ას-1312-1332-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ც. ჯ-ა, მ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «... ცენტრი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ჯ-ამ და მ. ქ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს «... ცენტრის» მიმართ სახელფასო დავალიანების _ ც.ჯ-ას მიმართ 1425.60 ლარის, ხოლო მ. ქ-ას მიმართ _ 469.80 ლარის, ასევე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელეები მუშაობდნენ ... კადრების მომზადებისა და გადამზადების ცენტრში და 2005 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით იღებდნენ ხელფასს. 2005 წლის სექტემბრიდან გათავისუფლების დღემდე _ 2006 წლის 17 მაისამდე არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასი. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მოპასუხემ განუმარტათ, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდნენ ხელფასს, მაგრამ აღნიშნული დანაპირები არ განხორციელებულა, ამასთან, მოპასუხის წერილობითი განმარტებით, 2006 წლის 17 მაისიდან პერიოდის ანაზღაურებისათვის მოსარჩელეებს უნდა მიემართათ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის.
შპს «... ცენტრმა» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხანდაზმულია, რადგანაც მოსარჩელეები ითხოვენ 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მაისის ჩათვლით გაუცემელი ხელფასის ანაზღაურებას, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია 2010 წლის 9 სექტემბერს, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა გაუცემელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ხელფასის ანაზღაურების დაყოვნებისათვის 0.07%-ის დაკისრების ვალდებულება წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ თანხის დაყოვნებისათვის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების თანამდევ შედეგს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სათანადო საფუძვლები, ბუნებრივია, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პროცენტის მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ჯ-ასა და მ. ქ-ას სარჩელი შპს ,,... ცენტრის» მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს ,,... ცენტრში». მოსარჩელის პოზიციით მათი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მოსაზრება, ვინაიდან აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს პერიოდულად, ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას და თითოეული თვის ხელფასის მიღების დროიდან უნდა აითვალოს მოთხოვნის წარმოშობისა და ხანდაზმულობის ვადები. 2005, 2006 წლების პერიოდიდან ამ წლების ყველა თვის შემდეგ სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტისთვის – 2010 წლის 9 სექტემბერისათვის გასულია სამ წელზე მეტი და მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა ამ დროის განმავლობაში რაიმე საფუძვლით შეჩერდა ან შეწყდა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთი იყო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ც. ჯ-ასა და მ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა ახალი მტკიცებულებისა და ახალი ფაქტობრივი გარემოების მიღების, ასევე მესამე პირად საქმეში მხარის ჩაბმის შუამდგომლობები შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით რაიმე პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. აპელანტთა მსჯელობა შემოიფარგლება მხოლოდ ახალი მტკიცებულების შინაარსის და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგის მოხსენიებით, მისი საქმისათვის დართვის აუცილებლობით, ასევე მითითებული წერილის (მტკიცებულების) გამცემი არასამეწარემო იურიდიული პირის – «... გაერთიანების» დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩართვის აუცილებლობაზე.
მითითებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დანაწესის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შუამდგომლობის დაყენებისათვის დაცული უნდა იყოს ფორმალური საფუძველი, კერძოდ, 380-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ახალი მტკიცებულების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობა. აპელანტთა ძირითადი პოზიცია ემყარება მათ მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეც მხარე თვლის, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა იქნება პერსპექტიული, ამასთან, არ არის მითითებული გარემოებები, რაც მათ მიერ ახალი მტკიცებულების საქმის განხილვის ამ ეტაპზე წარმოდგენის საპატიოობას დაასაბუთებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა არგუმენტი, რომ ახალი მტკიცებულების სააპელაციო წარმოების ეტაპზე წარდგენა შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ აღნიშნული მოძიებულ იქნა ერთ-ერთ ყოფილ თანაშრომელთან. სასამართლოს განმარტებით, ფორმალური საფუძვლის დაცულობის შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი შუამდგომლობა დასაბუთებულობის თვალსაზრისითაც მოკლებულია დამაჯერებლობას, რამდენადაც «... გაერთიანების» მიერ გაცემული 2007 წლის 29 ნოემბრის ¹286/01-2 წერილი განსახილველ დავასთან არ არის შემხებლობაში, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ადრესატი შპს «... ცენტრია», რომელიც, როგორც საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით დასტურდება, წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელთან მიმართებაშიც სახელფასო დავალიანების არსებობა-არარსებობის შესახებ საკითხი, არ შეიძლება ემყარებოდეს სხვა სუბიექტის _ «... გაერთიანების» მიერ გაცემული წერილის მონაცემებს. სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლისა და 215-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებს მესამე პირის სახით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე არასამეწარმეო იურიდიული პირის «... გაერთიანების» საქმეში ჩართვის შესახებ შუამდგომლობის ამ ეტაპზე დაყენების საპატიო მიზეზს. გარდა ამისა, აპელანტის მსჯელობა, რომ, ვინაიდან ახალი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 2007 წლის 29 ნოემბრის ¹286/01-2 წერილი გაცემულია «... გაერთიანების» მიერ, არ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირის სახით საქმეში ჩართვისათვის აუცილებელ წინაპირობას (სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ), მესამე პირის ჩართვის შესახებ შუამდგომლობა მოკლებულია, როგორც დასაბუთებულობას, ასევე ფორმალურ საფუძვლიანობას.
სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლით გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ, არამედ, წარადგინეს შუამდგომლოები ახალი მტკიცებულებისა და მესამე პირის საქმეში ჩაბმის შესახებ რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, ჩათვალა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობა.
ამასთანავე, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას შრომითი სამართლებრივი ურთეირთობიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის დროისა და სარჩელის აღძვრის დროის შესახებ და, რადგანაც ეს გარემოებები აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ, ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 130-ე, 131-ე, 132-ე, 137-ე და 138-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ სწორი სამართლებრივი დასკვნა გააკეთა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ასევე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. ჯ-ამ და მ. ქ-ამ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლი რომლითაც მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წესია რეგულირებული. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს სახელფასო დავალიანების დაფარვის თხოვნით, რასაც «... გაერთიანებამ» უპასუხა 2007 წლის 29 ნოემბერსა და 2010 წლის 13 ივლისს ¹286/01-2, ¹232/01-2 და ¹233/01-2 წერილებით. სასამართლოს არც პირველი და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არ უმსჯელია, იყო თუ არა «... გაერთიანება» უფლებამოსილი, წერილობით ეპასუხა შპს «... ცენტრის» ყოფილი თანამშრომლებისათვის.
არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მიერ ვალის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი.
სასამართლომ, მტკიცებულების არასათანადო ანალიზის შედეგად, არასწორად დაადგინა, რომ მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებას დავის საგანთან შემხებლობა არ აქვს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის სწორედ ეს მტკიცებულება უნდა იქნას შესწავლილი, ამასთან, სააპელაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, სრული უფლება ჰქონდა, მიეღო სადავო მტკიცებულება.
კასატორებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მოცემულ დავაში მესამე პირად «...» ჩაბმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ც. ჯ-ა და მ. ქ-ა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ, ხოლო მათი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამასთან, ამავე განჩინებით კასატორებს უარი ეთქვათ მესამე პირის საქმეში ჩაბმის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც. ჯ-ასა და მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ ¹ას-599-562-2010).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. ჯ-ასა და მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ჯ-ასა და მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.