ას-1165-1185-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. შ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: 1996 წლის 17 დეკემბერს თ. ლ-მა იქორწინა ს. შ-თან. 2001 წლის 19 ივნისს კი განქორწინდა. ამჟამად მეორე ქორწინებიდან მინიჭებული აქვს გვარი _ ლ-ი. როგორც შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა მასთან ქორწინების დროს ს. შ-ი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. შ-თან. რაც მას და ს. შ-ს შორის ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხე ს. შ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: განქორწინება ზ. შ-თან შედგამეორედ დაქორწინებამდე ორი თვით ადრე, შესაბამისად არ არსებობს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ლ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. მ-ის ძე შ-ი და თ. ზ-ის ას ქ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1996 წლის 17 დეკემბრიდან. ს. შ-ს და ზ. შ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 1996 წლის 16 ოქტომბერს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომართვის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების თანახმად, ს. შ-ი და ზ. შ-ი განქორწინდნენ 1996 წლის 16 ოქტომბერს. Gგანქორწინების აქტი რეგისტრირებულია გლდანის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ს. მ-ის ძე შ-ი და თ. ზ-ის ასული ქ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1996 წლის 17 დეკემბრიდან.
პალატამ არ გაიზიარა თ. ლ-ის მოსაზრება, რომ ს. შ-თან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. შ-თანაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თ. ლ-მა ვერ უზრუნველყო სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენდა ს. მ-ის ძე შ-სა და თ. ზ-ის ას ქ-ეს შორის 1996 წლის 17 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა, შესაბამისად, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, კერძოდ, საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის შესაბამისი მუხლები. საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, დაქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელწიფო ორგანოში. ქორწინების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით, ისე მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის 43-ე მუხლით ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია ამ კოდექსის მე-14, მე-15 და მე-18 მუხლებით დაწესებული პირობები და, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისხავდა ოჯახის შექმნას (ფიქტიური ქორწინება). ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ბ) პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არა ღვიძლ დასა და ძმაა შორის, გ). მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, დ) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუუნაროდ. თ. ლ-ი ქორწინების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას და ს. შ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებოდა ზ. შ-თან. ს. შ-ი თ. ქ-ესთან ქორწინების რეგისტრაციაში გატარებისას 1996 წლის 17 დეკემბერს უკვე განქორწინებული იყო ზ. შ-თან, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარის მიერ მითითებული საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის წანამძღვრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 1996 წელს მოქმედი კანონმდებლობით, განქორწინება უნდა განხორციელებულიყო სასამართლო წესით. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ 1996 წლის გლდანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა ს. შხბაზიანის განქორწინება, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღემდე დაცული არ არის, შესაბამისად, სასამართლოს გარეშე განხორციელებული განქორწინება არ უნდა ჩათვლილიყო კანონიერად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ქორწინების ბათილად ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის უნდა დაუბრუნდეს ზურაბ ვანიშვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თ. ლ-ის დაუბრუნდეს ზურაბ ვანიშვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.