Facebook Twitter

¹ბს-1439-1014(კ-05) 8 თებერვალი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ პრემიის სახით მისაღები თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 30 მარტს გ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და პრემიის სახით მისაღები თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994 წლის იანვარიდან მუშაობდა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტში.

საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1993 წლის 29 მარტის ¹53 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო სისტემაში უნდა განხორციელებულიყო სტრუქტურული რეორგანიზაცია და სახელმწიფო მომსახურეთა საშტატო რიცხოვნობის შემცირება.

ფაქტობრივად კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 2000 წლის 5 თებერვალს შედგა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შემცირებისა და რეორგანიზაციის უზრუნველყოფის კომისიის სხდომა. სხდომის დღის წესრიგი იყო: აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შემცირება და რეორგანიზაცია, სხდომის დადგენილებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი ერთი წლის ვადით, ხოლო რაც შეეხება რეორგანიზაციას, მოსარჩელის განმარტებით, სხდომის ოქმში მასზე არაფერია ნათქვამი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წლის 5 თებერვლის დადგენილება არ შესრულებულა, ვინაიდან აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 23 თებერვლის ¹პ-10 ბრძანებით, აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის _ ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის 2000 წლის წლის 21 იანვრის ¹8 განკარგულების შესაბამისად, აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 მარტიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ყველა თანამშრომელი.

მოსარჩელის მოსაზრებით, 2000 წლის 1 მარტის კონტრაქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ გაუგებარია, 2000 წლის 1 მარტიდან იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კონტრაქტის საფუძველზე თუ ითვლებოდა შტატით მომუშავე მუშაკად, ვინაიდან კონტრაქტში მითითებულია, რომ «მუშაკებს ხელფასი განესაზღვროთ საშტატო განრიგით".

აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2004 წლის 12 იანვრის ¹01-6 წერილით, წინადადება მიეცათ ქ. ბათუმისა და რაიონების საგადასახადო ინსპექციებს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კანონმდებლობის სრული დაცვით, მუშაკები გაეფრთხილებინათ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე მან გაფრთხილების ხელწერილი მიიღო საგადასახადო დეპარტამენტში, რომლითაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან, მას სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობა არა ორი თვით, არამედ ერთი კვირით ადრე. მოსარჩელის მითითებით, მისი სამუშაოდან დათხოვნისას ადმინისტრაციის მხრიდან ასევე დარღვეულია შკკ-ის 37-ე მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული კანონშეუსაბამო ბრძანების საფუძველზე ის საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლად აღარ ითვლება, მასთან დღემდე არ მომხდარა ანგარიშსწორება, რის შედეგადაც, მოსარჩელის მითითებით, მისთვის გადასახდელმა თანხამ შეადგინა 7250 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა: ბათილად ყოფილიყო ცნობილი აჭარის ა/რ საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 23 თებერვლის ¹პ-10 ბრძანება და ამავე დეპარტამენტის 2004 წლის 5 თებერვლის დადგენილება; მას 2000 წლის 1 მარტიდან მუშაობა ჩათვლოდა საშტატო განრიგით მუშაობად; მომხდარიყო მისი სამუშაოზე აღდგენა და მიუღებელი პრემიის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია და საქმე განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ამასთან, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად გამოიყენა და განმარტა გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლების მოთხოვნები.

აქვე აპელანტმა მიუთითა, რომ საპრემიო თანხის _ 7280 ლარის მოთხოვნაზე მტკიცეულებების წარმოდგენა უნდა დავალებოდა მოპასუხეს, რის გამოც საპრემიო თანხის გაცემაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლთაც გ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საგადასახადო ინსპექციას გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი პრემია _ 2556 ლარის ოდენობით და ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 200 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუშაკმა სასამართლოში ერთი თვის ვადაში უნდა გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება და აგრეთვე, მოქმედება. გ. ხ-მა კი მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აჭარის ა/რ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს 2004 წლის 10 თებერვლის ¹10-პ ბრძანება გაასაჩივრა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და მის აღდგენაზე რაიმე საპატიო მიზეზი არ გააჩნია.

რასც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მიუღებელი პრემიის 7280 ლარის ანაზღაურებაზე, აღნიშნული დაკმაყოფილდა მხოლოდ 2556 ლარის ნაწილში, იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, აპელანტის სახელზე პრემიის სახით გამოწერილი იყო მხოლოდ 2556 ლარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2000 წლის აპრილში საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტმა აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გადმორიცხა 3.4 მილიონი ლარი, რომელიც უნდა განაწილებულიყო პრემიის სახით საგადასახადო დეპარტამენტის მუშაკებზე. გ. ხ-ს, როგორც აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექტორს, პრემიის სახით 1999 წლის იანვარ-ივლისის თვის შედეგების მიხედვით დაერიცხა 2556 ლარი, საიდანაც 2000 წლის 29 მაისს მიიღო 910 ლარი, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი მან საკუთარი ნებით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, გადარიცხა «აჭარის აღმშენებლობისა და დემოკრატიის განვითარების ფონდში”, რაც დასტურდება მის მიერ ოქმზე გაკეთებული ხელმოწერით.

კასატორის განმარტებით, გ. ხ-ის განცხადება, რომ მან თავისი კუთვნილი პრემიის ნაწილი გადარიცხა ფონდში საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობის ზეწოლის შედეგად ან მისი ნების წინააღმდეგ, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან, გ. ხ-ის მიერ კუთვნილი პრემიის გადარიცხვის თანხმობაზე ხელის მოწერიდან 2 თვის შემდეგ აჭარის ა/რ საგადასახადო დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელი რ. რ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან. იმ დროისათვის საპრემიო თანხების საკითხი ჯერ კიდევ საბოლოოდ არ იყო გადაწყვეტილი. გ. ხ-ს შეეძლო მასზე ზეწოლის საკითხები დაეყენებინა შესაბამის ორგანოში და მოეთხოვა მისი მიღება.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ ასევე გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადაც, სადაც მითითებულია, რომ «იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს 1 წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან".

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას ბათუმის საგადასახადო ინსპექციისათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ 2556 ლარის და ადვოკატის მომსახურებისათვის 200 ლარის დაკისრების ნაწლში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გ. ხ-ის მიერ არ გასაჩივრებულა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების პროცესუალურ უფლებამოსილებას.

რაც შეეხება კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო პრეტენზიას მიუღებელი საპრემიო თანხის გაცემის ნაწილში, საკასაციო სასამართლო პრეტენზიას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებზე, განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ხ-ს არ მიუღია საპრემიო თანხა 2556 ლარის ოდენობით. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კასატორის მიერ წარმოადგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც საკასაციო სასამართლო იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, ეჭვქვეშ დააყენოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება და თავის მხრივ, დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ს მითითებული თანხა არ მიუღია.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო(ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

იმავე კანონის 14.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს მისი დათხოვისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი შემოიფარგლება ზოგად გარემოებებზე მითითებით და კასატორი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში ვერ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზია, ამასთან ვერ უთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო სასამრთლო საკასაციო პრეტენზიას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.