Facebook Twitter

ას-1225-1245-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «... ბანკი”

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს «... ბანკის” მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 15 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სს „... ბანკს“ სარგებლობით გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ჭ-ის გამზ. ¹43-ში მდებარე 80 კვ.მ ბინა ¹53. საიჯარო ქირად განისაზღვრა 1700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რომლის გადახდას მოპასუხე უზრუნველყოფდა ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე, საიჯარო ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ჰქონდა 2017 წლის 15 თებერვლამდე. ამასთან, მოპასუხე იხდიდა ქირის გაცემასთან დაკავშირებულ სახელმწიფო გადასახადსაც, რომლის შედეგადაც ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენდა 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ბანკი საცხოვრებელ ფართს იყენებდა თავისი საქმიანობისთვის, რისთვისაც მან ზემოაღნიშნულ ფართში ჩაატარა სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შედეგად ფართმა დაკარგა საცხოვრებელი ბინის სახე და ფუნქცია. მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის წერილი, რომლის თანახმადაც ბანკმა აცნობა, რომ იგი არარსებული საფუძვლით წყვეტდა ქირავნობის ხელშეკრულებას 2011 წლის 15 იანვრიდან. აღნიშნული წერილის პასუხად მოსარჩელემ წერილობით მოითხოვა, რომ, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2011 წლის 15 თებერვლამდე, მოპასუხეს უზრუნველყო პირგასამტეხლოს სახით სამი წლის ქირა და ასევე ქონების დაბრუნება შესაბამის მდგომარეობაში, თუმცა ბანკმა უგულებელყო შესაბამისი მოთხოვნები და მიიჩნია რა ისინი უსამართლოდ და დისკრიმინაციულად, მ. ჭ-ეს შესთავაზა კომპენსაციის სახით სამი თვის ქირა, რაც უხეშად არღვევს ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს.

მოპასუხე სს «... ბანკმა” სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა სს „... ბანკისთვის“ 61200 აშშ დოლარის დაკისრების და ფართის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა. ბანკმა გამქირავებლის კუთვნილ ფართში ჩაატარა ძვირადღირებული რემონტი და დაამონტაჟა მოწყობილობები, რომელთა ღირებულება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, ჩათვლილ უნდა იქნეს მოსარჩელის მოთხოვნათა ანგარიშში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს «... ბანკს” მ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 54 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ბანკმა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით სს «... ბანკის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 15 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე. ყოველთვიური ქირის ოდენობა, გადასახადების გარეშე, შეადგენდა 1 500 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 15 თებერვლამდე. ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტის შესაბამისად, ბანკის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი «გამქირავებელს» აუნაზღაურებდა ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გადასახდელ ქირას, არა უმეტეს 3 წლის ქირის ოდენობისა. 2010 წლის 24 ნოემბერს სს «... ბანკმა” მ. ჭ-ეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2011 წლის 15 იანვრიდან. 2010 წლის პირველ დეკემბერს მ. ჭ-ემ სს «... ბანკს” წერილობით მოსთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში და 3 წლის ქირის ანაზღაურება. სს «... ბანკის” მიერ ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლიდან გამომდინარე, გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით, ხოლო დამქირავებელი კი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა სწორედ ამ ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტიდან, რომლის შესაბამისად, «ბანკი» ვალდებულია «ბანკის» მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, «გამქირავებელს» აუნაზღაუროს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გადასახდელი ქირა, არა უმეტეს 3 წლის ქირის ოდენობით. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, ისე სააპელაციო საჩივარში მოპასუხის ძირითად არგუმენტს ამ სარჩელის წინააღმდეგ წარმოადგენდა მითითება იმაზე, რომ, სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტი ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანოა მოპასუხისათვის. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული მოსაზრება და იხელმძღვანელა რა სამოქალაქო კოდექსის 342-ე, 346-ე მუხლებით განმარტა, რომ ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტი არ წარმოადგენდა სტანდარტულ პირობას. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შემთავაზებელი მხარე მსგავს გარიგებებს დებდა და მრავალჯერადად ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას. სტანდარტული პირობები სახეზე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სისტემატურად განახორციელებდა მსგავს საქმიანობას და აღნიშნულ პირობებს გამოიყენებდა ხელშეკრულებების არაერთჯერადად დადებისას. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო პუნქტი ჩაითვლებოდა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად, მისი ბათილად ცნობისთვის უნდა გათვალისწინებულიყო 346-ე მუხლის დანაწესი და ის გარემოებები, რომელთა არსებობისას ეს პირობები ხელშეკრულებაში შეიტანეს, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხეს წარმოადგენდა ერთ-ერთი საზოგადოდ ცნობილი ბანკი, რომელიც ფლობდა საკმარის რესურსებს ხელშეკრულების დადებისას კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის მისაღებად. ამასთან, სავარაუდოა, რომ მსგავსი საოფისე ფართის ქირავნობის ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა პირველად და ასეთ ხელშეკრულებებს ბანკი ხშირად დებდა. ამიტომ განსახილველ საქმეში მხარეები, უდავოა, რომ არ არიან თანაბარ მდგომარეობაში და განსხვავებით მოსარჩელისგან, რომელიც ფიზიკურ პირს წარმოადგენს, მოპასუხე წარმოდგენილია სოლიდური რესურსების მქონე სუბიექტის სახით, ამიტომ დაუსაბუთებელია მსჯელობა კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო გარემოებებზე. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ წინამდებარე სადავო პუნქტი უცილოდ ბათილ ნორმას არ წარმოადგენდა და იგი გადაწყვეტილების გამოტანის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ბანკმა“ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 15 თებერვალს სს „... ბანკს“ და მ. ჭ-ეს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. ბანკმა იჯარით მიიღო ჭ-ის კუთვნილი ბინა. საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.1 პუნქტში მითითებულია, რომ იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც არ არეგულირებს მოცემული ხელშეკრულება, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. აღნიშნული ჩანაწერის შესაბამისად დგინდება, რომ ხელშეკრულების პირობები მხარეთა მიერ დეტალურად არ იყო განსაზღვრული, ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულების პირობები მიჩნეულ უნდა იქნეს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის საფუძველზე ბათლად უნდა იქნეს ცნობილი ქირავნობის ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტი, რომლითაც დადგენილია ბანკის ვალდებულება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში „გამქირავებელს“ აუნაზღაუროს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გადასახდელი ქირა, მაგრამ არა უმეტეს 3 კალენდარული წლის ქირის ოდენობისა. ხელშეკრულების აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანოა ბანკისათვის, როგორც ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, კერძოდ, აღნიშნული პირობის შესრულების შემთხვევაში გამქირავებელს მიეცემა 3 წლის ქირა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სანაცვლოდ და პარალელურად მას აქვს შესაძლებლობა ხელახლა გააქირავოს აღნიშნული ფართი და მიიღოს ამავე პერიოდის განმავლობაში ქირაც, მაშინ, როდესაც ბანკმა თავისი მიზნებისათვის უნდა დაიქირავოს სხვა ფართი და გასწიოს ორმაგი დანახარჯი. აღნიშნული შედეგი ეწინააღმდეგება ბიზნესის და საქმიანი ურთიერთობების გონივრულ, ჩვეულებრივ და საქმიან ურთიერთობებში მიღებულ ჩარჩოებს და დისკრიმინაციულია ხელშეკრულების ერთი მხარის მიმართ. თუკი გამქირავებელმა მაინც უნდა მიიღოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლისათვის, ეს უნდა იყოს გონივრული კომპესაცია და არა 3 წლის ოდენობით ქირა, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების ბათილი პუნქტით. მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რომელთა არსებობის დროსაც დაიდო იჯარის ხელშეკრულება. კერძოდ, დაქირავებული ფართი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ბანკის შემდგომი განვითარების პარალელურად გაჩნდა დამატებითი ფართების აუცილებლობა. ამ ფაქტმა ბანკი დააყენა არათანაბარ პირობებში კორპუსში მცხოვრებ პირებთან. ბანკის მხრივ დამატებითი ფართების დაქირავების საჭიროებამ დომინანტურ მდგომარეობაში მოაქცია სწორედ ფართების მესაკუთრეები, რომლებიც ძირითადად თვითონ კარნახობდნენ იჯარის ხელშეკრულების პირობებს. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საიჯარო ხელშეკრულების 5.2.10 პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია მოიჯარის მიერ იჯარის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეიჯარისათვის ჯარიმის სახით 3 წლის ქირის გადახდა ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და საზიანო მეიჯარისათვის, შესაბამისად, ხელშეკრულების აღნიშნული დებულება სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლზე დაყრდნობით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ბანკის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს «... ბანკის” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს «... ბანკს” უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 26 სექტემბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4482 ლარის 70% _ 3137,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «... ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს «... ბანკს” დაუბრუნდეს 2011 წლის 26 სექტემბერს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4482 ლარის 70% _ 3137,4 ლარი

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.