ას-1259-1279-2011 30 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «გ-ო», შპს «გ-ოს» პარტნიორები მ. ს-ე, დ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ გაუნაწილებელი მოგების თანხის საზოგადოებისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 28 აპრილს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს «გ-ომ» და მისმა პარტნიორებმა დ. კ-ემ და მ. ს-ემ მოპასუხე მ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. მოპასუხის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ შპს «გ-ოს» პარტნიორთა რიგგარეშე ¹3 კრების 2009 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა; ბ. მ. ხ-ისათვის, როგორც შპს «გ-ოს» ყოფილი დირექტორისათვის, შპს «გ-ოს» სასარგებლოდ აუდიტორული დასკვნით დადგენილი და საზოგადოების პარტნიორებს შორის გაუნაწილებელი მოგების, 26444.79 ლარის დაკისრება; გ. მ. ხ-ისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული და გასაწევი სხვადასხვა ხარჯების, მთლიანობად 2715.32 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, შპს «გ-ო» დააფუძნეს დ. კ-ემ და გ. ხ-ემ. საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს ავტონაწილების რეალიზაცია. 1996 წლის სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებით საზოგადოების პირველი პარტნიორები არიან: მ. ს-ე და დ. კ-ე (მეუღლეები), აგრეთვე, გ. ხ-ე და მ. ხ-ე (მამა-შვილი). დაფუძნების დღიდან საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა გ. ხ-ე, ხოლო 2001 წლის 5 დეკემბრიდან 2009 წლის 24 მარტამდე – მისი ვაჟი მ. ხ-ე, რომელსაც გ. ხ-ემ დაუთმო თავისი წილიც და ის გახდა 50%-იანი წილის მესაკუთრე.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის თებერვლიდან საზოგადოებაში აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით ორჯერ უშედეგოდ სცადეს პარტნიორთა კრების მოწვევა. მათი ინიციატივით ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად საზოგადოებაში გამოვლენილია დირექტორის სხვადასხვა სახის კანონდარღვევები. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში არ მოიპოვება კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი სავალდებულო დოკუმენტები. აუდიტორული შემოწმებისათვის წარდგენილი არასრული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს «გ-ოს» მთლიანად მოგების სახით მიღებული აქვს 26444.79 ლარი. ეს თანხა პარტნიორთა შორის არ განაწილებულა. აუდიტორული დასკვნის გაცნობის შემდგომ მოსარჩელე პარტნიორებმა საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორ მ. ხ-ეს გაუგზავნეს შეტყობინება პარტნიორთა კრების ჩატარების, ადგილმდებარეობის, დროისა და განსახილველი საკითხების მითითებით. მიუხედავად ამისა, მ. ხ-ე კრებაზე არ გამოცხადებულა. იგი არც განმეორებით, იმავე პირობებით დანიშნულ კრებაზე გამოცხადდა. აღნიშნულ კრებაზე გამოცხადებული პარტნიორების, მ. ს-ისა და დ. კ-ის, წარმომადგენლებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორობიდან მ. ხ-ის განთავისუფლებისა და პარტნიორობიდან მისი გარიცხვის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მოტივად დასახელდა წლების მანძილზე საზოგადოებაში მ. ხ-ის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, პარტნიორებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. კრების მონაწილეებმა მიიჩნიეს, რომ მომავალში მ. ხ-ესთან ერთად საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი იყო. პარტნიორთა კრებამ საზოგადოების დირექტორად დანიშნა ილია სვანიძე. საზოგადოების ახალმა დირექტორმა ილია სვანიძემ განცხადებით მიმართა საგადასახადო სამსახურს საზოგადოების რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით. სამეწარმეო რეესტრის 2009 წლის 26 მარტის ამონაწერით შპს «გ-ოს» დირექტორია ილია სვანიძე.
2009 წლის 5 ივნისს იმავე სასამართლოს სარჩელით მიმართეს მერაბ და გ. ხ-ეებმა მოპასუხე შპს «გ-ოს» მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. შპს «გ-ოს» ქონების გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ 11248 ლარის დაკისრება; ბ. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, შპს «გ-ოს» წარმომადგენლებისათვის გ. ხ-ის საკუთრებაში არსებული 8837 ლარის ღირებულების ავტონაწილების ფლობის შეწყვეტისა და აღნიშნული ქონების გ. ხ-ისათვის დაბრუნების დავალება; გ. შპს «გ-ოსათვის» მოსარჩელეების სასარგებლოდ ხარჯების დაკისრება.
სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობა მოიცავდა ავტონაწილებით ვაჭრობას. გ. ხ-ე, რომელიც თავდაპირველად წარმოადგენდა საზოგადოების პარტნიორსა და დირექტორს, ვაჭრობდა ავტონაწილების მაღაზიაში. შპს «გ-ოს» ჩამოყალიბებისას ავტონაწილების მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობა, ავტონაწილები, წარმოადგენდა მის საკუთრებას. გ. ხ-ე ამ ქონებას ავითარებდა შპს «გ-ოს» დაფუძნების შემდგომაც, რაშიც დანარჩენ პარტნიორებს მონაწილეობა არ მიუღიათ. შპს «გ-ოს» მთლიანი საქმიანობა, წესდებისა და კანონის შესაბამისად, ასახულია საწარმოს ყოველწლიურ ბალანსში, რომელშიც მოცემულია საწარმოს მთლიანი საბალანსო მოგება, გადარიცხვები ბიუჯეტში და წმინდა მოგება.
მოსარჩელეების მითითებით, საქმეზე წარდგენილი აუდიტორული დასკვნით დასტურდებოდა, რომ შპს «გ-ოში» მატერიალური ფასეულობების (ძირითადად ავტონაწილები) შეძენასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები (ხელფასები, სოცანარიცხები, სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები) ძირითადად რეალურად არის ასახული საბუღალტრო დოკუმენტაციაში და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა. 2002-2006 წლებში შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობის განვითარება-გაფართოების მიზნით გ. ხ-ემ შეასრულა სხვადასხვა სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული რემონტისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო თანხები მოსარჩელემ გაიღო როგორც შპს «გ-ოს» სამეწარმეო საქმიანობიდან დარჩენილი წმინდა მოგებიდან, ისე თავისი პირადი სახსრებიდან (ტომი 2, ს.ფ. 1-17).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით განსახილველი საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი 1, ს.ფ. 311-322).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «გ-ოს», შპს «გ-ოს» პარტნიორების დ. კ-ისა და მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა გ. და მ. ხ-ეების სარჩელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს «გ-ოს», შპს «გ-ოს» პარტნიორების – მ. ს-ისა და დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ისა და გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარს ასევე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თავიანთი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «გ-ომ» და მისმა პარტნიორებმა მ. ს-ემ და დ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს «გ-ოს» დირექტორ, ილია სვანიძის და შპს «გ-ოს» პარტნიორების – მ. ს-ისა და დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საწარმოს გაუნაწილებელი მოგების მოპასუხე მ. ხ-ისათვის დაკისრების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინება უცვლელად დარჩა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, საწარმოს მოგების ხარჯვის კანონიერების დამტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოსარჩელეს (საზოგადოებას), მაშინ, როცა ეს გარემოება მოპასუხეს (საზოგადოების ყოფილ დირექტორს) უნდა ემტკიცებინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «გ-ოს», დ. კ-ისა და მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა შპს «გ-ოს» გაუნაწილებელი მოგების მ. ხ-ისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს «გ-ოს», დ. კ-ისა და მ. ს-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მ. ხ-ეს შპს «გ-ოს» სასარგებლოდ დაეკისრა გაუნაწილებელი მოგების, 10122.93 ლარის, გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
1. შპს ,,გ-ო» რეგისტრირებულია 1996 წლის 22 ივლისს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. ამჟამად პარტნიორები არიან მ. ხ-ე, საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილით, დ. კ-ე - 40%-იანი წილით და მ. ს-ე 10%-იანი წილით;
2. მხარეთა განმარტებებითა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 1996 წლიდან 2001 წლამდე, შპს «გ-ოს» დირექტორი იყო გ. ხ-ე, 2001 წლიდან 2009 წლამდე მ. ხ-ე, ხოლო 2009 წლის 26 მარტიდან დღემდე - ილია სვანიძე;
3. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ სამტრედიაში, კ-ას ქ. I ჩიხის ¹31-ის მდებარე უძრავი ქონება, 125,8 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 51,6 კვ.მ დამხმარე შენობა, 1999 წლიდან შპს «გ-ოს» საკუთრებაა და საზოგადოება ამ შენობაში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ¹7438/15/17-2009 ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. სამტრედიაში, კ-ას ქ. I ჩიხის ¹31-ში მდებარე შპს «გ-ოს» საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება 2003 წლის ფასებით 9487 ლარს შეადგენს; სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი გაკეთდა მხარეთა მითითებების საფუძველზე, თუმცა ამ სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები არც საქმეში მოიპოვება და არც მხარეთა მიერ არ ყოფილა წარდგენილი;
5. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შპს «გ-ოს», 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 10122,93 ლარს, მათ შორის 2001 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მიღებულმა მოგებამ შეადგინა 9817,24 ლარი. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა;
6. ¹7438/15/17-2009 დასკვნის შემდგენი ექსპერტის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტებით დგინდება, რომ 1998 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე შპს «გ-ოს» გაუნაწილებელი მოგება 10122,93 ლარი როგორ განიკარგა, საზოგადოების თუ სხვა პირის სასარგებლოდ, საბუღალტრო დოკუმენტებით არ ირკვეოდა;
7. მოცემული დავის განხილვისას, მ. ხ-ემ, როგორც თავის სარჩელში, ისე სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მაისის მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ ქ. სამტრედიაში, კ-ას ქ.I ჩიხის ¹31-ში მდებარე შპს «გ-ოს» საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები მ.ხ-ის, როგორც დირექტორის მიერ არ განხორციელებულა. (მ. ხ-ის მითითებით, ხარჯები გაწეული იქნა გ. ხ-ის მიერ);
8. შპს G»გ-ოს» დირექტორმა, ასევე მ. ს-ემ და დ. კ-ემ სადავო გახადეს შპს «გ-ოს» კუთვნილ შენობაზე საზოგადოების დაფუძნების შემდგომ, მათ შორის მ. ხ-ის დირექტორობის პერიოდში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ხ-ის მტკიცება მოგების თანხიდან ავტონაწილების შეძენის შესახებ და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ავტონაწილების ღირებულება გათვალისწინებულია და მათი გამოკლებითაა სუფთა მოგება განსაზღვრული. სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან თავად მ. ხ-ემ დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოები მას არ განუხორციელებია, მოგების თანხის მიზნობრივი ხარჯვა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცები ტვირთი და მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა ემტკიცებინა. აღნიშნული დასკვნა კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს ეწინააღმდეგება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მართალია, მოგება პარტნიორებზე არ განაწილებულა, მაგრამ ამ თანხით ავტონაწილები შეიძენეს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითება და არ იმსჯელა, მოქმედებდა თუ არა მ. ხ-ე, როგორც დირექტორი, კეთილსინდისიერად და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. მოგების გაუნაწილებლობა თავისთავად პასუხისმგებლობის საფუძველი არაა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოგების თანხა, ავტონაწილების ღირებულების ნაშთი და სალაროს ნაშთი ერთმანეთს აბალანსებენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ Mმ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (506 ლარის) 70% - 354,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (506 ლარის) 70% - 354,2 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.