Facebook Twitter

ას-1210-1230-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჟ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჩ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჯ-ას, ი. ც-ის, ჟ. ბ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1939 წლიდან მ. ჩ-ი და დედა ლ. ჩ-ი, რომელიც გარდაიცვალა 2006 წელს, ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, დ-ის ქუჩა ¹42-ში. ლ. ჩ-ის ერთად მემკვიდრეა მ. ჩ-ი რომელზედაც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. მ. ჩ-ის მამის გვარია გ-ი, მშობლები განქორწინებული იყვნენ. მან 1962 წელს გვარი გ-ი შეიცვალა ჩ-ით. ოჯახი ფლობს 9 კვ.მ-სა და 21 კვ.მ-ს, რომელიც ავარიული იყო და ჩაუტარეს რეკონსტრუქცია. საცხოვრებელი სადგომები მდებარეობს იტალიურ ეზოში და წარმოადგენს 4 სუბიექტის საკუთრებას. 4 პირიდან სამ მესაკუთრეს თანხმობა აქვთ გაცემული საკუთრების უფლების მ. ჩ-ის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. მ. ჩ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ფასია 29185 ლარი, მათ მიერ გაუმჯობესებული საცხოვრებელი სადგომის ფასი - 19338 ლარია ხოლო თავდაპირველ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის 9 კვ.მ-ის ფასია 5376 ლარი.

ჟ. ბ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა ქ. თბილისში, დ-ის ქ. ¹42-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე Mმ. ჩ-ის მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.

მ. ჩ-ი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) დაეთანხმა ჟ. ბ-ის მოთხოვნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებითMმ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების: ე. ჯ-ას, ი. ც-ის, ჟ. ბ-ისა და თ. ი-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ჩ-ს დაეკისრა მოპასუხეების - ე. ჯ-ას, ი. ც-ისა და თ. ი-ას სასარგებლოდ თანაბარწილად მის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, დ-ის ქ. ¹42-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25 % - ის 3/4 ნაწილის ღირებულების 4633.87 ლარის გადახდა, დადგინდა, რომ თანხის გადახდის შემდეგ საცხოვრებელი სადგომის ¾3/4 ნაწილი საკუთრების უფლებით მ. ჩ-ის სახელზე აღირიცხება.Mმ. ჩ-ის მოთხოვნა 24.30 კვ.მ მიწის ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე არ დაკამაყოფილდა. ჟ. ბ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჟ. ბ-ეს დაეკისრა მ. ჩ-ის სასარგებლოდ მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75% - ის ¼ 1/4 ნაწილის 4 633.87 ლარის გადახდა, თანხის გადახდის შემდეგ მ. ჩ-ის მფლობელობა მის მიერ დაკავებული ქ. თბილისში, დ-ის ქ. ¹42-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/4¼ ნაწილზე შეწყდება და გადაეცემა ჟ. ბ-ეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისში, დ-ის ქ. ¹42-ში მდებარე უძრავი ნივთი ე. ჯ-ას, ი. ც-ის, ჟ. ბ-ისა და თ. ი-ას თანასაკუთრებაა, თ. ი-აზე ქონება აღრიცხულია ტექბიუროს მონაცემებით. თითოეულის წილი შეადგენს ¼1/4 ნაწილს. მ. ჩ-ი საცხოვრებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. მ. ჩ-ს, ე. ჯ-ას, ი. ც-ის, ჟ. ბ-ისა და თ. ი-ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში დაკავებული აქვს 30.76 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი, საიდანაც ¹1 შენობა-ნაგებობის ფართია 21.02 კვ.მ, ხოლო ¹2 შენობა-ნაგებობის - 9.74 კვ.მ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის 2010 წლის 27 ივლისის დასკვნის მიხედვით ¹1 შენობა-ნაგებობის ფართის 21.02 კვ.მ საბაზრო ღირებულება 2010 წლის ივლისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 19 338 ლარს, ხოლო ¹2 9.74 კვ.მ შენობა-ნაგებობის. საბაზრო ღირებულება 2010 წლის ივლისის მდგომარეობით - 5 376 ლარს, სულ, 24 714 ლარს, რომლის 25 % არის 6 178.5 ლარი, ხოლო 75 % არის 18 535.5 ლარი. ჟ. ბ-ე თანახმაა, მ. ჩ-ს გადაუხადოს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%, რაც დასკვნის მიხედვით 18 535.5 ლარია.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ოთხი თანამესაკუთრიდან სამ თანამესაკუთრეს: ე. ჯ-ას, ი. ც-სა და თ. ი-ას არ მოუთხოვიათ მ. ჩ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომის განთავისუფლება. ასეთ ვითარებაში, მოსარგებლეს შეუძლია ფართის მხოლოდ იმ ნაწილზე მოიპოვოს საკუთრების უფლება, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირიცხება ე. ჯ-აზე, ი. ც-სა და თ. ი-ას სახელებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, დ-ის ქ.¹42-ში მდებარე უძრავი ქონებაზე ე. ჯ-ას, ი. ც-ის, ჟ. ბ-ისა და თ. ი-ას თანასაკუთრების უფლება რეალურ წილებში განსაზღვრული არ არის, ხოლო თითოეული მათგანის იდეალური წილი შეადგენს მთლიანი უძრავი ქონების ¼ ნაწილს.

აპელანტის განმარტება, რომ იგი თანახმაა, გადაიხადოს საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75% და მოსარგებლემ მთლიანად უნდა გაათავისუფლოს სადგომი, რადგან ასეთ შემთხვევაში, წარმოიშობა სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით განსაზღვრული სოლიდარული ვალდებულება და მნიშვნელობა არა აქვს იმას, დანარჩენი თანამესაკუთრეები თანახმა არიან თუ არა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთო საკუთრებას. საკუთრების აღნიშნული ფორმა მხოლოდ იმის მაუწყებელია, რომ ქონება ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს და, შესაბამისად, თითოეული მათგანი მიიჩნევა ამ ქონების თანამესაკუთრედ. კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი, რომელიც იდეალური წილის სახით წინასწარაა ცნობილი მთლიან ქონებაში, ისე რომ ამ წილის განკარგვა თითოეულ მესაკუთრეს დამოუკიდებლად შეუძლია. ე. ჯ-ას, ი. ც-ისა და თ. ი-ას არ აღუძრავთ სარჩელი მ. ჩ-ის მიმართ და არ მოუთხოვიათ მოსარგებლისათვის საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მოსარგებლე მ. ჩ-ს მხოლოდ იმ ფართზე წარმოეშვა თანხის გადახდის სანაცვლოდ საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა, რომელზედაც ვრცელდება ე. ჯ-ას, ი. ც-ისა და თ. ი-ას საკუთრების უფლება. ამ ფართს კი, წარმოადგენს მთლიანი საცხოვრებელი სადგომის 3/4¾ ნაწილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოიცავდა არა მხოლოდ მის კუთვნილ 1/4¼ ნაწილს, არამედ ითვალისწინებდა დანარჩენ თანამესაკუთრეთა კუთვნილ წილებსაც. სააპელაციო სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ დანარჩენ თანამესაკუთრეებს ე. ჯ-ას, ი. ც-ისა და თ. ი-ას რაიმე პრეტენზია არ წამოუყენებიათ, როგორც საქმეში მონაწილე პირებს, არამარტო მ. ჩ-ის სარჩელის მიმართ, არამედ ჟ. ბ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნვის მიმართაც. თუ კი თანამოპასუხეები არიან სავალდებულო თანამონაწილეები პროცესუალური თვალსაზრისით დავის საგნის მიმართ მათი საერთო უფლებიდან გამომდინარე, მაშინ უსაფუძვლოა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილება საერთო უფლების მქონე სუბიექტთა, როგორც საზიანო საგნის მოწილეთა წილების შესაბამისად და ამის შედეგად ერთ-ერთი მოწილის ინტერესის უგულებელყოფა საზიარო საგნის მიმართ, ხოლო, თუ თანამოპასუხეები წარმოადგენენ არასავალდებულო თანამონაწილეებს, მაშინ საქმის განხილვისას დღის წესრიგში უნდა დასმულიყო მოპასუხეთა მიმართ შესაგებლის წარმოუდგენლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების სახით თითოეული მოწილის კუთვნილ წილთან მიმართებაში. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებული სპეციალური სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილ ურთიერთობას, რასაც საფუძვლად უდევს საცხოვრებელი სადგომის კანონიერი სარგებლობა მითითებული კანონით გათვალისწინებულ პირობათა ერთდროული არსებობისას. განსახილველი სადავო ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულების მაგალითს და მოიცავს სწორედ ამ ურთიერთობის ყველა მომენტს. ეს ურთიერთობა წარმოშობილია კანონის საფუძველზე. კასატორი, როგორც ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ისეთი შესაგებელი, რომლის უფლებაც საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის და ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს და მას უჩნდება უკუ მოთხოვნის უფლება, როგორც სოლიდარული ვალდებულების შემსრულებელ მოვალეს, დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე. სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 476-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საერთო უფლების ერთ-ერთი სუბიექტის მიერ ანაზღაურების გადახდის ვალდებულება წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულების კონკრეტულ შემთხვევას და ვალდებულების შესრულება ათავისუფლებს დანარჩენ თანამესაკუთრეებს მისი შესრულებისაგან. გასაჩივრებულ განჩინებაში სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეფასება არ ემყარება მოქმედი კანონმდებლობის მართებულ ანალიზს და მისი არასწორი შეფასების საფუძველზეა გამოტანილი დასკვნები მათი ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მოწესრიგება უნდა განეხორციელებინა სწორედ საკასაციო საჩივარში მთითებულ კანონის ნორმათა მოშველიებითა და გათვალისწინებით და არა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მშრალი მითითებით, რომელიც თავისი შინაარსის სხვადასხვა ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას პოულობს კანონმდებლობის სხვა ნორმებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია საცხოვრებელი სადგომზე მესაკუთრედ ცნობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ეს დაუბრუნდეს თ. გ-ის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ჟ. ბ-ეს დაუბრუნდეს თ. გ-ის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.