Facebook Twitter

ას-1128-1155-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს «დ-ი»

წარმომადგენელი _ ზ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება და 2011 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის არა საპატიო მიზეზით წარმოუდგელობის გამო ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სს «დ-ისათვის» 50000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მირებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს «დ-ს» ი. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50000 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს «დ-ის» წარმომადგენელმა ზ. ვ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით სს «დ-ის» წარმომადგენელ ზ. ვ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მტკიცება, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი მხარეს 2011 წლის 21 თებერვალს ჩაბარდა, შესაბამისად, შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი ვადა 4 მარტს ამოიწურა. სს «დ-ს» კი, შესაგებელი ამ ვადაში არ შეუტანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სს «დ-ის» წარმომადგენელმა ზ. ვ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მტკიცებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ კი, არ დაასაბუთა რატომ არ იზიარებდა აღნიშნულ პოზიციას. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ი. ი-მა იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ან 500 ტონა პომიდორი რეალურად მოიყვანა, სააპელაციო სასამართლოს კი, აღნიშნული არ გაუთვალისწინებია, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ან უწყება არ გაუგზავნია თავად სს «დ-ის» მისამართზე. საქმეში წარმოდგენილია სს «დ-ის» შესაგებელი, რომელიც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, გარდა ამისა, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა მითითებული სასამართლოსათვისი მისი ჩაბარების თარიღი, კერძოდ კი, 2011 წლის 14 მარტის ნაცვლად მითითებულია 15 მარტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის განხივლისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს «დ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.

იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სააპელაციო ინსტანციაში დაუსწრებელი გაადწყვეტილების გამოტანის საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით დადგენილი «ყველა სხვა შემთხვევა» კი გულისხმობს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასაც.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასმაართლოს მთავარი სხდომა. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა განჩინება, სააპელაციო საჩივრის ასლი და მიეცა ჩაბარებიდან 10 დღის ვადა შესაგებლის წარმოსადგენად. განჩინებაში განმარტებულია დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შესაძლო შედეგები.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება, სააპელაციო საჩივარი და უწყება გაეგზავნა სს «დ-ის» დირექტორს ა. პ-ეს. უწყება ასევე გაეგზავნა თავად სს «დ-ს» მხარის მიერ მითითებულ მისამართზე – მცხეთის რაიონი, სოფ. ნ-ი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული უწყება მხარეს ვერ ჩაბარდა, რადგანაც მითითებულ მისამართზე მხოლოდ მიტოვებული შენობა მდებარეობს (ტ. IV. ს.ფ. 43). რაც შეეხება ა. პ-ის გზავნილს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი 2011 წლის 21 თებერვალს ა. პ-ის დედამ, ყ. პ-ემ ჩაიბარა (ტ. IV, ს.ფ. 41).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მხიედვით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განჩინება და სააპელაციო საჩივარი მხოლოდ სს «დ-ის» დირექტორისათვის გაეგზავნა.

იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, უ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინება და სააპელაციო საჩივარი მხარეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს სს «დ-ის» შესაგებელი, რომელიც წარდგენილ იქნა 2011 წლის 14 და არა 15 მარტს, სასამართლომ კი აღნიშნული არ გაითვალისწინა.

საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი სს «დ-ისათვის» ჩაბარებულად 2011 21 თებერვლიდან ითვლება, შესაბამისად სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადა 2011 წლის 4 მარტს ამოიწურა, ამდენად, სს «დ-ის» შესაგებელი ფოსტისათვის თუნდაც 14 მარტს ყოფილიყო ჩაბარებული, ვადაში შეტანილად მაინც ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა საქმეში არსებული კონვერტი ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული შესაგებლი ფოსტას 15 და არა 14 მარტს ჩაბარდა (ტ. IV, ს.ფ. 54). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ვადის დარღვევით შეტანილ შესაგებელს ვერ გაითვალისწინებდა.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, შესაგებლის შესატანად დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად კი, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება, თუ აღნიშნული საპატიო მიზეზითაა გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში სს «დ-ს» ამგვარი მიზეზები არც შესაგებელში და არც შემდგომში აღძრულ საჩივარში არ მიუთითებია.

რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს რადგანაც საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებები გამოკვლევა-შეფასება არ ხორციელდება, არამედ სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ ითვლება დამტკიცებულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერია, შესაბამისად, მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს «დ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინება და 2011 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.