Facebook Twitter

ას-1146-1166-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «ბანკი ...» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. პ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. პ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «ბანკი ...ს» მიმართ მხარეთა შორის 2011 წლის 3 იანვარს დადებული მომსახურების ხელშეკრულების მოშლის გამო მიყენებული ზიანის _ 6050 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2011 წლის 3 იანვარს სს «ბანკ ...სა” და გ. პ-ეს შორის გაფორმდა ავტომანქანით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გ. პ-ემ აიღო ვალდებულება, მის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით გაეწია მომსახურება დამკვეთის სტრუქტურული ობიექტისათვის.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომსახურების გაწევისათვის დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა 550 ლარს.

2011 წლის 31 იანვარს სს «ბანკმა ...” მოშალა მხარეთა შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება.

სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სადავო ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ ჩათვალა ოქმი, რის თაობაზეც მოწმის სახით დაკითხულებმა ოქმზე ხელმომწერებმა აჩვენეს, რომ იგი შედგა ხელშეკრულების მოშლის შემდეგ და ხელმოწერები განხორციელდა დღის დასასრულს, როდესაც მოსარჩელე არ ესწრებოდა ოქმის შედგენას. ამდენად, მითითებული დოკუმენტი მოსარჩელეს არ წაუკითხავს და მხოლოდ მოგვიანებით, მოთხოვნის შემდეგ ჩაბარდა. პალატამ მიიჩნია, რომ გ. პ-ის მიერ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 405-ე მუხლის პირველი ნაწილის, 407-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად ბანკის მხრიდან და მოსარჩელეს ვალდებულება არ დაურღვევია.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე მიიღებდა 11 თვის მომსახურების ღირებულებასაც, რაც ერთიანობაში შეადგენს 6050 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «ბანკმა ...” გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ისევე, როგორც მომსახურების ხელშეკრულებისა და ასანაზღაურებელი ზიანის არსი.

სასამართლოს შეხედულება ზიანის ანაზღაურებისას დაუსაბუთებელია. სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, მომსახურების ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე რჩენის ვალდებულების ტოლფასი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მომსახურების ხელშეკრულება უვადო იქნებოდა. სააპელაციო პალატას მომსახურების ხელშეკრულების მოშლისას ზიანის კომპენსაციის ოდენობა უნდა გაეანგარიშებინა თანაზომიერებისა და მხარეთა კანონიერი მოლოდინის პრინციპის დაცვით. კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსაც და განმარტა, რომ პალატამ არასწორად არ გაიზიარა მოწმე მაია პავლიაშვილის განმარტება დავისადმი სუბიექტური დამოკიდებულების მოტივით მაშინ, როცა ამავდროულად დაეყრდნო თავად გ. პ-ის ჩვენებას.

გასაჩივრებული განჩინება შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «ბანკ ...ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 27 სექტემბერს გადახდილი 302,5 ლარის 70% _ 211,75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ბანკი ...ს» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს «ბანკ ...ს» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 211,75 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.