Facebook Twitter

ას-1200-1220-2011 30 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ტ-ე

წარმომადგენელი – ფ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. კ-ე, ე. კ-ე, მ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ტ-ემ მოპასუხების ზ. კ-ის, ე. კ-ის, მ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2-ში მდებარე 35 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობაზე ე.კ-ესა და შპს „ბ-ას“ დირექტორ მ.დ-ეს შორის 2003 წლის 22 იანვარს დადებული ხელშეკრულების და ამავე თარიღით ზ.კ-ესა და ე.კ-ეს შორის, იმავე მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლ. ტ-ის საკუთრების უფლების დადგენა სადავო უძრავ ქონებაზე, უფლების რეგისტრაცია და ქონების გამოხმობა მოპასუხის მფლობელობიდან შემდეგი დასაბუთებით: 1996 წლის 3 ოქტომბერს სამტრედიის განაშენიანების კომისიის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-ას” ნება დაერთო, სამრტედიის ¹2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე აეშენებინა 10 კვ.მ ფართის მაღაზია. 2000 წლის 6 მარტის თანხმობის ხელწერილით შპს ,,ბ-ას” დამფუძნებლები ადასტურებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ქ.სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2-ში მდებარე შპს ,,ბ-ას” ბალანსზე რიცხული შენობა ზ. კ-ის თანხითა და საშუალებით აშენდა. შპს ,,ბ-ას” დამფუძნებლებს: ი.დ-ეს, მ. დ-ესა და ც.ლიპარტიას რაიმე პრეტენზია არ აქვთ, რომ ეს შენობა გაფორმდეს ზ. კ-ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივნისის ცნობით, შპს ,,ბ-ას” წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას გააჩნია კონკრეტული ქონება და საკუთარი ბალანსი, თუმცა ქ.სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2-ში მდებარე შენობა- ნაგებობაზე, როგორც ქონების შემადგენელზე არაფერია ნახსენები, ამით დასტურდება, რომ თითქოს მაღაზია მოპასუხის საკუთრებაა, სინამდვილეში კი, მოსარჩელის სახსრებით აშენდა და მისი საკუთრებაა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ლ.ტ-ეს არასდროს ჰქონია საკუთრების ან სხვაგვარი მართლზომიერი მფლობელობის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით, ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამტრედიის განაშენიანების კომისიის 1996 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „ბ-ას“ ნება დაერთო ჭ-ას ქ.¹2-ში, სამტრედიის ¹2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე 10 კვ.მ მაღაზიის შენობის აშენებაზე. შპს „ბ-ას“ დამფუძნებელმა პარტნიორებმა 2000 წლის 6 მარტს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წერილით დაადასტურეს, რომ შპს „ბ-ას“ ბალანსზე რიცხული სამტრედიაში, ჭ-ას ქ. ¹2-ში მდებარე შენობა აგებულია ზ. კ-ის მიერ, საკუთარი თანხებითა და საშუალებით და ყველა პარტნიორი თანახმა იყო, ზ. კ-ის საკუთრებაში მის გაფორმებაზე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ზ.კ-ე ცნობილ იქნა სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2-ში ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული შენობის მესაკუთრედ, საკუთრების განუყოფელი უფლებით, რაც საფუძვლად დაედო უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. 2003 წლის 22 იანვრის მდგომარეობით, ქ.სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2- ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარედ, 35 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია შპს „ბ-ას“ საკუთრების უფლება, ამავე დროს ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულ შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია ზ.კ-ის საკუთრების უფლება. 2003 წლის 22 იანვარს, მოპასუხე მ.დ-ემ, როგორც შპს „ბ-ას“ დირექტორმა, სანოტარო ხელშეკრულებით, ნასყიდობის წესით, საკუთრებაში გადასცა მიწის ნაკვეთი ე.კ-ეს. და უძრავი ქონება აღირიცხა ე.კ-ის სახელზე. 2003 წლის 22 იანვარს, მოპასუხე ზ.კ-ემ ნასყიდობის სანოტარო ხელშეკრულებით შენობა-ნაგებობა გადასცა მოპასუხე ე.კ-ეს და ნასყიდობის საგანი აღირიცხა ე.კ-ის სახელზე. მოპასუხე ე.კ-ე ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას. სადავო უძრავ ნივთებზე, მოსარჩელე ლ.ტ-ეს საკუთრების უფლება არასდროს წარმოშობია და ხელშეკრულებიდან ან სხვა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე მფლობელობა ამ ქონებაზე არ განუხორციელებია.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოცემული დავის სამართლებრივიAშეფასება სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 185-ე მუხლებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე ლ. ტ-ე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ სამტრედიაში, ჭ-ას ქ.¹2-ში ავტოსადგურის მიმდებარედ არსებული შენობასა და მიწის ნაკვეთზე გააჩნდა კანონით დადგენილი რომელიმე საფუძვლით საკუთრების უფლება და მოპასუხეთა უკანონო მოქმედებით ილახებოდა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები. ვინაიდან მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების არსებობას არ წარმოუდგენია, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

პალატამ არ გაიზიარა ლ. ტ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1996 წელს, უძრავი ნივთის მშენებლობაზე ხარჯების გაწევით შეიძინა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, და განმარტა, რომ ასეთი წესით საკუთრების უფლების წარმოშობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებით: შპს „ბ-ას“ საკუთრებას სადავო ქონება არ წარმოადგენდა. მართალია, სადავო შენობა ზ.კ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, მაგრამ ზ.კ-ემ გამორიცხა რეესტრის ჩანაწერის სიზუსტე და მისი საკუთრების უფლება სადავო შენობაზე. ის წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს, რასაც ზ. კ-ე სარჩელის ცნობით ადასტურებს, აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია. სადავო შენობის კ-ის სახელზე გაფორმების თაობაზე შპს „ბ-ას“ მიერ გამოვლენილი ნება არაა ნამდვილი, რადგან შპს „ბ-ა“ არ ყოფილა სადავო შენობის მესაკუთრე. შპს „ბ-ას“ დამფუძნებლის 2000 წლის 6 მარტის თანხმობის ხელწერილით, შენობა არაა შპს-ს საკუთრება. კ-ის მიერ გამოვლენილი ნება კ-ის სახელზე ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემის შესახებ არაა ნამდვილი, ვინაიდან, აღნიშნული არის ფიქტიური, მოჩვენებითი, რის გამოც ეს ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის I ნაწილზე დაყრდნობითაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შემძენის არაკეთილსინდისიერება და სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 170-ე და 183-ე მუხლების გამოყენების კანონიერება. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის კანონირების საკითხთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებს არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ის დაუბრუნდეს ალექსანდრე ტ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ლ. ტ-ის დაუბრუნდეს ალექსანდრე ტ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.