Facebook Twitter

¹ბს-1440-1168-კ-04 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 24 ნოემბერს გ. ფ-ემ განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1944-48 წლებში მისი მშობლები გადასახლებული იყვნენ შუა აზიაში და მათთან ერთად იმყოფებოდა თვითონაც.

გამომდინარე აქედან, განმცხადებელი ითხოვდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებასა და უდავო წარმოების წესით 1944-48 წლებში მშობლებთან ერთად შუა აზიაში ყოფნის დადასტურებას.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ იგი 1944 წელს მშობლებთან ერთად გადასახლებული იყო შუა აზიაში და აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

2003წ. 29 აგვისტოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს და მოთხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ შუახევის რაიონის არქივის მონაცემებით, გ. ფ-ის მამას _ ა. ფ-ეს 1945-1948 წლებში კოლმეურნეობაში გამომუშავებული ჰქონდა შრომადღეები და შესაბამისად, 1944-1948 წლებში გ. ფ-ე მშობლებთან ერთად გადასახლებაში ვერ იქნებოდა, ამასთან, გადასახლების შესახებ საარქივო ცნობაში აღნიშნული იყო სახელი გურამი, როცა მას იმ დროს ერქვა გინალი.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონული განყოფილების განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ. აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით შუახევის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონული განყოფილების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით შუახევის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრისა და 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებები და გ. ფ-ის განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. მხარეს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საერთო სასარჩელო წესით.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1944-48 წლებში გ. ფ-ის ოჯახი შუახევის რაიონის სოფ. .... საკომლო წიგნში ირიცხებოდა და საკოლმეურნეო შრომაში მონაწილეობდა.

სასამართლოს მოსაზრებით, 1944-48 წლებში არსებული სახელმწიფო რეჟიმიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, საარქივო ჩანაწერებში ყალბი მონაცემების შეტანა და ამასთან, გ. და ა. ფ-ებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა გადასახლების შესახებ, აღდგენილი სააღრიცხვო – საალფავიტო ბარათებიდან იყო გაცემული და არა ძირითადი საარქივო დოკუმენტებიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ნოემბრისა და 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებები და გ. ფ-ის განცხადება მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. მას განემარტა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს სარჩელით საერთო საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, “თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე”.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო განეხილა საქმე არსებითად, ემსჯელა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან სასამართლოში სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი.

2004წ. 17 თებერვალს გ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის განჩინებით გ. ფ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; გ. ფ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მის კანონიერ უფლებებში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გ. ფ-ე და მისი ოჯახის წევრები საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური მოტივით არ იყვნენ გადასახლებული საქართველოდან, ხოლო, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაცემულ ცნობას მათი შუა აზიაში გადასახლების შესახებ, იგი არ შეესაბამება სინამდვილეს და გაცემულია უსაფუძვლოდ, ვინაიდან. გ. ფ-ის მამას – ა. ფ-ეს შუახევის რაიონის არქივის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, დღვანის კოლმეურნეობაში 1945 წელს გამომუშავებული აქვს 134 შრომა დღე, ასევე 1946, 1947 წლებში გამომუშავებული აქვს სხვადასხვა რაოდენობის შრომადღეები და აპელანტის მითითებით, შეუძლებელია ერთსა და იმავე წლებში გ. ფ-ე თავის მშობლებთან ერთად ყოფილიყო გადასახლებული და აგრეთვე, ა. ფ-ეს დღვანის კოლმეურნეობაში გამომუშავებული ჰქონოდა შრომადღეები.

აქედან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ” კანონის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 მუხლების თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხერპლად აღიარება შეიძლება იმ პირებისა, ვინც უშუალოდ იყვნენ გადასახლებული საქართველოდან იძულების წესით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

საქართველოს საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, “საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.”

სააპელაციო პალატის მითითებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ფ-ის 1944-48 წლებში საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში გასახლების ფაქტი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში და ამასთან, მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე მიანიჭა უპირატესობა შუახევის რაიონის გამგეობის ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობასთან მიმართებაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები და არ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

კასატორი გ. ფ-ე დაიბადა ...; წელს შუახევის რაიონის სოფ. ..., მისი ოჯახი შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან: მამა _ ა. ფ-ე, დედა _ უ. ფ-ე და 4 დედმამიშვილი, რომელთა შორის იყო თავად კასატორი.

გ. ფ-ე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, მე-2, მე-3 მუხლების, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-6 მუხლის შესაბამისად და მიუთითებდა, რომ მისი მშობლები და მათთან ერთად ისიც, ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე, 1944 წელს გადაასახლეს შუა აზიაში.

აღნიშნული კანონის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მოთავსება ან სხვა კანომდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომლებიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, ან არსებული რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებასთან.

სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით, რომ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ცნობა კასატორის მამის მიერ 1945-48 წლებში კოლმეურნეობაში გამომუშავებული შრომა-დღეების თაობაზე, არ გაიზიარა კასატორის მიერ შს სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობა ა. ფ-ის 1944 წელს შუა აზიაში გასახლებისა და 1956 წელს კომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე და მიიჩნია, რომ გ. ფ-ეზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მარტოოდენ ზემოაღნიშნულ საფუძველზე მითითებით მოსარჩელისთვის (კასატორისთვის) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. ყველა საარქივო მასალა, რომელიც უკავშირდება ამა თუ იმ პირის რეპრესირების საკითხს, დაცულია შს სამინისტროში (როგორც უშიშროების სამინისტროს სამართალმემკვიდრე), რომლის ფუნქციაშიც შედიოდა საარქივო საქმიანობის წარმოება.

ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციურობის ელემენტების გათვალისწინებით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ორგანოდან მოძიებულ იქნეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, საქმე გადაწყვიტოს სათანადო მტკიცებულების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რა მოტივითაც საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება.