საქმე # 200100119003126244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№172აპ-22 ქ. თბილისი
ფ. გ., 172აპ-22 11 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, გ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“, ,,კ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 124-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ზ-მა სასამართლოს არ მისცა გ. ფ-ს საწინააღმდეგო ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - ე. ფ-ს, ა. ტ-ს, გ. ფ-ს, ი. ს-ს, დ. გ-სა და გ. ჩ-ს ჩვენებებითა და თ. ბ-ს, ზ. ა-სა და ნ. ე-ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დასტურდება გ. ფ-ს ბრალეულობა.
2. გამართლებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ. საკასაციო შესაგებლით ითხოვს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ფ-ს ბრალად დაედო სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. გ. ფ. 2019 წლის 16 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით არასრულწლოვანი შვილის - ბ. ზ-ს თანდასწრებით, სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდა არასრულწლოვანი მეუღლის - მ. ზ-ს მიმართ, რის შედეგადაც მ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. კერძოდ, 2019 წლის 16 ივნისს, დღის საათებში, გ. ფ-მა მეუღლეს - მ. ზ-ს .. ორჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა მხრის არეში. 2019 წლის 23 ივნისს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, .. მ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში, გ. ფ-მა მეუღლეს - მ. ზ-ს, არასრულწლოვანი შვილის, 1 წლის ბ. ზ-ს თანდასწრებით, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხრის არეში, ბალიში დააფარა სახეზე და არ აძლევდა ყვირილის საშუალებას. 2019 წლის 27 ივნისს, .. გ. ფ-მა მ. ზ-ს არასრულწლოვანი შვილის - ბ. ზ-ს თანდასწრებით, ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში. იმავე დღეს, დღის საათებში, .. გ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. ფ-მა მ. ზ-ს, რომელსაც ხელში ეჭირა არასრულწლოვანი შვილი - ბ. ზ., ხელი დაარტყა შუბლის არეში და ბავშვთან ერთად წააქცია. თითოეული ძალადობრივი ქმედების დროს მ. ზ. განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
3.2. 2019 წლის მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით გ. ფ. არასრულწლოვანი შვილის, 1 წლის ბ. ზ-ს თანდასწრებით, არასრულწლოვან მეუღლეს - მ. ზ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ. ზ. მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
3.3. 2019 წლის 27 ივლისს, საღამოს საათებში, .. გ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ. ფ-მა თავის მცირეწლოვან შვილს - ბ. ზ-ს გაუფრთხილებლობით მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, გ. ფ-მა მ. ზ-ს, რომელსაც ხელში ეჭირა მათი არასრულწლოვანი შვილი - ბ. ზ., ხელი ძლიერად დაარტყა შუბლის არეში, რა დროსაც მ. ზ. ბავშვთან ერთად წაიქცა. დაცემის შედეგად ბ. ზ-ს მოსტყდა ფეხი, რითაც მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
4. გ. ფ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 124-ე მუხლით.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით გ. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 124-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, გ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ. ფ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,კ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 124-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა; დაზარალებულმა მ. ზ-მა და მოწმეებმა - ი. ფ-მა და ნ. ჟ-მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციისა და ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; აღსანიშნავია, რომ გ. ფ-სათვის 2019 წლის 16 ივნისსა და 2019 წლის 27 ივნისს ბრალად შერაცხულ ძალადობებთან მიმართებით ბრალდების მხარეს სასამართლოში არცერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია; 2019 წლის 23 ივნისს ბრალად შერაცხულ ძალადობასთან მიმართებით საყურადღებოა, რომ მოწმე მ. ფ-მა ნამდვილად გაიგონა ღამით სტუმრების ოთახიდან ტირილისა და ყვირილის ხმა, რომელიც მალევე შეწყდა, მაგრამ მისი ჩვენება გ. ფ-ს მხრიდან მ. ზ-ზე ძალადობასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მოწმეების - თ. ბ-ს, ე. ფ-ს, ა. ტ-ს, გ. ჩ-ს, გ. ზ-ს, ზ. ა-სა და ნ. ე-ს განმარტებები ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ერთი მხრივ, მ. ზ-ს მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირსა და მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შესაძლო ძალადობების თარიღებს (2019 წლის 16 და 27 ივნისს), ხოლო, მეორე მხრივ, ბ. ზ-ს დაესვა დიაგნოზი: მარცხენა დიდი და მცირე წვივის ძვლების დისტალური ნაწილების მოტეხილობა, რომლის ხანდაზმულობა ვერ დადგინდა, ვერაფრით გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული დაზიანებები სწორედ გ. ფ-მა მიაყენა მეუღლეს განზრახ, ხოლო შვილს - გაუფრთხილებლობით.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი