ას-1285-1305-2011 07 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ლ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება
დავის საგანი _ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. ბ-მა მოპასუხე ლ. რ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ა-ის (ყოფილი ე-ის) ქ.¹62-ში მდებარე, მოპასუხის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებული 23.44 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა, მის მიერ 1625 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ (ტომი I, ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1625 აშშ დოლარის გადახდა, ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ ზ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ა-ის (ყოფილი ე-ის) ქ.¹62-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებული, ლ. რ-ის საკუთრებაში არსებული 23.44 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომი (ტომი I, ს.ფ. 126-130).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 137-145).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზ. ბ-ი 1984 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია (ჩაწერილია) სადავო საცხოვრებელ სადგომში: თბილისი, ა-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა ¹62 მისამართზე. ზ. ბ-ის რეგისტრაციის ფაქტს, გარდა მხარეთა ახსნა-განმარტებებისა, ასევე ადასტურებს მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლი;
სადავო საცხოვრებელ სახლში 1984 წლიდან დღემდე განთავსებულია ზ. ბ-ის ნივთები და სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობასთან დაკავშირებული კომუნალური გადასახადების გადამხდელად, დამოუკიდებელ აბონენტად რეგისტრირებულია მოსარჩელე. ზ. ბ-ის გადასახადების გადახდის ფაქტებს, გარდა მხარეთა ახსნა-განმარეტებებისა, ასევე ადასტურებენ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და აბონენტის ბრუნვის ისტორია;
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ლ. რ-ი არის თბილისი ა-ის (ყოფილი ე-ის) ქუჩა ¹62 მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) ლიტერ ,,ა’’-ს (საერთო ფართით 275,36 (ორასსამოცდათხუთმეტი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) მ2, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 176,47 (ასსამოცდათექვსმეტი მთელი ორმოცდაშვიდი მეასედი) მ2 მესაკუთრე;
სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამ საექსპერტო დაწესებულების მიერ 2010 წლის 09 ივლისს გაცემული ¹6791/03/1-03/2 დასკვნით დადასტურებულ იქნა, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი შედგება 15,38 (თხუთმეტი მთელი ოცდათვრამეტი მეასედი) მ2 ფართის მქონე სათავსოსაგან და სანკვანძისაგან ფართი 2,6 მ2. სადავო საცხოვრებელი სადგომის მთლიანი ფართის _ 23,44 (ოცდასამი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) მ2-ს საბაზრო ღირებულება შეადგენდა 6500 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ლ. რ-ი თანახმა იყო გადაეხადა გარკვეული პირობებში (მორიგების) თანხა, აღნიშნული ითვლებოდა უარის თქმად უფლებაზე _ თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლების თაობაზე. აპელანტის განმარტებით მას არ განუცხადებია თავის ამ უფლებაზე უარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზემომითითებული მოსაზრება იქიდან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხსენებული ნორმა გულისხმობს იმას, რომ მხარის მოთხოვნა, განახორციელოს თავისი სამოქალაქო უფლება სასამართლოსათვის მიმართვის გზით, რეალიზდება ისეთი პროცესუალური დოკუმენტის შეტანის გზით, როგორიც არის სარჩელი ან შეგებებული სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი შეტანილ იქნა ზ. ბ-ის მიერ. მართალია, თავდაპირველ სარჩელში დაყენებულ იქნა ალტერნატიული მოთხოვნები, მაგრამ შემდეგ ხარვეზის შევსების შესახებ 2010 წლის 7 აპრილის განცხადებით მხარემ დააზუსტა და განმარტა, რომ მისი მოთხოვნა იყო სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა. მართალია, ხარვეზის შევსების შესახებ ზემოაღნიშნული განცხადება აპელანტს არ გაგზავნია, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნული მოთხოვნა ზ. ბ-ის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა ახსნა-განმარტებების ეტაპზე. ამდენად, აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია იმაზე, რომ მას სურდა შეგებებული სარჩელის შეტანა სასამართლოში, თავისი, როგორც მესაკუთრის უფლების რეალიზების მიზნით. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმიდან არ ჩანდა აპელანტის განზრახვა, რომ მის მიერ კანონით განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს შეეწყვიტა მფლობელობა სადავო უძრავ ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღებას მიაქცია იმას, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილებულ იქნებოდა ზ. ბ-ის მოთხოვნა _ მის (აპელანტის) მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ ზ. ბ-ის მიერ სადავო სადგომის დათმობის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელანტი თავს არ იცავდა ისეთი საპროცესო მექანიზმით, როგორიც არის შეგებებული სარჩელი, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული მოთხოვნის დაყენება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებში, დაუშვებელია, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც შეუწყდებოდა მფლობელობა ზ. ბ-ს მის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ეს მოთხოვნა წარმოადგენდა სარჩელის (შეგებებული სარჩელის) მეშვეობით დასაყენებელ მოთხოვნას, რისი მცდელობაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე მთელი საქმის წარმოების დროს მას არ ჰქონია, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი გამორიცხავს ასეთი მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის ის მოთხოვნა, რომ გაუქმებულიყო ზ. ბ-ის მოთხოვნა და დაკმაყოფილებულიყო აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა, მაშინ როცა ეს უკანასკნელი არ ყოფილა წარმოდგენილი, დაუშვებელი იყო (ტომი II, ს.ფ. 97-102).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. რ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას, შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხეს შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის გარემოება, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო ფართის მოსარგებლეს. ეს პოზიცია დააფიქსირა სასამართლომაც, რაც აისახა გადაწყვეტილებაში. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე თანხმა იყო გადაეხადა შესაბამისი თანხა გარკვეული პერიოდულობით. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა თანხის გადახდის პირობებთან დაკავშირებით ვერ მოაღწიეს მორიგებას, მოპასუხეს უარი არ განუცხადებია თავის უფლებაზე _ თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს გამოეთავისუფლებინა სადავო საცხოვრებელი სადგომი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის მიხრიდან აღიარებული მოთხოვნა მოსარგებლისათვის თანხის გადაცემის თაობაზე და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთრების უფლების დათმობის შესახებ;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულია მესაკუთრის უპირატესი უფლება _ თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვოს მოსარგებლეს (სადავო შემთხვევაში მოსარჩელეს) საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შეწყვეტა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა ეჭვქვეშ დაყენებული საცხოვრებელი სადგომის ღირებულება (ტომი II, ს.ფ. 104-111).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. რ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% _ 70 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.