ას-1337-1355-2011 07 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ზ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი მოპასუხე ზ. კ-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 10396 ევროს, სახელმწიფო ბაჟის 779 ლარისა და იურიდიული მომსახურების თანხის 1039 ლარის დაკისრება, არ დაკმაყოფილდა (ტომი 3, ს.ფ. 79-86).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით (ტომი 3, ს.ფ. 89-107).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. კ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3900 ევროს შესაბამისი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით; გარდა ამისა, მოპასუხეს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 613.26 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის, ხოლო _ 200 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის სანაცვლოდ. ამავე გადაწყვეტილებით აპელანტს უარი ეთქვა 2010 წლის 10 ნოემბრისა და 2010 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებების გაუქმებაზე, რაც ასევე წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის ნოემბერში ი. ა-მა ზ. კ-ის სახელზე გერმანიიდან გამოაგზავნა მეორადი საბურავებითა და ორი ავტომანქანით დატვირთული კონტეინერი;
კონტეინერი მიიღო და საქონელი განაბაჟა ზ. კ-ემ;
ზ. კ-ემ კონტეინერით მიიღო არა 1000, არამედ 850 ცალი საბურავი;
ორი ავტომანქანა (ფორდი ესკორტი და ფორდი მონდეო), რომელიც ასევე ი. ა-ის გადმოგზავნილ კონტეინერში იყო განთავსებული, მიიღო და განაბაჟა ი. ხ-მა და ნ. ქ-ემ;
საქმეზე წარმოდგენილ კონოსამენტში დაფიქსირებულია, რომ ტვირთის (კონტეინერის) მიმღები არის ზ. კ-ე, რომ გამოყენებული მეორადი საბურავი იგზავნება ზ. კ-ისათვის, ფორდი ესკორტი _ ი. ხ-ისათვის, ფორდი მონდეო _ ნ. ქ-ისათვის;
უდავოდ დგინდებოდა, რომ სადავო ავტომანქანები მართლაც მიიღეს და განაბაჟეს ი. ხ-მა და ნ. ქ-ემ;
იგივე ფაქტობრივი გარემოება, ანუ, საბურავების ზ. კ-ის, ავტომანქანა ფორდის ი. ხ-ის, ხოლო მეორე ავტომანქანა ფორდის ნ. ქ-ის მიერ მიღება დასტურდებოდა ე.წ. «მინაწერით», რომელიც კონტეინერის გადმოტვირთვისას შედგენილ დოკუმენტს წარმოადგენდა;
საქმეზე წარდგენილი 2008 წლის 19 ნოემბრის ინვოისით ირკვეოდა, რომ ი. ა-ის ფირმა «ჩარ@ჭჰეელ-ის“ მიერ ზ. კ-ისათვის გამოგზავნილია ნახმარი საბურავი 1000 ცალი, ერთი ცალი 5 ევროდ;
დგინდებოდა, რომ 2008 წლის სექტემბრამდე უშუალოდ ი. ა-სა და მოპასუხე ზ. კ-ეს შორის არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა;
2007 წლიდან სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთთან იმყოფებოდნენ ზ. კ-ე და ა. ა-ი, რომელიც საკუთარი სახელით დებდა გარიგებებს ზ. კ-ესთან, ი. ა-ის ფირმის გამოყენებით, რადგან იყო ი. ა-ის ფირმის თანამშრომელი;
საქმეში წარდგენილი 2007 წლის 22 მაისის საგადასახადო დავალებით, 2007 წლის 16 სექტემბრის ფულის გაგზავნის «ვესტერნ იუნიონით» დასტურდებოდა, რომ ზ. კ-ე თანხებს ა. ა-ს ურიცხავდა და არა ი. ა-ს;
გადმოგზავნილი საბურავების 5 ევროდ ღირებულება დასტურდებოდა ასევე საქმეში წარდგენილი 2009 წლის 11 იანვრის წერილით, რომელზეც ხელს აწერენ როგორც ზ. კ-ე, ისე ი. ა-ი, ა. ა-ი და ჰ. ე-ე;
იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დანიშნულების ადგილზე, ქ.ფოთში ზ. კ-ემ მიიღო არა 1000, არამედ 780 ცალი ავტომანქანის მეორადი საბურავი, ადასტურებდა საქმეში განთავსებული შემოსავლების სამსახურის ქ.ფოთის რეგიონალური ცენტრის მიერ შედგენილი დათვალიერების აქტი ¹29, საიდანაც დგინდებოდა, რომ მიღებული იყო 780 ცალი მეორადი მოხმარების საქონელი;
ს.ფ. 124-ზე (ტომი 2) წარდგენილი იყო 2009 წლის 13 იანვრის საგადასახადო დავალება ¹2. მითითებული დოკუმენტით ირკვეოდა, რომ ფოთის რეგიონალურ საგადასახადო ინსპექციას (მიმღებს) ზ. კ-ემ (გადასახადის გადამხდელმა) გადაუხადა 1243.06 ლარი (საგადასახადო ინსპექციას და არა ი. ა-ს, როგორც ეს ზ. კ-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ემ ი. ა-ისაგან მიიღო არა 1000, არამედ 780 ცალი საბურავი. ამასთან, იმავე Dდღეს ზ. კ-ემ, როგორც მეწარმე სუბიექტმა და გადასახადის გადამხდელმა ანგარიშსწორება აწარმოა საგადასახადო ინსპექციასთან სახელმწიფო ხაზინაში თანხის _ 1243.06 ლარის გადახდით;
საქმეზე უდავოდ დგინდებოდა, რომ 780 ცალი მეორადი მოხმარების საბურავის თანხა ზ. კ-ეს არ გადაუხდია. პირველი ინსტანციის სასამართლოში მან დაადასტურა, რომ ბოლო კონტეინერის თანხა არ გადაუხდია, რადგან საქონელი იყო უხარისხო (ტომი 2, ს.ფ. 60).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. 494-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ნაკლი ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. 495-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სწორედ მეორადი მომსახურების საბურავების ნასყიდობის თაობაზე შედგა შეთანხმება გამყიდველ ი. ა-სა და მყიდველ ზ. კ-ეს შორის, 2008 წლის სექტემბერში; უფლებრივი ნაკლი ი. ა-ის მიერ გამოგზავნილ ნივთს (მეორადი მოხმარების საბურავებს) არ გააჩნდა და იგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეE მიიღო ხელშემკვრელმა მხარემ – ზ. კ-ემ; გერმანიაში ზ. კ-ის მიერ გაგზავნილ პიროვნებას, ე. ქ-ეს (რომელსაც ნაყიდი საქონელი უნდა შეეფასებინა) , არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია გამყიდველის, ი. ა-ის მიმართ. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში ი. ა-ის მიერ მიცემულ განმარტებაზე. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქონლის შესყიდვის მომენტში გამყიდველისათვის რაიმე პრეტენზიის წაყენების ფაქტი არ დაუდასტურებია არც მოწმე ე.ქ-ეს და არც ზ. კ-ეს. პირიქით, მოწმე ე. ქ-ემ განმარტა, რომ ნივთის ნაკლის თაობაზე მან მყიდველს შეატყობინა და არა გამყიდველს.
გარდა ამისა, საქმეზე უდავოდ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. კ-ე არის მეწარმე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნივთის ნივთობრივი ნაკლის (ანუ შეთანხმებული ხარისხის არ ქონა) დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, საშეღავათო გარემოება ვერ შეიქმნებოდა ზ. კ-ისათვის, რადგან იგი, როგორც მეწარმე სუბიექტი ვალდებული იყო შესყიდვისთანავე შეემოწმებინა ნივთი და ნივთის ყიდვის ყიდვის მომენტში განეცხადებინა პრეტენზია ნივთის ნაკლთან დაკავშირებით (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი), მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი (წარმომადგენელი) ესწრებოდა ნაყიდი საქონლის გადმოტვირთვას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ასეთი რამ ზ. კ-ის მხრიდან არ განხორციელებულა, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის თანახმად, მას ერთმეოდა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შეთანხმება, ერთი ცალი მეორადი საბურავის ღირებულებასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად 5 ევროზე იყო, ეს თავად ზ. კ-ემ დაადასტურა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსით, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. საქმეზე წარდგენილი 2009 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული წერილით, თავად ზ. კ-ის, ი. ა-ისა და მოწმეთა განმარტებებით, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ურთიერთობა ი. ა-სა და ზ. კ-ეს შორის 2008 წელს წარმოიშვა და მხარეთა შეთანხმების საგანი იყო 1000 ცალი 5-ევროიანი საბურავის მიყიდვა/გამოგზავნა ზ. კ-ისათვის. ზ. კ-ეს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, რომ ის 2-ევროიანი საბურავის გამოგზავნაზე იყო შეთანხმებული ი. ა-თან. პირიქით, მოსარჩელე ყველგან ადასტურება, რომ შეთანხმება მოიცავდა 5-ევროიანი საბურავის გადმოგზავნის პირობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეები სწორედ ამ ფასიანი საბურავის გადმოგზავნაზე შეთანხმდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 780 საბურავის ღირებულება, ხოლო თითოეულის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 5 ევროდ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმებაზე აპელანტს ეთქვა უარი, რადგან სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ განჩინებების მიღებისას არ დარღვეულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები (ტომი 3, ს.ფ. 192-211).
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
საქმის განმხილველი სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება არასდროს ყოფილა სადავო. პირიქით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ზ. კ-ემ მიიღო საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების თანახმად, მოპასუხემ მიიღო 780 ცალი მეორადი საბურავი 2 ევროდ. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მიწოდებული საქონლის რაოდენობა არის 780, ხოლო ღირებულება შეადგენს 5 ევროს. ასეთ დასკვნამდე სასამართლო მივიდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ინვოისებზე და 2009 წლის 11 ნოემბრის ხელწერილზე დაყრდნობით, რამდენადაც ამ დოკუმენტს თავად ადგენს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს 10, 12, 15 და ა.შ. ევრო უნდა დაეკისრებინა. ხელწერილის თანახმად, არა მხარეები, არამედ ზ. კ-ე და ა. ა-ი შეთანხმდნენ სამომავლოდ, რომ მოსარჩელის მარწმუნებელს მიაწოდებდნენ 5-ევროიან საბურავებს. ამ შეთანხმებამდე ისინი შეთანხმებულნი იყვნენ 2-ევროიან საქონელზე, რაც დასტურდება საქმეში არსებული მასალებით _ 2007 წლის ინვოისებით, გადახდის ქვითრებით და საბაჟო დეკლარაციით. სასამართლოს განმარტებით, ზ. კ-ეს სასამართლოში არ განუცხადებია, რომ შეთანხმებულნი იყვნენ 2-ევროიან საბურავზე, მაშინ როდესაც მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო 2008 წლის სექტემბრამდე გამოგზავნილი მეორადი საბურავების დოკუმენტები, რომლებითაც დგინდება, რომ მხარეები ყოველთვის შეთანხმებულნი იყვნენ 2-ევროიან საქონელზე. შესაბამისად, მოპასუხე ყოველთვის აცხადებდა, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ 2-ევროიან საბურავზე, მაგრამ ეს საბურავიც იყო ნაკლიანი (ტომი 3, ს.ფ. 216-220).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (435.15 ლარი) 70% _ 304.605 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ. კ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (435.15 ლარი) 70% _ 304.605 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.