Facebook Twitter

ას-1275-1295-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კასატორი _ ლ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ 2005 წლის 30 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ქალიშვილს - თ. კ-ეს, აჩუქა ქ.თბილისში, ძ-ის (ყოფილი ლ-ის) ¹10 გ-ის ქ.¹7-ში, I სართულზე მდებარე 12 კვ.მ ოთახი. 2006-2007 წლებში მოსარჩელემ გააკეთა რემონტი, რის გამოც ბინის ავეჯი, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები და ნივთები გადაიტანა აწ გარდაცვლილი მშობლების ბინაში. მოპასუხემ წაართვა მისი მშობლების ბინის გასაღები და აღარ დაუბრუნა ავეჯი და ნივთები. ლ.კ-ე იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და არის სოციალურად დაუცველი. ამავდროულად, მოპასუხის ბრალით მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს მისი კუთვნილი ნივთებით, განკარგოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ და დაიკმაყოფილოს საყოფაცხოვრებო და სოციალური მოთხოვნილებები. ამასთან, 2009 წლის 31 მარტს მოპასუხე თ. კ-ემ ლ.კ-ეს საკუთარ სახლში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მოპასუხე თ.კ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სარჩელი არ შეესაბამება სინამდვილეს. ბინის რემონტის დროს ავეჯი და საყოფაცხოვრებო საგნები ლ.კ-ეს არ გადაუტანია. მოსარჩელე ლ. კ-ის მშობლების ბინა გაყიდა 1995 წელს მისმა ვაჟიშვილმა ნ. კ-ემ. მოსარჩელე არ იმყოფება მძიმე გაჭირვებაში, რადგანაც მან ბინა მიაქირავა შპს „პარადოქსს“ და მოლაპარაკების პირობების თანახმად, ყოველთვიურად ღებულობს ქირას - თვეში 500 დოლარს. თ.კ-ემ წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნულია, რომ ლ. კ-ემ და მისმა ვაჟიშვილმა ნ. კ-ემ თვითნებურად დაიკავეს მის სახელზე რიცხული სადავო 12 კვ.მ ოთახი და მოითხოვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით უცვლელი დატოვა გასაჩივრებული განჩინება, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 30 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ლ. კ-ემ თ. კ-ეს აჩუქა ქ. თბილისში, ძ-ის (ყოფილი ლ-ის) ქუჩა ¹10/გ-ის ქ. ¹7-ში მდებარე I სართულზე არსებული 12 კვ.მ. ფართი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ძ-ის (ყოფილი ლ-ის) ქუჩა ¹10/გ-ის ქ. ¹7-ში მდებარე I სართულზე არსებული 12 კვ.მ ფართი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. კ-ის სახელზე. თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ თ. კ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მჩუქებელ _ ლ. კ-ისათვის მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და უმადურობის გამოჩენას. სააპელაციო საჩივარში ლ. კ-ე აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა მტკიცებულებად სხვა სამოქალაქო საქმეში ლ. კ-ის სახელით თ. კ-ის მიერ წარდგენილი შესაგებელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტი ვერ ადასტურებს ზემოაღნიშნული შესაგებლის მისი სახელით თ. კ-ის მიერ წარდგენის ფაქტობრივ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ, გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებითაც არ დასტურდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად სარჩელში მითითებული გარემოება _ თ. კ-ის მხრიდან 2009 წლის 31 მარტს ლ. კ-ის ცემის ფაქტი, კერძოდ, აღნიშნულის საპირისპიროა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნ. დ-ის, ი. ჩ-ას, ი. ჩ-ას, ი. დ-ის ჩვენებები. სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა თვით ლ. კ-ის მიერ ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაზე, რომელშიც იგი აღწერს 2009 წლის 31 მარტის შემთხვევას და განმარტავს: - «მე ვცდილობდი შემოსვლას სახლში, ხოლო თ. კ-ე მაგდებდა უკან ხელის მეშვეობით და სწორედ ამ დროს მე თვითონ დავეცი ძირს და ვინაიდან იყო სახლში მედგა ე.წ “ფეჩი” და მეყარა შეშა და დავარტყი სახის არე. კერძოდ, მარცხენა ყბის მხარე დავარტყი შეშებს”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა (მოსარჩელემ) საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფაქტობრივი გარემოება _ დასაჩუქრებული თ. კ-ის მიერ მჩუქებელ _ ლ. კ-ის ცემისა და მძიმე შეურაცხყოფის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე და 529-ე მუხლებით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2005 წლის 30 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ლ. კ-ემ თ. კ-ეს აჩუქა ქ. თბილისში, ძ-ის (ყოფილი ლ-ის) ქუჩა ¹10/გ-ის ქ. ¹7-ში მდებარე I სართულზე არსებული 12 კვ.მ ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ. კ-ის სახელზე. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი და სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შეფასების შედეგად დგინდება, რომ არ არსებობს მტკიცებულება მოპასუხე (დასაჩუქრებული) თ. კ-ის მხრიდან მჩუქებელ (ლ. კ-ის) მიმართ ცემის, მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილზე დაყრდნობით მხარეთა ახსნა-განმარტებების, როგორც მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული სიტუაცია, ოჯახური უსიამოვნებების მიუხედავად, არ ადასტურებს ისეთ განსაკუთრებით ობიექტურ გარემოებას _ დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფას ან მჩუქებლის მიმართ გამოვლენილ დიდ უმადურებას, რაც შეიძლება გახდეს ლ. და თ. კ-ეებს შორის 2005 წლის 30 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ-ემ შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 31 მარტს თ. კ-ის მხრიდან დედის, ლ. კ-ის ცემის, გაქურდვისა და ოთახში გამოკეტვის ფაქტს წინ უძღოდა თ. კ-ის მხრიდან მთელი რიგი მზაკვრულ-ვერაგული გეგმების განხორციელება. 2009 წლის 31 მარტის ფაქტთან დაკავშირებით შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის VII განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის ¹006091311 საქმე თ. კ-ის მიმართ. სისხლის სამართლის საქმეშია მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც კასატორმა წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება, რათა კასატორმა დაიბრუნოს მისი კუთვნილი 12 კვ.მ ფართი, რადგან თ. კ-ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა და გამოიჩინა უმადურობა გამჩუქებლის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ-ეს დაუბრუნდეს 2011 წლის 7 ოქტომბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ლ. კ-ეს დაუბრუნდეს 2011 წლის 7 ოქტომბერს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.