Facebook Twitter

ას-1349-1367-2011 30 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ნ-ა

კასატორი _ ე. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ნ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1993 წელს მოსარჩელემ გაიცნო დ. გ-ი და ორი წელი მეგობრობდნენ. მხარეები 1995 წელს დაქორწინდნენ და გაემგზავრნენ ქ.მოსკოვში საცხოვრებლად. გართულებული ორსულობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო საქართველოში. 1996 წლის 13 თებერვალს შეეძინათ შვილი – ა. ნ-ა. დ. გ-ი არ იჩენს მზრუნველობას ბავშვის მიმართ. მოსარჩელის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.

Mმოპასუხე დ. გ-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას ე.ნ-ასთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა. მისთვის სარჩელიდან გახდა ცნობილი, რომ, თითქოს ა. ნ-ა მისი შვილია,Mასევე უარყო ე.ნ-ასთან მოსკოვში დაქორწინებისა და თანაცხოვრების ფაქტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სარჩელი მამობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ას მამად დადგინდა დ. გ-ი, ასევე დ. გ-ს ა. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მის სრულწლოვანებამდე 150 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ას წარმომადგენელმა ნ. ს-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, Gგაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ნ-ას სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ. გ-ს არასრულწლოვანი შვილის, 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ას, სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2009 წლის 27 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა. Eე. ნ-ას სარჩელი გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება მამობის დადგენის ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, კერძოდ, რომ 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ა დ.გ-ისა და ე.ნ-ას შვილია. დ.გ-ი იმყოფება ქორწინებაში ქ. ბ-ესთან და ჰყავს ორი შვილი: 2003 წლის 15 იანვარს დაბადებული შ. გ-ი და 2007 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ც. გ-ი. დ. გ-ი არის შპს «ი. გ-ის» ხელმძღვანელი, შპს «მ. 2007-ის» 25%-იანი წილის მფლობელი და შპს «დ. XXI-ის» დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი. ე. ნ-ას სარჩელის აღძვრამდე არასოდეს მოუთხოვია, მოპასუხისათვის გადაეხადა ალიმენტი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლებით და მიუთითა, რომ დ. გ-ი ვალდებულია, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი - ა. ნ-ა. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ დ.გ-ი შპს «ი. გ-ის» ხელმძღვანელი, შპს «მ. 2007-ის» 25%-იანი წილის მფლობელი, შპს «დ. XXI-ის» დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, ასევე საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ შპს «მ. 2007-მა» და შპს «დ. XXI-მა» 2009 სამეურნეო წელი დაასრულეს მოგებით, ამდენად, მიიჩნია, რომ დ.გ-ს, გააჩნია შემოსავალი. ამასთან, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გარდა ა. ნ-ასი, დ. გ-ს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. პალატამ დაადგინა, რომ დ.გ-ს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა. ვინაიდან ე. ნ-ას სარჩელის წარდგენამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდა, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით, პალატამ აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ას წარმომადგენელმა ნ. ს-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ე. ნ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ე. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. გ-ს არასრულწლოვანი შვილის, 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული, ა. ნ-ას სასასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე 2009 წლის 27 ოქტომბრიდან დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 250 ლარის გადახდა, დ. გ-ს ასევე დაეკისრა ა. ნ-ას სასარგებლოდ წინა სამი წლის ალიმენტის 9000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, მამობის დადგენის ნაწილში, მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ა არის დ. გ-ის და ე. ნ-ას შვილი. დ. გ-ი იმყოფება ქორწინებაში ქ. ბ-ესთან და ჰყავთ ორი შვილი: 2003 წლის 15 იანვარს დაბადებული შ. გ-ი და 2007 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ც. გ-ი. დ. გ-ი არის შპს „ი. გ-ის» ხელმძღვანელი, შპს „მ. 2007-ის» 25%-იანი წილის მფლობელი და შპს „დ. XXI“-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი. ა. ნ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. იგი ავადაა და საჭიროებს გეგმიურ ოპერაციულ ჩარევას. ცხოვრობს მეურვესთან ერთად. მოწმეების: დ. ა-კ-ის, ლ. ჭ-ის და დ. რ-ის ჩვენებებით დადგენილია ე. ნ-ას მიერ სარჩელის წარდგენამდე დ. გ-ის მიმართ სარჩოს მოთხოვნის და ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები, კერძოდ, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ე. ნ-ა ნამდვილად თხოვდა დახმარებას დ. გ-ს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პალატამ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, დ. გ-ი ვალდებულია არჩინოს თავისი არასრულწლოვანი შვილი ა. ნ-ა და რადგან იგი არ ცხოვრობს მამასთან, დ. გ-ი ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ დ. გ-ი არის შპს «ი. გ-ის» ხელმძღვანელი, შპს «მ. 2007-ის» 25%-ის წილის მფლობელი და შპს «დ. XXI-ის» 100% წილის მფლობელი. საქმეში არსებული შედარების აქტით დადგენილია, რომ შპს «მ. 2007-ს» და შპს «დ. XXI-ს» 2009 სამეურნეო წელი დასრულებული აქვთ მოგებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ს შემოსავალი აქვს. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარდა ა. ნ-ასი, დ. გ-ის კმაყოფაზე იმყოფება ორი მცირეწლოვანი შვილი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, დ. გ-ის მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. გ-ს უნდა დაეკისროს წარსული დროის ალიმენტი სამი წლის ფარგლებში _ 9 000 ლარის ოდენობით, რადგან დ. გ-ი შვილის ნებაყოფლობით რჩენას თავს არიდებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა და ე. ნ-ამ.

კასატორმა დ. გ-მა გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: კასატორის აზრით, კანონის უხეშ დარღვევად უნდა ჩაითვალოს მოწმეების: დ. ა-კ-ის, ლ. ჭ-ისა და ლ. რ-ის ჩვენებების გაზიარება და აღნიშნულ ჩვენებებზე მითითებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება. პალატის განმარტება იმის შესახებ, რომ „მოწმეთა ჩვენებებით თითქოსდა უტყუარად არის დადასტურებული, რომ ე. ნ-ა ნამდვილად თხოვდა დახმარებას დ. გ-ს“, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მოსაზრებები და განმარტებები არის არსებითად მცდარი. შეუძლებელია მოწმეებმა უტყუარად დაადასტუროს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დადგენა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეოთხე პუნქტითაა სავალდებულო. ფაქტია, რომ საქმის განხილვისას არ გათვალისწინებულა დ. გ-ის რეალური მატერიალური მდგომარეობა. შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე დარჩა მის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაციები და ამჟამად არის საოპერაციო; ჰყავს უმუშევარი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. პალატა შეცდა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნა, „საქმეში არსებული შედარების აქტით დადგენილია, რომ შპს „მ. 2007-ს», აგრეთვე შპს „დ. XXI-ს» 2009 სამეურნეო წელი დასრულებული აქვს მოგებით, ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ დ. გ-ს შემოსავალი გააჩნია.» სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლი ადგენს წერილობითი მტკიცებულების ცნებას, რომლის თანახმადაც, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. პალატის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი შედარების აქტი არაა მტკიცების მატარებელი, რომლითაც შესაძლებელია უტყუარად დადგინდეს, რომ ამა თუ იმ პირს აქვს შემოსავალი. უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო კოდექსის თანახმად, შედარების აქტი არ წარმოადგენს საზოგადოების შემოსავლის ამსახველ დოკუმენტაციას. ამასთან გაუგებარია, პალატამ როგორ და რა წესით დაადგინა, რომ შედარების აქტის მიხედვით დ. გ-ს გააჩნია შემოსავალი. მხოლოდ ის, რომ 2009 წელს მითითებულ საზოგადოებებს სამეურნეო წელი დასრულებული აქვს მოგებით, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ, როგორც საწარმოს 25%-იანი და 100%-იანი წილის მფლობელს, მიღებული აქვს მოგება.

კასატორმა ე. ნ-ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ა. ნ-ა რეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს მიღმა; ცხოვრობს სახელმწიფო ბაგა-ბაღში; სჭირდება მეოთხე ოპერაცია; სისტემატურად იღებს მედიკამენტებს; გარდა ამისა, ე. ნ-ა არის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული, არის ონკოლოგიურ აღრიცხვაზე აყვანილი. ა. ნ-ა ცხოვრობს სულიერად ავადმყოფ მეურვესთან და ავადმყოფ ბიძასთან ერთად. სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო არც ე. ნ-ას ავადმყოფობის და არც მეურვისა და ბიძის ავადმყოფობის საბუთი, რასაც ასაჩივრებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, რადგან მის გასაჩივრებას კანონი ცალკე არ ითვალისწინებს, სასამართლომ კარგად არ გამოიკვლია ა. ნ-ას ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საბუთები, ფაქტობრივად ბავშვი არის უპატრონო, არ ჰყავს ჯანმრთელი მეურვე და ჰყავს მომაკვდავი დედა, მას საკუთარი ჭერიც კი არ გააჩნია. დაუშვებელია მამა სხვა შვილებთან ერთად ცხოვრობდეს ფუფუნებით, ხოლო შვილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდეს. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის საფუძველზე მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, იზრუნონ მათზე და აღზარდონ ისინი მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ისა და ე. ნ-ას საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრება, ასევე, მიუღებელი ალიმენტის გადახდის დაკისრება. კასატორი დ. გ-ი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 134-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას, ხოლო კასატორი ე. ნ-ა სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. გ-ისა და ე. ნ-ას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. გ-ისა და ე. ნ-ას საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

დ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 % _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.