდა ი. მ-ს. მოპასუხემ გადაიხადა ნასყიდობის საფასურის ნაწილი 329 432 ლარი და გადასახდელი აქვს 339 799 ლარი. 2007 წლის 28 სექტემბრის განცხადებაში, რომელიც დაიდო ა. ტ-ას, თ. პ-სა და ი. მ-ს შორის, მითითებულია შემდეგი: „2007 წლის 28 სექტემბერს ჩვენს შორის დაიდო შეთანხმება, რომელიც დარეგისტრირებულია რეესტრ ¹1-10522-ით. გაცნობებთ, რომ ჩვენი აღნიშნული შეთანხმების პირობა შესრულებულია, არ გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ არავითარი პრეტენზია”. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით ამოიწურა მათ შორის ყველა ვალდებულება, თუმცა ეს განცხადება მხოლოდ 2007 წლის 28 სექტემბრის შეთანხმებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე მიუთითებს და არა ბროკერთან დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე. სრულად რომ ყოფილიყო ვალდებულება შესრულებული, მაშინ 28 სექტემბრის ხელშეკრულების მითითება განცხადებაში არ გახდებოდა საჭირო, არამედ მიუთითებდნენ ბროკერთან დადებულ ხელშეკრულებას. ვალდებულება წარმოიშვა და უნდა შესრულებულიყო ბროკერთან დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. მოსარჩელემ წერილობითაც მიმართა მოპასუხე მხარეს და სთხოვა, შეესრულებინა ვალდებულება, მაგრამ მათ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნასყიდობის საფასური მთლიანად გადაიხადა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით მ. ტ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, 2007 წლის 28 სექტემბერს მ. ტ-ას მინდობილობის საფუძველზე ა. ტ-ას, თ. პ-სა და ი. მ-ს შორის დაიდო შეთანხმება, მ. ტ-ას საკუთრებაში არსებული სს „ი-ის“ 74359 სახელობითი აქციის განკარგვის უფლებით თ. პ-ისა და ი. მ-ისათვის გადაცემის შესახებ, რაც ნოტარიუსმა დაამოწმა. შეთანხმებაში მხარეებმა აქციების ნასყიდობის საფასურად განსაზღვრეს 200 000 აშშ დოლარი, საიდანაც 75000 აშშ დოლარი აქციების მყიდველს უნდა გადაეხადა იმავე დღეს, ხოლო დანარჩენი _ 10 დღის ვადაში. 2007 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების შემდეგ, შპს „საბროკერო კომპანია ბ-ას“ მეშვეობით, მხარეთა შორის დაიდო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ. ტ-ას მინდობილობის საფუძველზე, ა. ტ-ამ ი. მ-ს მიჰყიდა მ. ტ-ას საკუთრებაში არსებული 74359 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია. ხელშეკრულების დადების დროს შეიცვალა 2007 წლის 28 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა და, ხელშეკრულების ¹2.1 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა ერთი დღით, ამასთან აქციათა საერთო ღირებულებად განისაზღვრა 669,231 ლარი. მხარეთა მიერ დადასტურებულ იქნა და სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საფასურის ნაწილი – 329 432 ლარი მოპასუხემ გადაიხადა მოსარჩელისათვის საბანკო ანგარიშსწორების გზით. მოსარჩელის მიერ მოწვეული მოწმე თ. პ-ისა და ლ. მ-ის ჩვენებებით, ასევე მ. ტ-ას მინდობილი პირის – ა. ტ-ას, ი. მ-ისა და თ. პ-ის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებით დადგენილ იქნა, რომ 2007 წლის 28 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების პირობა შესრულებულია და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნდათ რაიმე პრეტენზია. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე თ. პ-მა აჩვენა, რომ 2007 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქციების საფასურის ნაწილი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე იქნა გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა - 10 დღის ვადაში ნაღდი ანგარიშსწორებით. 2007 წლის 8 ოქტომბრის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერაა. განცხადებაში დაფიქსირებული ნება პრეტენზიების არქონის თაობაზე ეხებოდა სრულ თანხას – 669231 ლარს, რაც განცხადებაზე ხელმოწერის დროისათვის უკვე გადახდილი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, ამავე კანონის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებით დადასტურებულია მ. ტ-ასათვის 2007 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქციების საფასურის სრულად გადახდის ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ ამ მტკიცებულებათა გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-ამ შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებაზე, რომლის ტექსტში მითითებულია, რომ მხარეებმა შეასრულეს 2007 წლის 28 სექტემბრის შეთანხმების პირობები, რომელიც ითვალისწინებდა 200 000 აშშ დოლარის გადაცემას აქციათა შესასყიდად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ განცხადებაში არის მითითებული, თუ რომელი ვალდებულება შეასრულა მხარემ, სააპელაციო სასამართლომ მოწმე თ. პ-ის, მოპასუხის ცოლისძმის განმარტების თანახმად, ჩათვალა რომ ი. მ-მა ვალდებულება მთლიანად შეასრულა, რომელიც გამომდინარეობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და მოიცავდა 669 231 ლარს. სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, კერძოდ, დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის ¹3კ/441-01 განჩინებაში პირდაპირაა მითითებული, რომ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სწორედ ეს გარემოება არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ, როდესაც 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადება ჩათვალა ვალის მთლიანად დაფარვის დოკუმენტად, მიუხედავად იმისა, რომ მასში აღნიშნულია 2008 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების პირობები შესრულდა, რომელიც ითვალისწინებდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას და არა 669 231 ლარის გადახდას საბროკერო კომპანიაში შედგენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებაში მითითებულია, რომ 2007 წლის 28 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 200 000 აშშ დოლარის გადახდას ითვალისწინებდა შესრულდა, ანუ მხარეთა შორის ვალდებულება მთლიანად ამოიწურა, ი. მ-მა გადაიხადა 669 231 ლარი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, გარდა ამისა, სასამართლომ მოწმის ჩვენება, რომელიც ამავდროულად არის ი. მ-ის ოჯახის წევრი (დის ქმარი), მიიჩნია ასევე უტყუარ მტკიცებულებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ტ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად უბრუნებს საქმეს, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

2007 წლის 28 სექტემბერს მ. ტ-ას მინდობილობის საფუძველზე ა. ტ-ას, თ. პ-სა და ი. მ-ს შორის ნოტარიუსის დამოწმებით დაიდო შეთანხმება, მ. ტ-ას საკუთრებაში არსებული სს „ი-ის“ 74359 სახელობითი აქციის განკარგვის უფლებით თ. პ-ისა და ი. მ-ისათვის გადაცემის შესახებ. შეთანხმებაში მხარეებმა აქციების ნასყიდობის საფასურად განსაზღვრეს 200 000 აშშ დოლარი, საიდანაც 75000 აშშ დოლარი აქციების მყიდველს უნდა გადაეხადა იმავე დღეს, ხოლო დანარჩენი _ 10 დღის ვადაში. იმავე დღეს შპს „საბროკერო კომპანია ბ-ას“ მეშვეობით, მხარეთა შორის დაიდო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ. ტ-ას მინდობილობის საფუძველზე, ა. ტ-ამ ი. მ-ს მ. ტ-ას საკუთრებაში არსებული 74359 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია 669,231 ლარად მიყიდა. ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა ერთი დღით. უდავოა, რომ ნასყიდობის საფასურის ნაწილი – 329 432 ლარი მოპასუხემ გადაიხადა მოსარჩელისათვის საბანკო ანგარიშსწორების გზით.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებით დადასტურებულია მ. ტ-ასათვის 2007 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქციების საფასურის სრულად გადახდის ფაქტი, ხოლო მოსარჩელემ ამ მტკიცებულებათა გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოპასუხის მიერ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის _ აქციების გადაცემა. ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადებასა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას 2007 წლის 8 ოქტომბრის განცხადების შინაარსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული მტკიცებულება სრულყოფილად არ გამოუკვლევია. განცხადება მოიცავს მითითებას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებაზე და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული განჩინება არ მოიცავს დასაბუთებულ დასკვნას, რომ განცხადებაში მითითებული ვალდებულების შესრულება ვალდებულების მთელ მოცულობას გულისხმობს.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს მოწმეთა ჩვენებებიც, რადგან საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას მოპასუხისა და მოწმეების ახლო ნათესაურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ამ გარემოებას კასატორი სადავოდ მიიჩნევდა სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა გასაჩივრებული განჩინებით აღნიშნული მტკიცებულებების დამაჯერებლობა და იურიდიული ძალა სათანადოდ დასაბუთებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ტ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.