Facebook Twitter

ას-1289-1309-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ გ. თ-ე, შპს «ი. ჭ-ი» (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თავდაპირველ სარჩელში _ მსხვილფეხა პირუტყვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა ან მისი ღირებულების ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ გარიგების გაუქმება, ნივთის ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ი. ჭ-ისა» და გ. თ-ის მიმართ 11 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაბრუნების ან მისი საბაზრო ღირებულების _ 8 000 ლარის გადახდის მოთხოვნით.

შპს «ი. ჭ-მა» და გ. თ-ემ სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს თ. ს-სა და კ. დ-ს შორის 9 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თაობაზე გარიგების გაუქმება, პირუტყვის მესაკუთრისთვის დაბრუნება ან მისი ღირებულების _ 5400 ლარის გ. თ-ისათვის გადახდა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს «ი. ჭ-ისა» და გ. თ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კ. დ-სა და თ. ს-ს შორის 9 (ცხრა) სული მსხვილფეხა პირუტყვის თაობაზე დადებული ნასყიდობის გარიგება და მესაკუთრეს დაუბრუნდა 5400 ლარის ღირებულების 9 (ცხრა) სული მსხვილფეხა პირუტყვი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2011 წლის 21 თებერვალს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების: შპს «ი. ჭ-ისა» და გ. თ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 8 000 ლარის ღირებულების თ. ს-ის კუთვნილი 11 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შპს «ი. ჭ-ის» და გ. თ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ი. ჭ-სა» და გ. თ-ეს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივრის ასლი და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღით. შპს «ი. ჭ-ი» და გ. თ-ე გაფრთხილებული იყვნენ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. შპს «ი. ჭ-ს» სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაბარდა 2011 წლის 2 თებერვალს, ხოლო გ. თ-ეს _ 2011 წლის 3 თბერვალს, შესაბამისად, შპს «ი. ჭ-სა» და გ. თ-ეს შესაგებელი უნდა წარმოედგინათ 2011 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, რაც მათ არ განუხორციელებიათ.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 373-ე მუხლებით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, 2321 მუხლით და, მოწინააღმდეგე მხარეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა იყო.

სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს გ. თ-ემ და შპს «ი. ჭ-მა», მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:

გ. თ-ის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ, მას არ ჩაბარებია სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მისთვის უცნობი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოკლებული იყო შესაძლებლობას, წარედგინა შესაგებელი. 2011 წლის 31 იანვრის გზავნილის მიღებაზე ხელმომწერ პირად მითითებულია ს. ი-ი, თარიღი – 2011 წლის 3 თებერვალი, ხოლო სტატუსად – მეუღლე. საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 74-ე მუხლზე და განმარტა, რომ ქ.თბილისში, მ-ის ქ¹43-ში ცხოვრობს მეუღლე მ. ბ-თან ერთად, ხოლო უწყების ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი ს. ი-ი გ. თ-ის მეუღლე არაა და არც მისი ოჯახის წევრი. გარდა ამისა, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

შპს «ი. ჭ-მა» საჩივარში ასევე აღნიშნა, რომ მას სააპელაციო საჩივარი 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, კერძოდ, 2011 წლის 31 იანვრის გზავნილის მიღებაზე ხელმომწერ პირად მითითებულია ვ. ა-ი, თარიღად _ 2011 წლის 2 თებერვალი, ხოლო თანამდებობად – მენეჯერი. საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 74-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვ. აფაქიშვილი არც შპს «ი. ჭ-ის» კანცელარიის თანამშრომელია და არც შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ის საწარმოში მუშაობდა «ეგერის» ანუ საქონლის ყარაულის თანამდებობაზე. გარდა ამისა, გზავნილზე ვ. ა-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ვ. ა-ს. ამასთანავე, საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

თ. ს-მა არ ცნო საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს «ი. ჭ-ისა» და გ. თ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. თ-ეს 2011 წლის 31 იანვრის გზავნილი 2011 წლის 3 თებერვალს ჩაბარდა, კერძოდ, ქ.თბილისში, მ-ის ქ¹43-ში სასამართლო შეტყობინების ჩაბარებას ხელი მოაწერა ს. ი-მა, ადრესატის მეუღლემ. შპს «ი. ჭ-ს» თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გზავნილი 2011 წლის 2 თებერვალს ჩაბარდა მისამართზე: საგარეჯოს რაიონი, ყორულის აღკვეთილ ტერიტორიაზე და გზავნილის ჩაბარებაზე ხელისმომწერ პირად მითითებულია ვ. ა-ი – მენეჯერი. მოწინააღმდეგე მხარეებს განესაზღვრათ შესაგებლის წარმოდგენის 10-დღიანი ვადა და განემარტათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 74-ე მუხლით და მიუთითა საჩივრის ავტორ გ. თ-ის მიერ საჩივარზე დართული მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მისი მეუღლე მ. ბ-ია. ამასთან, არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ გ. თ-ე მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მხოლოდ მეუღლესთან ერთად და გზავნილის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი ს. ი-ი მისი ოჯახის წევრი არაა. სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: გ. თ-ისათვის განკუთვნილი 2011 წლის 6 აპრილის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაბარდა ასევე ს. ი-ს 2011 წლის 18 მარტს და აღნიშნული გადაეცა ადრესატს, ამასთან, საჩივრის მოწინააღმდეგე მხარემ (აპელანტმა) მიუთითა, რომ ს. ი-ი გ. თ-ის შვილის _ უმცროსი გ. თ-ის მეუღლეა, გ. თ-ის რძალი, რომელიც ასევე ცხოვრობს ქ.თბილისში, მ-ის ქ¹43-ში და საჩივრის ავტორის ოჯახის წევრია. აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცებულება საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რაც საჩივრის ავტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. თ-ის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. შპს «ი. ჭ-ისათვის» სასამართლო შეტყობინების ჩაბარების თაობაზე პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნებზე და საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ვ. ა-თან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაადგინა, რომ ვ. ა-ი დაქირავებულია «ეგერის» თანამდებობაზე და მისი მოვალეობაა «გაუფრთხილდეს «დამსაქმებლის» ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა», რაც არ ადასტურებს საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ ვ. ა-ი წარმოადგენდა შპს «ი. ჭ-ის» (სამონადირეო მეურნეობა) საქონლის ყარაულს და არ იყო უფლებამოსილი, შპს «ი. ჭ-ის» სახელით კორესპონდენციის ჩაბარებაზე». სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ შპს «ი. ჭ-ის» სახელით სასამართლო უწყებებს იბარებდა ვ. ა-ი, რაც დასტურდება საქმის მასალებით. არ იქნა გაზიარებული შპს «ი. ჭ-ის» მტკიცება, გზავნილის ჩაბარებაზე ვ. ა-ის ხელმოწერის არარსებობის შესახებ, რადგანაც ამ გარემოებების დასადასტურებლად მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. პალატამ დაუსაბუთებლად ჩათვალა საჩივრების არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან, საჩივრის ავტორების მიერ აღნიშნული მოსაზრება არ არის დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. თ-ემ და შპს «ი. ჭ-მა», მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის დაუსაბუთებელი მოსაზრების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გ. თ-ის საჩივართან მიმართებით არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი, რადგანაც ამ ნორმის სწორი განმარტება და საჩივარზე დართული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევა სასამართლოს მოსაზრების საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. დაუსაბუთებელია განჩინებაში მითითებული გარემოება, სადაც სასამართლო, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. ი-ი გ. თ-ის მეუღლეა, ამასთანავე ადასტურებს იმისაც, რომ გ.თ-ის მეუღლე მ. ბ-ია. სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი განმარტება, რომ ს.ი-ი გ.თ-ის უმცროსი შვილის მეუღლეა და კასატორის ოჯახის წევრს წარმოადგენს, რისი საპირისპირო მტკიცებულებაც საჩივრის ავტორს არ წარუდგენია, რადგანაც ზემოაღნიშნული განცხადება მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გააკეთა, რის გამოც შეუძლებელი იყო ამ მოსაზრების საპირისიპირო მტკიცებულების წარდგენა, ამასთან, გ.თ-ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მისთვის საჩივრის ავტორის შვილის ოჯახური მდგომარეობა იყო უცნობი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა თ. ს-ს, ამასთანავე საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შეტყობინების მიმღები პირი ადრესატის ოჯახის წევრია და იმ შემთხვევშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ ს.ი-ი გ.თ-ის რძალია, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო შეტყობინებაზე ხელის მოწერა შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, სასამართლო შეტყობინების ს.ი-ისათვის ჩაბარება არ გამომდინარეობს კანონის შესაბამისად მხარისათვის ჩაბარებიდან, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

შპს «ი. ჭ-თან» მიმართებით სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა კანონის მოთხოვნები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ შეტყობინების მიმღები ვ. ა-ი დაქირავებული იყო «ეგერის» თანამდებობაზე, რაც ნიშნავს სწორედ საქონლის ყარაულს, შესაბამისად, ვ.ა-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს და სასამართლოს მითითება შრომითი ხელშეკრულების ნორმაზე, რომლის თანახმადაც ვ.ა-ი ვალდებულია, ჯეროვნად დაიცვას დოკუმენტაცია, ნიშნავს ადმინისტრაციის მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტების დაცვას და არა მესამე პირების, მათ შორის, სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპოდენციის მიღების შესაძლებლობას. არასწორია სასამართლოს მითითება გზავნილზე არსებული ხელმოწერის სისწორესთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ამ ხელმოწერის ვ.ა-ისათვის კუთვნილება, რადგანაც სასამართლოს წარდეგინა ვ.ა-ის სანოტარო წესით დადასტურებული ხელმწერის ნიმუში, რომელიც განსხვავდება საქმეში არსებულისაგან, ამასთანავე, ხელმოწერილი მტკიცებულება სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეს ერთვოდა, რის გამოც მხარე ექსპერტიზის ჩატარებას ვერ უზრუნველყოფდა, ხოლო ამ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა დაენიშნა ექსპერტიზა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება არ გაამახვილა საჩივრის მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სადავო ხელმოწერა ვ.ა-ს არ ეკუთვნოდა, არამედ ვ.ა-ის თანხმობით, მას ხელი მოაწერა სხვა პირმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის ყარაულის თანხმობის არსებობის ფაქტიც კი არ ნიშნავს შპს «ი. ჭ-ისათვის» სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას, ამასთან, სასამართლოს მსჯელობა, რომ სასამართლო შეტყობინებები ბარდებოდა ვ.ა-ს, არ ადატურებს კორესპოდენციის მიღებაზე მის უფლებამოსილებას, რადგანაც შპს «ი. ჭ-ი» ამ საპროცესო დარღვევებზე არ მიუთითებდა იმ საფუძვლით, რომ საქმის წარმოება არ გაჭიანურებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გ. თ-ისა და შპს «ი. ჭ-ის» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-ისა და შპს «ი. ჭ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 10 დღით სააპელაციო პასუხზე წერილობითი შესაგებლის წარმოდგენისათვის და განემარტათ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგის თაობაზე.

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს: შპს «ი. ჭ-სა» და გ. თ-ეს, საქმეში მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, განჩინება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, ასევე სასამართლო უწყება.

სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათებით დადასტურებულია, რომ სასამართლოს კორესპოდენცია საგარეჯოს რაიონში, «ყურუღის» აღკვეთის ტერიტორიაზე შპს «ი. ჭ-ს» ჩაბარდა 2011 წლის 2 თებერვალს და სასამართლო შეტყობინების ჩაბარებაზე ხელმომწერ პირად მითითებულია ვ. ა-ი, მენეჯერი, ხოლო ქ.თბილისში, მ-ის ქ¹43-ში სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა გ.თ-ეს, შეტყობინების მიღებაზე ხელმომწერ პირად მითითებულია ს. ი-ი, მეუღლე.

საკასაციო სასამართლო მითითებული გარემოებების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარეებს 2011 წლის 14 თებერვლამდე სააპელაციო პასუხი არ წარუდგენიათ სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით განისაზღვრა აპელანტის გამოუცხადებლობის, ხოლო მე-2 ნაწილით _ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შედეგი, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესები სპეციალური ნორმებია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობასთან მიმართებით, ამასთან, კანონმდებელმა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრა, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მათ შორისაა დადგენილ ვადაში სააპელაციო პასუხის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლით დადგენილია საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და კანონმდებელმა შეჯიბრებითი სამოქალაქო პროცესის ფარგლებში სავალდებულოდ დააწესა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

მოცემული საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, ისე, რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მხარის მოთხოვნასთან მიმართების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია, რის გამოც, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს ზემოაღნიშნული, რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების საფუძვლებს, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა შესაგებლის შეუტანლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა ამავე კოდექსის 2321 მუხლით, ხოლო ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ 233.3).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გ. თ-ის მიმართ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმით პირდაპირაა გათვალისწინებული სასამართლო უწყების (შეტყობინების) უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობა და დადგენილია, რომ უწყების გადაცემის დროს მხარის არყოფნისას, ის უნდა ჩაბარდეს მისთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს უბრუნდება საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარებული უწყების (საფოსტო შეტყობინების) მე-2 ეგზემპლარი სხვა პირის ხელმოწერით, საქმის განმხილველი მოსამართლე, გონივრულობის ფარგლებში, ყოველთვის ვარაუდობს, რომ ხელის მომწერი პირი ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია. აღნიშნულ დასკვნას ასევე განამყარებს ზემოაღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლი, რომელიც მიანიშნებს მხარის ვალდებულებაზე, სასამართლოს აცნობოს სწორი მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომის რისკი მხარეს ეკისრება.

ის ფაქტი, რომ სასამართლოში დაბრუნებული შეტყობინების ბარათით მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა პირს, რომელმაც ამ შეტყობინების ჩაბარებაზე უარი არ განაცხადა, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულად ივარაუდოს, რომ შეტყობინების მიმღები პირი სათანადო პირია, შესაბამისად, მხარის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, გ.თ-ის მეუღლე ს.ი-ი არაა, ასევე ის, რომ სასამართლომ მთავარ სხდომაზე თ.ს-ის ზეპირი განმარტების საფუძველზე მიიჩნია დადგენილად, რომ შეტყობინების მიმღები პირი გზავნილის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია, რაც არასწორია, ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც დაუსაბუთებელია მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ მას საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულება მითითებული გარემოების საპირისპიროდ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით საჩივრის წარდგენისას მხარის (გ.თ-ის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა არა მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება, რომ შეტყობინების მიმღები ს.ი-ი არ არის მისი მეუღლე, არამედ იმისაც, რომ ს.ი-ი გ.თ-ის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი საერთოდ არაა. აღნიშნული მოსაზრების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი სხვა პირის მიერ შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობისათვის ადგენს, რომ შეტყობინების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს ადრესატის ოჯახის ნებისმიერი ქმედუნარიანი წევრი და არაა დაკონკრეტებული ადრესატთან ნათესაური ხაზით რა ურთიერთობაში იმყოფება შეტყობინების მიმღები.

შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება, რომ შეტყობინებაზე ს.ი-ის ხელმოწერა ამ შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს არ ადასტურებს. ამასთან, სასამართლოს მიერ თ.ს-ის მოსაზრების გაზიარება წარმოადგენს არა ფაქტის დადგენას, არამედ წარმოადგენს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის ერთ-ერთ არგუმენტს სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, ვინაიდან, აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

რაც შეეხება შპს «ი. ჭ-ისათვის» სასამართლო შეტყობინების ჩაბარების საკითხს, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და განმარტავს, რომ მხარეს ამ მიმართებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლითაც მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესი და განსაზღვრულია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს, ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ, შეტყობინება ჩააბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მოდავე მხარეთა შორის განაწილების საკითხი და დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი შპს «ი. ჭ-ის» სახელით ვ. ა-ის მიერ შეტყობინების ჩაბარებას სადავოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოარკვია ვ. ა-ის თანამდებობა, არასწორად ჩათვალა, რომ «ეგერის» თანამდებობა არ იყო საქონლის ყარაულის თანამდებობა, რაც გამორიცხავდა მის უფლაბას, საზოგადოების სახელით ჩაებარებინა შეტყობინება. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ დანიშნა ხელმოწერის ნამდვილობისათვის ექსპერტიზა და შეფასება არ მისცა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას ვ.ა-ის ნებართვით უწყების ჩაბარებაზე სხვა პირის მიერ ხელის მოწერის შესახებ.

აღნიშნული მოსაზრებების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება შპს «ი. ჭ-თან» (რაც მას სადავოდ არ გაუხდია და დადასტურებულია საქმეში არსებული შრომითი ხელშეკრულებითაც), სწორედ რომ ვ.ა-ის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა, სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას, მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება. აღნიშნული ფაქტი თავისთავად გამორიცხავს მხარის მტკიცების საფუძვლიანობას, რომ საქმეში არსებული სხვა სასამართლო შეტყობინებების ვ.ა-ის მიერ ჩაბარება ასევე კანონის დარღვევა იყო, თუმცა ამას სადავოდ შპს «ი. ჭ-ი» არ ხდიდა სამართალწარმოების გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით.

რაც შეეხება მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მტკიცების სტანდარტს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ ექსპერტიზის დანიშვნა მხარეს შეეძლო საკუთარი ინიციატივით, რადგანაც სასამართლოს საქმეში ჰქონდა მტკიცებულება, რომლის გაქარწყლებაც საჩივრის ავტორს ევალებოდა. ის გარემოება, რომ საქმე სასამართლოს წარმოებაში იყო, არ გამორიცხავს მხარის შესაძლებლობას, ჩაატაროს პირველადი თუ განმეორებითი ექსპერტიზა (ექსპერტიზის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე კვლევის მასალების გადაცემის აკრძალვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს). ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს არანაირი ვალდებულება ექსპერტიზის ჩატარებისა არ გააჩნდა, რის გამოც მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად სასამართლომ შეტყობინების ჩაბარება სწორად მიიჩნია კანონის სრულყოფილი დაცვით ადრესატისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა, ამასთანავე, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც გამორიცხავს მოცემული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. თ-ისა და შპს «ი. ჭ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.