Facebook Twitter

ას-1284-1304-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია სულხანიშვილი, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «გ» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ტ-ო» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ტ-ომ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «გ-ის» მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს _ 64859,15 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 17 ივნისს მხარეებს შორის დაიდო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის 2.1 პუნქტით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ბენზინის საწვავის ღირებულება აისახებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ხელშეკრულების 2.2 პუნქტით კი, მყიდველი იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა ყოველი მიწოდებული საწვავის პარტიის ღირებულება 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების მითითებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში დადგინდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტით მოპასუხემ 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღიარა დავალიანება მოსარჩელისადმი ძირითადი თანხის _ 287211,30 ლარის ოდენობით, ასევე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო 22123.91 ლარის ოდენობით.

მხარეთა შორის 2008 წლის 17 ივნისს დადებული საწვავის მიწოდების ხელშეკრულება არ გაუქმებულა და იგი ამჟამადაც მოქმედებს.

2008 წლის 31 დეკემბერს მოპასუხემ ურთიერთშედარების აქტით აღიარებული ვალდებულება ძირითადი თანხის ნაწილში ნაწილობრივ დაფარა და გადასახდელი დარჩა 208,30 ლარი. მოპასუხისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ ერთობლიობაში შეადგინა 64859.15 ლარი, რასაც მოპასუხე არ იხდის.

მოპასუხემ 2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტის ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 22123,91 ლარის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ტ-ოს» სარჩელი, მოპასუხე შპს ,,გ-ის» მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 64859.15 ლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,გ-ს» შპს ,,ტ-ოს» სასარგებლოდ დაეკისრა 64859.15 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს _ 42735.24 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ-მა».

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «გ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ტ-ოს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «გ-ს» შპს «ტ-ოს» სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს (2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 4 აგვისტომდე პერიოდი) 22792.12 (ოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდათორმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 17 ივნისს შპს ,,ტ-ოსა» (გამყიდველს) და შპს ,,გ-ს» (მყიდველს) შორის დაიდო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის ანგარიშსწორების ვადებსა და ფორმაზე, კერძოდ, შპს ,,გ-ს» უნდა გადაეხადა საწვავის პარტიის მიწოდებიდან 30 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. 2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის შედგენილი ურთიერთშედარების აქტით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ აღიარა დავალიანება საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის _ 287211.30 ლარის ოდენობით, ასევე, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დაკისრებული პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15% 22123.91 ლარის ოდენობით 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. მოპასუხემ 2008 წლის 31 დეკემბერს შედარების აქტით აღიარებული ვალდებულება ძირითად თანხის ნაწილში დაფარა შემდეგი პერიოდულობით: 1) 2009 წლის 21 იანვარს _ 100 000 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 1870211.30 ლარი; 2) 2009 წლის 26 იანვარს _ 3 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 187208.30 ლარი; 3) 2009 წლის 6 აპრილს _ 70000 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 117208.30 ლარი; 4) 2009 წლის 30 მაისს _ 70000 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 47208.30 ლარი; 5) 2009 წლის 15 ივლისს _ 37 000 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 10208.30 ლარი; 6) 2009 წლის 4 აგვისტოს _ 10000 ლარი, რა დროსაც დარჩა გადასახდელი 208.30 ლარი. სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია საურავების გაანგარიშების ცხრილით, გადახდის ქვითრებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით. დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტიც, რომ მოპასუხეს შედარების აქტით აღიარებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია. 2008 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის 2008 წლის 17 ივნისს დადებული საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და იგი გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. მხარეთა შორის 2008 წლის 17 ივნისის საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულების 4.1 პუნქტით ხელშეკრულება მოქმედებდა 2008 წლის 31 დეკემბრამდე, ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განისაზღვრა ერთ-ერთი მხრის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა, ანუ ხელშეკრულების ამოწურვამდე 2 კვირით ადრე მხარეს მეორე მხარისათვის წერილობით უნდა ეცნობებინა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ხოლო ასეთის არ გაგზავნის შემთხვევაში, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა იმავე პირობებით, ანუ წლის ბოლომდე. არც ერთ მაგანს წერილობითი ფორმით არ უცნობებია მეორე მხარისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულება რომც მოშლილიყო, მოპასუხემ ძირითადი ვალდებულება შეასრულა მხოლოდ 2009 წლის 4 აგვისტოს, რის გამოც იგი ვალდებული იყო, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაეხადა ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მას შედარების აქტის გაფორმების შემდეგ პირგასამტეხლო აღარ უნდა დაკისრებოდა, რადგანაც საურავების გაანგარიშების ცხრილით დასტურდება, რომ შპს «ტ-ოსა» და შპს ,,გ-ს» შორის 2008 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების თანახმად, მიწოდებული საწვავის ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო, 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 4 აგვისტომდე მოპასუხისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 42735.24 ლარი. პალატამ ჩათვალა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო 42735.24 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,15%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან, ყოველდღიური 0,15% თვეში (30 დღე) შეადგენს _ 4,5%-ს, ხოლო ერთ წელიწადში (365 დღე) _ 54%-ს, სასამართლომ ყურადღებაა გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულება შესრულებულია და პირდგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად სასამართლომ მიიჩნია 2009 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 4 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,08%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, შესაბამისად, გადასახდელი თანხა შემცირდა 22792.12 ლარამდე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «გ-მა», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტების შესაბამისად, რადგანაც სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების დათქმაზე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მეორე მხარის შეტყობინების აუცილებლობის თაობაზე, რასაც ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობა რიგ შემთხვევებთან მიმართებაში და არასწორად ჩათვალა ვალდებულებითი ურთიერთობა გაგრძელებულად. ასეთი სახეზე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებით მიიღებდნენ სარგებელს. 2008 წლის 31 დეკემბრიდან მოყოლებული შპს «ტ-ოსა» და შპს «გ-ს» ერთმანეთის მიმართ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ინტერესი არ გამოუხატავთ, დავის არსებობის ფაქტი გამორიცხავს ამ ინტერესის არსებობის შესაძლებლობას. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეთა შორის თანხის მოგვიანებით ანაზღაურებას, თუმცა იანვრის თვეში მხარეთა შორის შედგა გარიგება, ნაღდი ანგარიშსწორების წესის გვერდის ავლით და გაფორმდა შედარების აქტი, რომელიც მიჩნეულ იქნა ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, აღნიშნულით 2008 წლის 17 ივლისის ხელშეკრულება 2008 წლის 31 დეკემბერს შეწყდა და ამოქმედდა ახალი ხელშეკრულება, საიდანაც კასატორს ვალდებულების ნაწილი შესრულებული აქვს, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ 22123.91 ლარის მიღებაზე მოსარჩელე აცხადებს უარს. აღნიშნული გამორიცხავს შპს «ტ-ოს» უფლებას, მოითხოვოს პროცენტი ფულადი ვალდებულებისათვის სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად.

2008 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტი კრედიტორის მიერვე შეფასდა ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, აღნიშნული საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, თავისთავად ადასტურებს აქტის შედგენამდე არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტას და შეწყვეტილი ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

სასამართლომ მტკიცებულებად არასწორად მიიღო და არასწორადვე შეაფასა ე.წ საურავის დაანგარიშების ცხრილი, რომელშიც არაერთი შეცდომაა დაშვებული და შედგენილია მისი წარმომდგენის მიერ, აღნიშნული არაა სათანადო სახით წარმოდგენილი მტკიცებულება.

დავის განხილვისას სათანადო შეფასება არ მისცემია სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თავადვე მიიჩნევს, რომ შედარების აქტი ვალის არსებობის აღიარებაა. სასამართლოს ამ მიმართებით უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. მხარეები ამ გარემოებას არ შედავებიან, რის გამოც სასამართლოს საკუთარი ინიციატივით სხვა გარემოებები არ უნდა მოეძიებინა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2008 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას აღარ ითვალისწინებდა, სასამარლოს სარჩელი აღარ უნდა დაეკმაყოფილებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «გ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «გ-ს» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ნ-ის მიერ გადახდილი 1139 ლარის 70% _ 797.3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს «გ-ს» (ს/¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გ. ნ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 797.3 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.