Facebook Twitter

ას-1255-1275-2011 9 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. ქ-ე, ნ. და გ. ხ-ები

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური, მ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. და ნ. ხ-ების, მ. ქ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 22 მაისს გ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1096 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე ნ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 1008 კვ.მ-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება.

საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ქ-ემ, ნ. და გ. ხ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ეს, ნ. და გ. ხ-ებს 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 4500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და მ. ქ-ის მიერ თინა იმნაძის სახელზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მინდობილობის წარმოდგენა დაევალათ. აღნიშნული განჩინების პასუხად კასატორმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელება მოითხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ეს, ნ. და გ. ხ-ებს ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გაუგრძელდათ 3 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორებს ჩაბარდათ 2011 წლის 17 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ეს, ნ. და გ. ხ-ებს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 4500 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და მ. ქ-ის მიერ თინა იმნაძის სახელზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მინდობილობის წარმოდგენა დაევალათ, ხოლო იმავე წლის 11 ოქტომბრის განჩინებით კი ხარვეზის შევსების ვადა კასატორებს 3 დღით გაუგრძელდათ. 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს 17 ოქტომბერს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხარვეზის შევსების ვადა 2011 წლის 20 ოქტომბერს ამოეწურა. კასატორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორმა ხარვეზი არ შეავსო, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ქ-ის, ნ. და გ. ხ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.