ას-1287-1307-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ა. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. ტ-ი, დ. ქ-ე, მ. ხ-ი, თ. ჩ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ტ-მა, ნ. ო-მა, დ. ქ-ემ, მ. ხ-მა, თ. ჩ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ს-ის მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკმებრის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა. 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით კასატორს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, უნდა დაეზუსტებინა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას საკასაციო საჩივრით, თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ითხოვდა აღნიშნული განჩინების გაუქმებას.
ა.ს-მა დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. ს-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი დაზუსტებული განცხადებით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, ა. ს-ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამდენად, აღნიშნული განცხადების დასაშვებობის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ს-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს-ის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.