ას-1345-1363-2011 1 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი: ა. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ო. ბ-ე, მ. ბ-ე, ა. ბ-ე და თ. კ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უსაფუძვლო გამდიდრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო., მ., ა. ბ-ეებმა და თ. კ-ემ სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხე ა. ს-ას მათ სასარგებლოდ დაკისრებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის ბათილი ხელშეკრულების შედეგად უსაფუძვლოდ მიღებული - 12526 ლარის დაბრუნება და ნივთის გაუმჯობესების ღირებულების _ 8100 ლარის ანაზღაურებაDშემდეგი საფუძვლებით: ო. ბ-ესა და აწ გარდაცვლილ ვ. წ-ს შორის 1988 წელს ზეპირსიტყვიერად დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ო. ბ-ეს 18000 რუსული მანეთის სანაცვლოდ (დღევანდელი კურსით 12526 ლარად) საკუთრებაში გადაეცა სოფ. მთისპირში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავები. 2004 წლის ოქტომბერში ა. ს-ამ სადავოდ გახადა ვ. წ-სა და ო. ბ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება. მოსარჩელემ ზემოხსენებული ხელშეკრულება, უძრავი ქონების ნასყიდობისათვის დადგენილი ფორმის დაუცველობის გამო, მიიჩნია ბათილ გარიგებად, რის საფუძველზეც მოპასუხეთა სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. აღნიშნულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით ბოლქვაძეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან. იმავე წლის 21 ნოემბერს ო., მ., ა. ბ-ეებმა და თ. კ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ბათილად ცნობილი ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების ნასყიდობის მიზნით გადახდილი თანხის დაბრუნება და იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომლითაც გაუმჯობესდა ა. ს-ას საკუთრება მათი მფლობელობის დროს.
მოპასუხე ა. ს-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასამტკიცებლად, რომ ჩამოთვლილი ნარგავები მათ მიერ მითითებული ღირებულებისაა. წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა შედგენილია 2009 წლის 8 ივნისის მდგომარეობით. დასკვნით არ არის დაზუსტებული თუ ვის მიერ იყო ეს ნარგავები დარგული. მოსარჩელეთა მფლობელობის პერიოდში, მისი უძრავი ქონება არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. ო. ბ-ემ მის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში გაჩეხა 150 ძირამდე ვაზი, რომლებიც წელიწადში ერთ ტონა ღვინოს და შესაბამისი რაოდენობის არაყს იძლეოდა. განადგურებული ვაზის აღდგენას ორი ათეული წელი მაინც დასჭირდება იმ ოდენობის მოსავლის მისაღებად, რასაც ის განადგურებამდე იძლეოდა. გარდა ამისა, ამორტიზებულია ეზოს ღობე, რომელიც სასწრაფოდ შეცვლას საჭიროებს, არ გამოცვლილა წყალგაყვანილობის დაჟანგული მილები, ეზო დაჭაობებულია. სახლის პირველ სართულს გაჩენილი აქვს ბზარები და სავალალო მდგომარეობაშია.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის, მ. ბ-ის, ა. ბ-ისა და თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა. ს-ას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 12526 ლარის გადახდა, ო., მ., ა. ბ-ეებისა და თ. კ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ს-ასათვის 8100 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ო. ბ-ემ, მ. ბ-ემ, ა. ბ-ემ და თ. კ-ემ და ა. ს-ასათვის დამატებით 8100 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ო., მ., ა. ბ-ეებისა და თ. კ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ა. ს-ასათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 8100 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ო., მ., ა. ბ-ეებისა და თ. კ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ს-ასათვის 8100 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა. ს-ას ო., მ., ა. ბ-ეებისა და თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2385 ლარის გადახდა.Kდანარჩენ ნაწილში (ანუ 12526 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში) გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ო. ბ-ესა და მოპასუხე ა. ს-ას დედა - ვ. წ-ს შორის, ამ უკანასკნელის შვილების, თვით ა. ს-ას და ვ. ს-ას მონაწილეობით 1988 წლის ნოემბერში შედგა ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად, ვ. წ-მა ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ნახევარი მიჰყიდა ო. ბ-ეს 18 000 მანეთად, რომლის ეკვივალენტი შეადგენს 12526 ლარს. ო. ბ-ემ ვ. წ-ს ნაწილ-ნაწილ სრულად გადაუხადა ნასყიდობის საზღაური და იგი დღემდე ფლობდა და სარგებლობდა საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით. მოპასუხე ა. ს-ას მოთხოვნით ჩატარებული 2009 წლის 8 ივნისის შპს „ა-ს“ აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, რომ ა. ს-ას სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთში გაშენებულია სხვადასხვა მრავალწლიანი ნარგავები: სურმა, თხემლა, წაბლი, მსხმოიარე მსხლის ხე, ნაძვის ხე, რომელიც გამოდგება სამასალედ; ეზოს უკანა მხარე კი უკავია ციტრუსისა და თხილის მრავალწლიან ნარგავებს. აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთიდან შესაძლო მისაღები ყოველწლიური შემოსავალი მრავალწლიანი ნარგავებიდან შეადგენს 3285 ლარს, ერთწლიანი ნარგავებიდან 2850 ლარს, სულ 6135 ლარს. მოწმეთ დაკითხულ ვ. პ-ის, თ. ი-ის, თ. შ-ის ჩვენებებით დადგენილია რომ მრავალწლიანი ნარგავები თხილი, ციტრუსი, ყურძენი და ყველანაირი ხეხილი მოსარჩელეებმა გააშენეს, რაც დადასტურებულია მთისპირის სოფლის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით. 1988 წელს სოფელ მთისპირში ზოგიერთი მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ვ. წ-ის მიწის ნაკვეთი გამოცხადდა ზვავსაშიშ ზონად.
იმის გათვალისწინებით, რომ ო. ბ-ესა და ა. ს-ას დედა ვ. წ-ს შორის, სადავო უძრავ ქონებაზე, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება 1988 წლის ნოემბერში შედგა, საპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, კონკრეტული საკითხის სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციით (1964 წლის) მოწესრიგების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციის (1964 წლის) 48-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ, რამდენადაც დადასტურდა ო. ბ-ის მიერ ვ. წ-ისათვის 18000 მანეთის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, ა. ს-ას კანონშესაბამისად დაეკისრა 12526 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ. ნარგავებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პალატამ სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ, მოსარჩელის მიერ გაშენებულია ა. ს-ას საკუთრებად რიცხული სახლთმფლობელობის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მანდარინი, თხილი და სხვა ხეხილი – მრავალწლიანი ნარგავები, ამიტომ ა. ს-ას უნდა დაკისრებოდა ამ მრავალწლიანი ნარგავებიდან ყოველწლიურად შესაძლო მისაღები შემოსავალი, რაც 2009 წლის 8 ივნისის აუდიტის დასკვნის გათვალისწინებით 2385 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ნალიის, ჭიშკრისა და ღობის გაკეთებაზე გაწეულ ხარჯებს, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და მუდმივ საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისია, ნალიის, ჭიშკრისა და ღობის ხარჯებთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ ა. ს-ა არ შეიძლება გამდიდრებულად ჩათვლილიყო, შესაბამისად, ამ ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა ცნობილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 12526 ლარის სასამართლოების მიერ მოსარჩელეთა სასარგებლოდ კასატორისათვის დაკისრება უკანონოა, რადგან წარსულში არსებული ვალდებულება, მემკვიდრეობითი სამართლის სივრცეში, მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში უნდა იგულისხმებოდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი დადგენისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე. ზეპირი გარიგების ვალდებულების შესრულების დრო არ განსაზღვრულა არც პირველი და არც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. სასამართლოებმა მოსარჩელეების მოთხოვნა, ხანდაზმულად არ მიიჩნიეს, იმისდა მიუხედავად, რომ სამოქალაქო კოდექსის ძველი (1964წ) რედაქციის 84-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ზეპირი სახელშეკრულებო მოთხოვნა, რის გამოც ძველი სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლიდან გამომდინარე, მასზე უნდა გავრცელებულიყო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადების გათვალისწინებით მოსარჩელეებისათვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის შედგა ნასყიდობის ზეპირი გარიგება 1988 წლის ნოემბერში. სასამართლოს არ დაუდასტურებია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გასულია თითქმის 20 წელი. სასამართლომ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ვ. წ-ი გარდაიცვალა 1996 წელს, ხოლო 2004 წლის 23 აპრილს გაიცა სამკვიდრო მოწმობა მოპასუხე ა. ს-ას სახელზე და ვ. წ-ს დანაშთი ქონება - საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აღირიცხა ა.ს-ას საკუთრებად. ბოლქვაძეების ოჯახისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტს წარმოადგენს 1988 წლის ნოემბრიდან – 1991 წლის ნოემბრამდე დროის მონაკვეთი. ვ. წ-ი აპირებდა საკუთარი სახლის ზეპირი გარიგებით გამოსყიდვას, მაგრამ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მან თავისი სურვილის განხორციელება ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ამისა, გარიგების მეორე მხარისათვის საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტისთანავე ცნობილი იყო თავისი უფლების დარღვევის ფაქტი, რაც, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად უნდა ჩაითვალოს, სასამართლომ კი აღნიშნული არ გაანალიზა. სასამართლოების სამართლებრივი შეფასებები, მათი დასკვნები არ შეესაბამება იმჟამინდელ ნორმათა განმარტებების სისტემას. ეს დავა წარმოდგენილი და შეფასებული უნდა ყოფილიყო, როგორც სადავო გარიგების საფუძველზე წარმოშობილი, ხანდაზმული სამართლებრივი ურთიერთობების აღწერა. სადავო სახლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა მოსარგებლეების ფლობაში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა პირებმა სახელმწიფოსგან მიიღეს სოლიდური კომპენსაცია 37 500 მანეთი, მათ არ გააკეთეს შენობის რეკონსტრუქცია გამაგრებთი სამუშაოების ჩატარების გზით. უფრო მეტიც აღნიშნული თანხა, სრულიად უკანონოდ მითვისებულ იქნა ბოლქვაძეების მიერ, შესაბამისად, სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია, რომ ეს გარემოება არ არის მნიშვნელოვანი საქმისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლო გამდიდრებით თანხის დაკისრება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ს-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.