Facebook Twitter

ას-1296-1316-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «ლ-ი»

წარმომადგენელი – გ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ნ2»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნით სარგებლობის აკრძალვა, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 12 აგვისტოს სს «ლ-მა» მცხეთის რაიონულ სასამართლოში შპს «ნ2-ის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თავის პროდუქციაზე სასაქონლო ნიშნის «ნ-ის წ-ის» გამოყენების აკრძალვა, მოპასუხისათვის ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე მუხლში ჩამოთვლილ პროდუქტზე ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, რომელიც შეიცავს სახელწოდებას «ნ-ი», აღნიშნული სასაქონლო ნიშნის შემცველი ყველა ეტიკეტის, შესაფუთი მასალის და სარეკლამო განცხადების განადგურება.

მოსარჩელის განმარტებით 2009 წლის 14 აპრილიდან სიტყვა «ნ-ი» საქპატენტში რეგისტრირებულია სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშნად. რეგისტრაცია განხორციელდა ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე კლასში ჩამოთვლილ პროდუქტზე. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი «ნ-ი» ამავდროულად აღიარებულია საქართველოში საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად. შპს «ნ-ი 2» აწარმოებს მოსარჩელის მსგავს საქონელს – სასმელ წყალს და მასზე იყენებს სასაქონლო ნიშანს «ნ-ის წ-ი», რითაც მოსარჩელის განსაკუთრებულ უფლებებს არღვევს.

შპს «ნ2-მა» შეგებებული სარჩელი წარადგინა და სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშან «ნ-ის» ბათილად ცნობა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით: შპს «ნ2» 2003 წლის 24 დეკემბრიდან აწარმოებს «ნ-ის წ-ს», შესაბამისად, მისი სასაქონლო ნიშანი უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონეა. სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია კი, მის ინტერესებს ლახავს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «ლ-ის» სარჩელი შპს-სთვის «ნ2» სასაქონლო ნიშნის «ნ-ის წ-ი» სარგებლობის აკრძალვის მოთხოვნით და შპს «ნ2-ს» შეგებებული სარჩელი სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით სს «ლ-ისა» და შპს «ნ2-ის» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2009 წლის 14 აპრილიდან საქპატენტში სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებულია ქართული და ლათინური შრიფტით გამოსახული სიტყვა «ნ-ი N-ი», რომელიც გამოსახულია შავ-თეთრ ფერებში. სასაქონლო ნიშნის მფლობელია სს «ლ-ი». სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციით 32 კლასში მითითებულ შემდეგ საქონელზე – ლუდი; უალკოჰოლო სასმელები, მათ შორის მინერალური და გაზიანი წყალი, ხილის წვენები და სასმელები; ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები;

2. საქპატენტის სააპელაციო პალატის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი «ნ-ი N-ი» აღიარებულია საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად საქართველოს ტერიტორიაზე;

3. სს «ლ-ი» მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში 2005 წლიდან აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს სახელწოდებით «ნ-ი». ლიმონათისა და ლუდის საწარმო მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში. სიტყვა ნ-ის სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციამდე სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირდა ლუდ ნ-ის ეტიკეტი, რომელიც გამოსახულია სს «ლ-ის» სატიტულო ფურცელზე. აღნიშნულ სასაქონლო ნიშანში სიტყვა ნ-ი ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით;

4. შპს «ნ2» სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2001 წლის 22 თებერვლიდან და დაფუძნების დღიდან მისი საფირმო სახელწოდებაა «ნ2»;

5. 2004 წლიდან შპს «ნ2» აწარმოებს სასმელ წყალს სახელწოდებით «ნ-ის წ-ი». აღნიშნული პროდუქტის ეტიკეტი არის შემდეგი სახის: ცისფერ ფონზე ეტიკეტის ცენტრში არსებულ სფეროში გამოსახულია თეთრი ფერის მთები, სფეროს მარცხენა მხარეს ბორჯღალი, ხოლო სფეროს ქვეშ მოთავსებულია წარწერა «ნ-ის წ-ი», სიტყვა ნ-ი გამოსახულია წითელ ფერში, ხოლო სიტყვა წ-ი ლურჯ ფერში. ამ წარწერის ქვემოთ მითითებულია პროდუქტის სახელწოდება ლათინური შრიფტით «N შ-შ”. ეტიკეტის მარცხენა მხარეს აღნიშნულია – არაგაზირებული წყაროს წყალი არაგვის ხეობიდან. მოპასუხის მიერ წარმოებული სასმელი წყლის მეორე ეტიკეტი განსხვავდება ზემოთაღნიშნული ეტიკეტისაგან იმით, რომ სფეროს ქვეშ პროდუქტის სახელწოდება ჯერ აღნიშნულია ლათინური შრიფტით, ხოლო მის ქვეშ სახელწოდება მითითებულია ქართულ ენაზე. ეტიკეტზე მითითებულია, რომ ჩამოსხმულია საქართველოში, შპს «ნ2-ის» მიერ, ნ-ის საბადო, მცხეთის რაიონის სოფელი ნ-ი;

6. «ნ-ი» არის საქართველოს ტერიტორიული ერთეულის სახელწოდება – მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლის დასახელება;

7. შპს «ნ2» სასმელ წყალს აწარმოებს მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში არსებული სასმელი წყლის საბადოდან;

8. საქპატენტში სასაქონლო ნიშანი «ნ-ის წ-ი” რეგისტრირებული არ არის. სიტყვა «ნ-ი» ადგილწარმოშობის დასახელებად საქპატენტში რეგისტრირებული არ არის;

9. შპს «ნ2-მა» სასმელი წყლის «ნ-ის წ-ის» წარმოება-რეალიზაცია დაიწყო სს «ლ-ის» მიერ ლუდისა და ლიმონათის წარმოების დაწყებამდე.

გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლად ითვალისწინებს უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან აღრევის შესაძლებლობის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქპატენტში სასაქონლო ნიშანი «ნ-ის წ-ი» რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულის გამო, იგი ვერც ადრინდელი პრიორიტეტის მატარებელი ვერ იქნება, ვინაიდან, საერთოდ არ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნას და შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ დაცვის ობიექტს. მოპასუხის საფირმო სახელწოდებისა და სს «ლ-ის» სასაქონლო ნიშნის მსგავსების არსებობა ხსენებული ნორმის მიხედვით არ არის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი. ხსენებული ნორმის მიხედვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველია სამი გარემოების ერთდროულად არსებობა: სასაქონლო ნიშანი შეიცავს სხვა იურიდიული პირის საფირმო სახელწოდებას, საფირმო სახელწოდებაზე უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, ამ გარემოებების შედეგად ჩნდება მათ შორის აღრევის შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში კი, პროდუქციის მწარმოებლების აღრევა არ ხდება.

რაც შეეხება სს «ლ-ის» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელია აპელანტის განმარტება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია სიტყვა ნ-ის და ნ-ის წ-ის ერთმანეთთან აღრევის შესაძლებლობის არსებობის ფაქტი. სს «ლ-ის» მიერ წარმოდგენილი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეკითხვაზე, რომელი კომპანია აწარმოებს დაფასოებულ სასმელ წყალს «ნ-ის წ-ი», კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 70.1%-მა არ იცის მწარმოებელი კომპანია, ხოლო მათ შორის ვინც იცის ყველაზე დიდმა ნაწილმა – 27.4%-მა კომპანია ნ-ი დაასახელა. ამავე გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 47.7%-ის აზრით «ნ-ის წ-ს” იგივე კომპანია აწარმოებს, რომელიც აწარმოებს ნ-ის ლიმონათსა და ლუდ ნ-ს. მოსახლეობის თითქმის იდენტურ რაოდენობას გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მხოლოდ 7.2% პროცენტი აღმოჩნდა სწორად ინფორმირებული «ნ-ის წ-ის» მწარმოებელი კომპანიის შესახებ. აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის თითქმის 50%-ისათვის (45.1%) საერთოდ უცნობია სასმელი წყლის «ნ-ის წ-ის» მწარმოებელი კომპანია, მხოლოდ 7%-ია ინფორმირებული სწორად მწარმოებელი კომპანიის შესახებ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებში მოცემულ მე-3 საკითხზე – რომელი კომპანია აწარმოებს დაფასოებულ სასმელ წყალს «ნ-ის წ-ი» მიღებულია შემდეგი პასუხი: კომპანია, რომელთანაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (95.3%) აკეთებს «ნ-ის წ-ის» ასოცირებას, ნ-ია. კვლევის ჩატარების დროს კომპანიების ჩამონათვალში მითითებულია მოსარჩელე სს «ლ-ი», თუმცა გამოკითხულთა ძალიან მცირე რაოდენობამ - მხოლოდ 0.60%-მა დაასახელა იგი «ნ-ის წ-ის» მწარმოებლად. ეს გარემოება სასამართლოს აზრით მიუთითებს იმაზე, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობისათვის ყველა საქონლის მწარმოებელი, რომლის სახელწოდება შეიცავს სიტყვას «ნ-ი” არის კომპანია ნ-ი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტებას პარიზის კონვენციის მოქმედებასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულება, მსგავსად «სასაქონლო ნიშნების შესახებ» საქართველოს კანონისა, არ ანიჭებს მას სასაქონლო ნიშნის «ნ-ი N-ი» გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული გეოგრაფიული სახელწოდების გამოყენების უპირატეს უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის «ნ-ი N-ი» საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად აღიარების ფაქტი არ ანიჭებს სს «ლ-ს» მისი გამოყენების უპირატეს უფლებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ სასაქონლო ნიშნის მსგავს ან იდენტურ სასაქონლო ნიშანს იყენებენ საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის მოსანიშნად. შპს «ნ2» სასმელ წყალს «ნ-ის წ-ი» აწარმოებს მცხეთის რაიონის სოფელ ნ-ში, ამავე გეოგრაფიულ ადგილზე არსებული მტკნარი წყლის საბადოდან. შესაბამისად, აღნიშნული საქონლის სახელწოდებაში სიტყვა ნ-ის გამოყენება აუცილებელია პროდუქტის ნამდვილი გეოგრაფიული წარმოშობის, მისი ადგილწარმოშობის აღსანიშნავად.

აღნიშნული განჩინება სს «ლ-მა» თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ ნაწილში მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რა განსხვავებაა რეგისტრირებულ და საყოველთაოდ აღიარებულ სასაქონლი ნიშნებს შორის. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა პარიზის კონვენციის მე-6ბის მუხლი, ამასთან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა - «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონის მე-7 მუხლი. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის მფლობელზე. პარიზის კონვენცია საყოველთაოდ ცნობილი ნიშანს უპირობოდ იცავს ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებისაგან. ასეთი ნიშნის მფლობელი განსაკუთრებულ უფლებებთან მიმართებით სრული მონოპოლისტი ხდება, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «ლ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სს «ლ-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს «ლ-ის» (საიდენტიფიკაციო ...) საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.