ას-1282-1302-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ბ-ი
წარმომადგენელი _ ა. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება და 2011 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი მოპასუხეების _ ა. ბ-ის, თ. ნ-ისა და შპს «ბ-ის» მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. ნ-ის წარმომადგენელ ა. ჩ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ის წარმომადგენელმა ა. ჩ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორის მტკიცებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება და რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა აპელანტების წარმომადგენლის, ა. ჩ-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, კერძოდ დედას – ბ. ტ-ეს. მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად სასამართლომ არ გაიზიარა, რომ ა. ჩ-ის დედა არის მ. ჩ-ე და არა ბ. ტ-ე. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.
იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სააპელაციო ინსტანციაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით დადგენილი «ყველა სხვა შემთხვევა» კი გულისხმობს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასაც, ასევე მოიცავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შემთხვევებსაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება და საჩივრის ასლი გაუგზავნა უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარეებს, ასევე მათ წარმომადგენელს ა. ჩ-ეს, სასამართლოსათვის ცნობილ ორივე მისამართზე. საქმეში არსებულ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია, რომ გზავნილი 2010 წლის 25 ნოემბერს ჩაიბარა ა. ჩ-ის დედამ – ბ. ტ-ემ (ტ. II, ს.ფ. 27). იმავე ტომში წარმოდგენილი მეორე შეტყობინების ბარათზე მითითებულია, რომ იმავე მისამართზე – ხაშური, ...ის ქ. ¹22 გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაიბარა ისევ ა. ჩ-ის დედამ – მ. ჩ-ემ (ტ. II ს.ფ. 45). აღსანიშნავია, რომ არც ერთ შეტყობინების ბარათზე უწყების მიმღების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი) აღნიშნული არ არის. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც ირკვევა, რომ იმავე მისამართზე განთავსებულია საწყობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილი ერთსა და იმავე მისამართზე ორმა სხვადასხვა პირმა ჩაიბარა. ორივე მათგანი ა. ჩ-ის დედადაა დაფიქსირებული. ვინაიდან ნაკლებად სავარაუდოა, მხარის წარმომადგენელს ორი სხვადასხვა სახელის და გვარის მქონე დედა ჰყავდეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ა. ჩ-ის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი დაბადების მოწმობის მიხედვით, მისი დედაა მერი ჩ-ე, შესაბამისად, გაუგებარია, ვინ ჩაიაბრა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება და საჩივრის ასლი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში არ უნდა დაეტოვებინა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება, ასევე 2011 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.