Facebook Twitter

¹ას-1126-1153-2011 8 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორი _ დ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 18 ნოემბერს ნ. ა-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დ. ა-ის მიმართ ვალდებულების შესრულებისა და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 18 ნოემბერს, მას და მოპასუხე დ. ა-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მან, როგორც „გამესხებელ-იპოთეკარმა” დ. ა-ს ასესხა 5000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პროცენტი - ძირითადი თანხის 10%. სესხის პროცენტთან ერთად დაბრუნების ვადა განისაზღვრა 3 თვით - 2010 წლის 18 თებერვლამდე. სესხის გადახდა უზრუნველყოფილ იქნა ქ. ქუთაისში, ს-ის ქ.¹5-ში მდებარე მსესხებლის უძრავი ქონებით. ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, ამასთან, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იგი თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, რის გამოც ნ.ა-ე ითხოვს მოპასუხისგან ვალდებულების დარღვევით წარმოშობილი დავალიანების - 10300 აშშ დოლარის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 361-ე მუხლებზე დაყრდნობით.

მოპასუხე დ. ა-მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი ადასტურებს 5000 აშშ დოლარის სესხების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის, 6000 აშშ დოლარის, დაკისრებას, არ ეთანხმება ავადმყოფობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. ამასთანავე აღნიშნავს, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იგი კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 300 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ა-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 2010 წლის 18 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელე ნ. ა-ესა და მოპასუხე დ. ა-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; 2010 წლის 13 მაისს დ. ა-ს ჩაჰბარდა ოფიციალური გაფრთხილება დავალიანების არსებობის შესახებ; სასარჩელო განცხადების შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 700 აშშ დოლარი; 2009 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის – 5 000 აშშ დოლარის 10 %-ის ოდენობით ყოველთვიური სარგებელი შეადგენს 500 აშშ დოლარს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და განმარტა: სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის I ნაწილის, 623-ე, 625-ე მუხლების, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 427-ე მუხლის, 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 403-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოვალე, რომელიც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო რა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება, მოვალე დ. ა-ი ვალდებული გახდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამი თვის განმავლობაში კრედიტორ ნ. ა-ისათვის გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი – 500 აშშ დოლარი, სულ 1500 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაებრუნებინა ძირითადი თანხა – 5000 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის სრულად დაბრუნებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, გადაიხადა 700 აშშ დოლარი, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც დ. ა-ს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი, ისე გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში ვადაგადაცილებული დროისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი – დასაბუთებულია. ამდენად, აპელანტის მოსაზრება ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლოა.

პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც უარი ეთქვა ნ.ა-ის მოთხოვნას სარჩელის წარდგენიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის გადახდევინებაზე და განმარტა, რომ ძირითადი თანხისა და პროცენტის სრულად გადახდამდე ვალდებულება შეწყვეტილად ვერ მიიჩნევა, რაც დასაბუთებულს ხდის ნ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე (ვალდებულების სრულად შესრულებამდე) სკ-ის 403-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხისათვის ყოველთვიურად მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტის, 500 აშშ დოლარის, დაკისრების შესახებ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები და საქმეში არსებული მასალები, დაადგინა, რომ ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. ა-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისროს 2010 წლის 18 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-მა შემდეგი საფუძვლებით: კასატორმა 2009 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ისესხა 5000 აშშ დოლარი მოწინააღმდეგე მხარისაგან თვეში 10%-იანი განაკვეთით, ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 3 თვე. აღნიშნული პროცენტული განაკვეთი დ. ა-ის მითითებით, მისი ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულიად არაგონივრულია, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა პროცენტის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და არც ის, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ სამი თვის ვადით და, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლიდან გამომდინარე, პროცენტიც სწორედ ამ ვადიდან უნდა გამოთვლილიყო. კასატორმა ასევე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არსებითად დაირღვა კანონი, ვინაიდან სასამართლო გასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებს. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონი, რომლითაც დაასაბუთა გადაწყვეტილება და დაადგინა პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2011 წლის 8 ნოემბერს დ. ა-ის საკასაციო საჩივრის განხილვისას სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. დ. ა-ი თანახმაა გადაიხადოს, ხოლო ნ. ა-ე თანახმაა მიიღოს 2012 წლის 31 იანვრამდე 10.000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 25 თებერვლამდე 1000 (ათასი) აშშ დოლარი ანუ სულ დ. ა-მა ნ. ა-ეს უნდა გადაუხადოს 11000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარი ზემოთ მითითებული ვადით და პირობით.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ თანხის სრულ გადახდამდე უზრუნველყოფის ღონისძიება იპოთეკის ხელშეკრულება დარჩეს ძალაში.

3. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულება განხორციელდება იპოთეკის საგანით, კერძოდ: უძრავი ქონება ქ.ქუთაისში, ს-ის ქუჩა ¹5-ში, მიწის საკადასტრო კოდი ¹.... რომელიც ეკუთვნის დ. ა-ს აუქციონზე მიიქცევა აღსასრულებლად. იპოთეკის უზრუნველყოფის მოცულობა მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვროს 13.000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ა-სა და ნ. ა-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს მორიგება დ. ა-სა და ნ. ა-ეს შორის შემდეგი პირობით:

1. დ. ა-ი თანახმაა გადაიხადოს, ხოლო ნ. ა-ე თანახმაა მიიღოს 2012 წლის 31 იანვრამდე 10.000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 25 თებერვლამდე 1000 (ათასი) აშშ დოლარი ანუ სულ დ. ა-მა ნ. ა-ეს უნდა გადაუხადოს 11000 (თერთმეტი ათასი) აშშ დოლარი ზემოთ მითითებული ვადით და პირობით.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ თანხის სრულ გადახდამდე უზრუნველყოფის ღონისძიება იპოთეკის ხელშეკრულება დარჩეს ძალაში.

3. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულება განხორციელდება იპოთეკის საგანით, კერძოდ: უძრავი ქონება ქ.ქუთაისში, ს-ის ქუჩა ¹5-ში, მიწის საკადასტრო კოდი ¹.... რომელიც ეკუთვნის დ. ა-ს აუქციონზე მიიქცევა აღსასრულებლად. იპოთეკის უზრუნველყოფის მოცულობა მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვროს 13.000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარით.

შეწყდეს მოცემულ საქმეზე სამოქალაქო საქმის წარმოება ნ. ა-ის სარჩელისა გამო დ. ა-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხისა და სარგებლის დაკისრების თაობაზე.

გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები.

დ. ა-ს დაუბრუნდეს კახაბერ ა-ის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.