Facebook Twitter

ას-1177-1197-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ე

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღრიცხვა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ნ., გ. და კ. გ-ეების მიმართ და მოითხოვა კ. გ-ესა და გ. გ-ეს შორის 2006 წლის 24 ივლისს სანოტარო წესით გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, გ. გ-ესა და ნ. გ-ეს შორის 2010 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ კ. გ-ე არ იყო უფლებამოსილი მეუღლეთა თანასაკუთრების უძრავი ნივთის ერთპიროვნულად გასხვისებაზე, ამას გარდა, ჩუქებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსარჩელე და მისი ოჯახი და მოესპო სამემკვიდრო უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, ხოლო ნასყიდობა მოპასუხე და-ძმას შორის ბათილია, რამდენადაც იგი წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 24 ივლისს კ. გ-ესა და გ. გ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹7-ში მდებარე სახლის 1/6 წილის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 14 დეკემბერს გ. გ-ესა და ნ. გ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹7-ში მდებარე სახლის 1/6 წილის ნაწილში და მ. გ-ე აღირიცხა ქ. ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹7-ში მდებარე სახლის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

კ. გ-ე და ნ. კ-ი 1960 წლის 24 იანვრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

1993 წლის 25 იანვარს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ქუთაისში, ქ-ის ქუჩის ¹7-ში და იგი აღირიცხა კ. გ-ის საკუთრებად.

2006 წლის 24 ივლისს ეს სახლი კ. გ-ემ აჩუქა შვილს, გ. გ-ეს.

2010 წლის 14 დეკემბერს კი, გ. გ-ემ სახლი მიჰყიდა დას, ნ. გ-ეს და, ამჟამად, სახლი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ნ. გ-ის საკუთრებად.

აპელანტი, მ. გ-ე არის კ. გ-ისა და ნ. კ-ის შვილი და ნ. გ-ისა და გ. გ-ის ძმა.

ნ. კ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 5 დეკემბერს.

იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ კ. გ-ესა და ნ. კ-ს შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, ხოლო ქ. ქუთაისში, ქ-ის ქუჩის ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მათ შეიძინეს ქორწინების განმავლობაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1158.1-ე მუხლის თანახმად, სახლი იყო კ. გ-ისა და ნ. კ-ის თანასაკუთრება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის მიხედვით, თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა თანაბარი წილი, რაც ცხადყოფდა, რომ კ. გ-ეს სადავო სახლიდან ეკუთვნოდა, მხოლოდ, 1/2 წილი და 2006 წლის 24 ივლისის გარიგებით, მან, კუთვნილ წილთან ერთად გააჩუქა სხვისი ქონებაც.

ამდენად, რადგან 2006 წლის 24 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით კ. გ-ემ განკარგა სხვისი ქონება – ნ. კ-ის 1/2 წილი, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარიგება ბათილად ჩათვალა და აღნიშნა, რომ ამ გარიგებით გ. გ-ეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნამდვილი არ იყო 2010 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაც, რადგან, ამ შემთხვევაშიც, გ. გ-ემ განკარგა ის ქონება რომელიც არ ეკუთვნოდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ. გ-ისა და ნ. გ-ის მიმართ უნდა გამოყენებულიყო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფცია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან გ. გ-ე და ნ. გ-ე იყვნენ კ. გ-ისა და ნ. კ-ის შვილები, მათ უნდა სცოდნოდათ რომ მშობლები, სადავო სახლის შეიძენისას, იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, მათ, უდავოდ უნდა სცოდნოდათ, რომ განკარგულ ქონებაზე უფლებები ეკუთვნოდა ნ. კ-ს. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ისა და ნ. გ-ის მიმართ რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფციის გამოყენება, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ ნ. კ-ის უფლებები სადავო უძრავ ქონებაზე შეადგენდა მის სამკვიდრო აქტივს და, გარდაცვალების შემდეგ, ეს უფლებები მიიღეს მისი სამკვიდროს მიმღებმა პირებმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. კ-ის სამკვიდროს, ფაქტობრივად, დაუფლნენ მ. გ-ე და კ. გ-ე - ისინი ნ. კ-ის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სადავო სახლში. სამკვიდრო მიიღო ასევე გ. გ-ემაც - ნ. კ-ის გარდაცვალების დროისათვის, იგი აღრიცხული იყო ნ. კ-ის დანაშთი ქონების მესაკუთრედ და, სამართლებრივად, მართავდა მას. დანარჩენ მემკვიდრეებს ნ. კ-ის სამკვიდრო, კანონით დადგენილ ვადაში, არ მიუღიათ. ამგვარად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამკვიდროს მიმღებ თითოეულ მემკვიდრეს ნ. კ-ის სამკვიდროდან ეკუთვნოდა 1/3, ანუ სადავო ქონების 1/6 წილი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტს უფლება გააჩნდა ქონების 1/6 წილზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია გარიგებებს შეეცილოს მხოლოდ ამ ნაწილში. შესაბამისად, პალატის განმარტებით, სახლის 5/6 წილის განკარგვის ნაწილში, სადავო გარიგებები ნამდვილია, ხოლო 1/6 წილის განკარგვის ნაწილში, ნამდვილი არ არის, რის გამოც ამ ნაწილში, გარიგებები ბათილად უნდა იქნას აღიარებული.

ვინაიდან აპელანტმა მიიღო ნ. კ-ის სამკიდრო, იგი სადავო ქონების 1/6 წილის მესაკუთრეა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოთხოვნა მიღებული სამკვიდროს მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე, საფუძვლიანად მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, იცოდა თუ არა ნ. კ-მა მეუღლისგან (კ. გ-ისგან) თანაზიარი სახლის შვილისათვის _ გ. გ-ისათვის ჩუქების თაობაზე.

კასატორის აზრით, სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ფაქტობრივი იმის შესახებ, რატომ უნდა დაეჭვებულიყო ნ. გ-ე იმაში, რომ გ. გ-ე არ იყო სახლის 1/6-ის მესაკუთრე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია თუ რატომ არ ჰქონდა კ. გ-ეს უფლება გაეჩუქებინა მისი და მისი მეუღლის საკუთრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.