ას-1338-1356-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ-ი, ვ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. და ვ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა და შ. მ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 3 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, არასწორად აღირიცხა მოსარჩელეთა ქონება და დაედო ყადაღა. საგარანტიო ფურცლებითა და დაყადაღებული ტექნიკის ტექნიკური პასპორტებით დასტურდება ამ ქონებაზე მოსარჩელეთა უფლებები. აღნიშნული მტკიცებულებების სიყალბე დადგენილი არაა. მოპასუხე შ. მ-ი დაოჯახების შემდეგ მოსარჩელეთა კუთვნილ მისამართზე აღარ ცხოვრობს და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც სადავო ქონების მოპასუხე შ.მ-ის საკუთრებად მიჩნევის წინაპირობა გახდებოდა. ქონების ნაწილი, რომელიც აღმასრულებელმა არასწორად ჩათვალა მოვალის ქონებად, შეძენილია შ.მ-ის დაბადებამდე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, შეძენილი ქონების ტრანსპოტირებისას გამოწერილი ზედნადებები, ხოლო ქონების გამყიდველ მაღაზიას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობა არ გააჩნია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შ.მ-ს სადავო ნივთების შეძენის ფინანსური წყარო არ გააჩნია, ხოლო ქონების დაყადაღება გამოიწვია აღმასრულებლის მიერ გარემოებათა არასრულყოფილმა გამოკვლევამ.
მოპასუხე შ. მ-ი დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და ცნო სარჩელი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
აღმასრულებლის 2011 წლის 3 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმი კანონიერია, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ამ ქონებაზე მათი საკუთრების უფლება, მტკიცებულებები წარმოდგენილია ასლის სახით, არაა დასმული ორგანიზაციის ბეჭედი, საგარანტიო ტალონები და ზედნადებები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები არაა და შესაძლებელია მათი შექმნა ნებისმიერი მესამე პირის მიერ. მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე და განმარტა, რომ დოკუმენტი, რომელიც ქონებაზე ვ.მ-ის საკუთრებას დაადასტურებს, მხარეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება კი, სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არაა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ისა და ი. მ-ის სარჩელი შ. მ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 3 თებერვლის წერილით დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდა კომპიუტერი «ასუსი», შესაბამისი დამხმარე საშუალებებით: კლავიატურა, მაუსი, სისტემური ყუთი, «იუპეესი», ვიდეოთვალი, ტელევიზორი «სამსუნგი», მაგიდა პალირებული, შინდისფერი სამეული, სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ. და ი. მ-ების სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა. შ. მ-ს სსიპ შემოსავლების სამსახურთან სოლიდარულად ვ. და ი. მ-ების სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 50 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაპალტის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ საქართველოს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც შ. მ-ი, მცხოვრები ქ.ზესტაფონში, მ-ის ქ¹62/ბ-2-ში, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა უნდა ჩარიცხულიყო საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში (კოდი 300193252). დადგენილების აღსრულება დაევალა სააღსრულებო ბიუროს სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2011 წლის 3 თებერვალს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ყადაღა დაედო შ. მ-ის რეგისტრაციის მისამართზე არსებულ მოძრავ ნივთებს. შ. მ-ი რეგისტრირებულია ქ.ზესტაფონში, მ-ის ქ¹6-ში. 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული საგარანტიო ტალონით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2011 წლის 3 თებერვალს, აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული კომპიუტერი «ასუსი» დამხმარე საშუალებებით: კლავაიტურის მაუსი, სისტემური ყუთი, «იუპეესი», ვიდეოთვალი ვ. მ-ის საკუთრებაა. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და შპს «ტ-ის» მიერ 2009 წლის 11 თებერვალს გაცემული საგარანტიო ტალონის მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ტელევიზორი «სამსუნგი» წარმოადგენს ვ. მ-ის საკუთრებას. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და 2011 წლის 10 იანვრის ¹1 სასაქონლო ზედნადებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შინდისფერი სამეული ი. მ-ის საკუთრებაა. მოწმეთა ჩვენების გათვალისწინებით გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება პალირებული მაგიდის მესაკუთრედ ი. მ-ის მიჩნევის თაობაზე.
პალატამ იხელმძღვანელა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-40 მუხლით და განმარტა შემდეგი: მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ 2011 წლის 3 თებერვლის აქტი, სადაც მითითებულია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული შ. მ-ის ქონების ჩამონათვალი, შეიცავს აღნიშვნას, რომ დაყადაღებული ქონება არ ეკუთვნის შ. მ-ს და ის წარმოადგენს ი. მ-ის საკუთრებას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 168-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღების აქტში აღწერილი და შ. მ-ის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები: კომპიუტერი «ასუსი», შესაბამისი დამხმარე საშუალებებით: კლავაიტურის მაუსი, სისტემური ყუთი, «იუპეესი», ვიდეოთვალი, ტელევიზორი «სამსუნგი» წარმოადგენს ვ. მ-ის საკუთრებას, ხოლო შინდისფერი სამეული და პალირებული მაგიდა _ ი. მ-ის საკუთრებას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მიერ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და კანონშესაბამისი მათივე მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად. პალატის მოსაზრებით, საგარანტიო ბარათები და სასაქონლო ზედნადები სწორედაც არის ერთ-ერთი კანონშესაბამისი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შემძენი, რომელიც ამავდროულად მფლობელია, ამ ნივთის მეაკუთრეა.
სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, ჩათვალა, რომ მესაკუთრეებმა დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლეს, დაედასტურებინათ მოძრავ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამრთლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგანაც სასამართლომ საგარანტიო ფურცლები და სასაქონლო ზედნადებები საკუთრების უფლებაის დამადასტურებელ დოკუმენტებად მიიჩნია და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღიო არასწორი გადაწყვეტილება. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ საკუთრების უფლებას სადავო ქონებაზე არ ადასტურებს, ეს მტკიცებულებები არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები და მათი შედგენა შეუძლია კომპიუტერის მცოდნე ნებისმიერ პირს, ამასთან, დოკუმენტები შევსებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, უფრო მეტიც, შპს «ა-ას» საგარანტიო ტალონით დასტურდება არა მოსარჩელის საკუთრების უფლება კომპიუტერზე, არამედ მის ცალკეულ დეტალებზე. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი. აღმასრულებლის სადავო აქტი, რომლითაც დაედო ყადაღა მოვალის ქონებას, შედგენილია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს ამ აქტით გამოყენებული ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახური «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ლ» და «უ» ქვეპუნქტების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.