Facebook Twitter

ას-1203-1223-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 13 იანვარს ხონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებამ მოპასუხე ა. ებრუმიას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მისი არასრულწლოვანი შვილის, გ. ა-ას მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევა (ს.ფ. 2-12).

ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 109-113).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილებამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 115-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა-ას ჩამოერთვა 2010 წლის 14 ივლისს დაბადებული გ. ა-ას მიმართ მშობლის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ა. ა-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით, კერძოდ, არასრულწლოვანის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით მას შეეფარდა 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

გ. ა-ა იმყოფება სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში;

მახინჯაურის ბავშვთა სახლის უფროსის წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ ა. ა-ა მუდმივად აკითხავს შვილს, დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაწესებულების ხელმძღვანელობასთან იმყოფება მუდმივ სატელეფონო კავშირში;

ა. ა-ა ცხოვრობს ხონში, ჭ-ის ქ.¹2/26-ში დედასთან, გულიკო როსტობაიასთან ერთად;

ა. ა-ა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;

ა. ა-ა არის ჯანმრთელი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა კაბინეტში აღრიცხვაზე არ იყოფება. (შპს “ე-ეს” ს.ფ.56)

ა. ა-ა ფსიქიკური ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის დისპანსერულ განყოფილებაში აღრიცხვაზე არ იმყოფება;

სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ ა. ა-ას შვილი _ გ. ა-ა დაიბადა 2010 წლის 14 ივლისს და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების 2010 წლის 4 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულ იქნა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე არასწორად განმარტა 1206-ე მუხლი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება: მშობლის უფლების მოვალეობის შესრულებისათვის სისტემატიურად თავის არიდება, ბავშვის მიმართ უხეშად მოქცევა, ამორალური საქციელით უარყოფით გავლენის მოხდენა. გარდა ამისა, ა. ა-ა არ არის ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას, ხოლო ის გარემოება, რომ ნასამართლევია ჩვილის მიმართ უკანონო გარიგებაში, კერძოდ გაყიდვაში შვილად აყვანის მიზნით, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმების საფუძველი.

ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინაღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი ადგენს მშობლის ქცევის წესების ზოგად მორალურ და იდეურ პრინციპებს, რომელთა შინაარსშიც მთელი სისრულით ვლინდება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით მორალის პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების რეალიზაცია უნდა დაედოს შვილების აღზრდას, თუმცა იმავდროულად უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები. კანონი აწესებს რა მშობლების ძირითად უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, ამავე დროს ადგენს მათი განხორციელების საზღვრებს. არ შეიძლება მშობლის უფლება-მოვალეობათა გამოყენება შვილების ინტერესების საწინააღმდეგოდ. შვილების ინტერესებში იგულისხმება მათ აღზრდასთან დაკავშირებული ყველა ინტერესი, რაც გამომდინარეობს ზნეობისა და კანონის მოთხოვნებიდან. მშობლების მხრიდან შვილების ინტერესების საწინააღმდეგო ქცევა გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი ადგენს ქცევების ზოგად ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მშობლის უფლება-მოვალეობათა ჩამორთმევა, თუმცა არ იძლევა განმარტებას, თუ რა შეიძლება იყოს ამორალური საქციელი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამორალური ქმედება ეს არის ქცევის ისეთი გამოვლინება, რომელიც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო ქმედება. ზნეობრივი ნორმების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია სულიერი სიკეთე, რომელიც განუყოფლად უკავშირდება პიროვნებას. ამ კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ უფლებებს, რომლებიც გამოხატავენ ადამიანის ინდივიდუალურობას, ასევე პირადი ხელშეუხებლობის უფლებას და სხვ. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ ა. ა-ას მხრიდან არა მხოლოდ მშობლის მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდებას ჰქონდა ადგილი, არამედ მის მიერ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული _ არასრულწლოვანის გაყიდვა, რაც საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც ზნეობრივი ნორმების საწინააღმდეგო, ამორალური ქმედება.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას ა. ა-ა ცხოვრობდა ხონში, ჭ-ის ქ.¹2/26-ში დედასთან, გულიკო როსტობაიასთან ერთად, ნარკოლოგიურ და ფსიქიკური ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის დისპანსერულ განყოფილებაში აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, იყო ჯანმრთელი, კანისა და ვენერიულ სნეულებათა კაბინეტში აღრიცხვაზე არ იყოფებოდა, ანუ სარჩელის წარდგენის დროისათვის მისი მდგომარეობა ისეთივე იყო, რაც დანაშულის ჩადენის დროს. ვინაიდან, ა. ა-ამ სრულწლოვანმა, ჯანმრთელმა, საღ გონებაზე მყოფმა, დაქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენის გამო მშობლების მხრიდან განაწყენებისა და საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე განიზრახა მისი, როგორც ნივთის გასხვისება, რაც განახორციელა კიდეც, ანუ ბავშვის ინტერესებზე მაღლა თავისი დააყენა, ამ მოქმედებამ სასამართლოს შეუქმნა რწმენა, რომ არასრულწლოვანთან მიმართებაში მას არ გააჩნია გონივრული განსჯის უნარი და ქცევის კონტროლი. რამდენადაც ბავშვის აღზრდა სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაძლოა პრობლებელის წარმოშობის შემთხვევაში, ა. ა-ამ განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის ბავშვის სიცოცლეს, ჯანმრთელობას და კანონით დაცულ რომელიმე უფლებას. ამრიგად, რომ არ განეხორციელებინა ბავშვის საზიანო მოქმედებები, მცირეწლოვანი გ. ა-ას ბიოლოგიურ მშობელთან, დედასთან თანაცხოვრება მიზანშეუწონელი იყო. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ა. ა-ას აქვს სირთულეების დაძლევის უნარი, მოვლენებს აღიქვამს რეალურად _ დაუსაბუთებელი იყო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ამორალური ქმედების ჩადენის გამო, ა. ა-ასათვის 2010 წლის 14 ივლისს დაბადებული გ. ა-ას მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე იყო დასაბუთებული.

მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) ა. ა-ას მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებისათვის დაუწესდა რა სასჯელი, აღარ არსებობდა მშობლის უფლების ჩამორთმევის აუცილებლობა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, შემდეგი გარემოებების გამო:

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენენ უმაღლეს ფასეულობებს, რომელთა აღიარება, განხორციელება და დაცვა სახელმწიფოს ეკისრება. დემოკრატიული სახელმწიფოს კანონშემოქმედებითი მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სამართლებრივი ნორმების შემუშავება, რომლებიც ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოებისათვის მისაღებ კანონიერ საფუძველს უქმნის. სართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია «ბავშვის უფლებათა შესახებ” და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა. მათ მიმართ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას შეესაბამება თუ არა ეს მოქმედება ბავშვის ინტერესს. ბავშვის ინტერესების დაცვისას სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში აღიარა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი იქნებოდა ბიოლოგიური მშობლისაგან მისი მოცილება და ალტერნატიული მზრუნველობის ქვეშ გადაცემა, თუკი ასეთი მოცილება, მისი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა და უკეთესობა მკაფიოდ არის გამოკვეთილი;

საქართველო აღიარებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და სხვა ფუძემდებულურ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, «ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციაზე სხვა ხელმომწერმა სახელმწიფოებმა, მიიჩნიეს, რომ ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად, ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება, თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან. აღნიშნული კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა კონვენციის ფარგლებში მიიჩნიეს, რომ პრევენციის მიზნით გამოყენებული ყოფილიყო ისეთი საშუალებები როგორიცაა: საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება მედიის და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც მათ ეკისრებათ მოთხოვნის, როგორც ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზის განსაზღვრაში. დადგინდა, რომ თითოეული მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას, დამამძიმებელ გარემოებებად მიჩნეულ იქნას... დანაშაული ჩადენილი ბავშვის წინააღმდეგ, ამასთან მსხვერპლი ბავშვის მიმართ გატარდეს სპეციალური დაცვითი ზომები ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანის გაყიდვაში დამნაშავე მშობლისათვის შვილის (მსხვერპლის) დაბრუნება ვერ გამოიწვევდა ბავშვის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას. გარდა ამისა, დამნაშავე პირისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევას ამავდროულად პრევენციული ხასიათიც აქვს, რადგან დამნაშავე პირმა უნდა ივარაუდოს, რომ მსგავს შემთხვევაში მისთვის სასურველი შედეგი არ იქნება (ს.ფ. 158-170).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი. ამ მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ბავშვის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი.

სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი აგებულია იმაზე, რომ მოპასუხისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან, რადგან მან ბავშვი გააშვილა მშობლების მხრიდან განაწყენებისა და საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის თავიდან აცილების მიზნით, რომ ა. ა-ამ ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე განიზრახა მისი, როგორც ნივთის გასხვისება, რაც განახორციელა კიდეც. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია. ხონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ა. ა-ას ეკონომიური სიდუხჭირის გამო ბავშვის გაზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და გადაწყვიტა გაშვილების მიზნით ახალშობილის გაყიდვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სხვაგვარად დადგინდა, რაც დაეფუძნა გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ლ.ფერცულიანის მიერ მოსარჩელის მშობიარობის თანხა გადახდა გამოძიებამ შეაფასა ბავშვის გაყიდვად. ლ.ფერცულიანი თანახმა იყო, რომ კასატორს ბავშვთან ურთიერთობა ჰქონოდა. მოსარჩელეს სხვა რაიმე თანხა არ აუღია, რაც დადგენილია განაჩენით.

კასატორი განმარტავს, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ამჟამად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, მისი ცხოვრების წესი შეესაბამება მორალის ნორმებს, შვილთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ბავშვის გაშვილება მოუხდა ბავშვისავე ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან იმ დროისათვის მას არ გააჩნდა ბავშვის გამოკვების საშუალებაც კი. ამჟამად, კასატორის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა (ს.ფ. 173-181).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ა. ებრუმიას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ა-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ა. ა-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.