ას-1361-1379-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ვ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ვ-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 7852 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 19 აპრილს გამართულ აუქციონზე ქ.გორში, ც-ის ¹51ა-ში მდებარე უძრავი ქონება მოპასუხემ შეიძინა 9 000 აშშ დოლარად. აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემძენმა სრულად არ გადაიხადა ობიექტის შეძენისათვის თანხა, მოპასუხემ თვითნებურად დაშალა ნაგებობა და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მოპასუხე გ.ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, დადგინდა ისიც, რომ გ.ვ-ის ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ვ-ს დაეკისრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სასარგებლოდ 1742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარისა და 6100 (ექვსი ათას ასი) აშშ დოლარის გადახდა, გ. ვ-ს დაეკისრა ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 52,26 (ორმოცდათორმეტი და ოცდაექვსი) ლარისა და 183 (ას ოთხმოცდასამი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილ იქნა ქ.გორში, ც-ის ¹51-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი საქვაბე შენობა შესაბამისი მიწის ნაკვეთით. ქონება შეფასებულ იქნა 2800 (ორი ათას რვაასი) აშშ დოლარად: დაკავებული 369.36 კვ.მ მიწის ფართი 1058 (ათას ორმოცდათვრამეტი) აშშ დოლარად, შენობა _ 1742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) აშშ დოლარად. აუქციონში გამარჯვებულს ობიექტის გამოსასყიდი თანხა უნდა დაეფარა 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 2007 წლის 19 აპრილს გამართულ აუქციონზე მოპასუხე მონაწილეობდა პირადად. მის მიერ საბოლოოდ შემოთავაზებულმა თანხამ შეადგინა 9000 (ცხრა ათასი) აშშ დოლარი, ხოლო თეიმურაზ ტერტერაშვილის მიერ საბოლოოდ შემოთავაზებულ იქნა 8900 (რვა ათას ცხრაასი) აშშ დოლარი. აუქციონზე გაიმარჯვა გ. ვ-მა. მას ობიექტის გამოსასყიდი თანხა უნდა დაეფარა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. საკუთრების მოწმობა გაიცემოდა მყიდველის მიერ საბოლოო ფასის სრულად გადახდის შემდეგ. გ. ვ-ს ობიექტის გამოსასყიდი თანხა არ გადაუხდია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით (¹1/ბ616-09) უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენი (¹1/1140), რომლითაც გ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის შემოდგომაზე მოპასუხემ დაშალა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ქ.გორში, ც-ის ¹51-ში მდებარე საქვაბე შენობის სამშენებლო მასალებს, კერძოდ, გადახურვის 259 ცალ ღრუნტიან ფილას, ანაკრები ბეტონის საძირკვლის 254 ცალ ბლოკს, არმატურას და სხვა სამშენებლო მასალებს საერთო ღირებულებით 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმ ნაწილში, რომ განაჩენში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და საქვაბის შენობის დაშლის შედეგად გ. ვ-ის მიერ მიყენებულმა ფაქტობრივმა დანაკლისმა შეადგინა არა 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარი, არამედ 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) აშშ დოლარი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მას საქვაბის შენობა არ დაუშლია და, შესაბამისად, დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით, რომელიც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, დადგენილ გარემოებადაა მიჩნეული, რომ გ. ვ-ის მიერ საქვაბის დაშლით მიყენებული ზიანი შეადგენს 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარს. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე ¹1/1140, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება გ. ვ-ის მიერ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოსადმი ფაქტობრივად მიყენებული ზიანის და მისი ოდენობის შესახებ დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს. გ. ვ-ის მიერ საქვაბე შენობის დაშლის შედეგად მოსარჩელე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ ვერ მიიღო შემოსავალი 6 100 (ექვსი ათას ასი) აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონზე გატანილი ობიექტისათვის სააუქციონო ვაჭრობისას შემოთავაზებულ იქნა 8 900 (რვა ათას ცხრაასი) აშშ დოლარი თეიმურაზ ტერტერაშვილის მიერ, ხოლო 9 000 აშშ დოლარი _ გ. ვ-ის მიერ, რის შედეგადაც აუქციონზე გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა გ. ვ-ი. ვინაიდან ამ უკანასკნელმა შესყიდვის ფასი არ გადაიხადა, შესაბამისად, საკუთრებაში არ გადასცემია ობიექტი, შესაძლებელია იგი კვლავ გამხდარიყო სააუქციონო ვაჭრობის საგანი და გაყიდულიყო 8 900 აშშ დოლარად. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუღებელ შემოსავალს შეადგენს შემოთავაზებული თანხისა, მიწის ნაკვეთისა და შენობის ღირებულების სხვაობა, რაც შეადგენს 6 100 (ექვსი ათას ასი) აშშ დოლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და ჩათვალა, ვინაიდან მოპასუხე უშუალოდ, პირადად მონაწილეობდა 2007 წლის 19 აპრილს გამართულ აუქციონში, გ. ვ-ისათვის თავისი დანაშაულებრივი ქმედების ქონებრივი შედეგები ნათლად უნდა ყოფილიყო სავარაუდო. გ. ვ-ის მიერ საქვაბე შენობის დაშლის შედეგად მოსარჩელე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოსათვის მიყენებულმა ზიანმა მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგინა 6 100 (ექვსი ათას ასი) აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და განმარტა შემდეგი: მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს სასარგებლოდ გ. ვ-ისათვის დაკისრებული 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარი, ნაცვლად 1 742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) აშშ დოლარისა. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებათა გათვალისწინებით პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია თანხის ნაწილში საქმეზე წარმოდგენილ განაჩენში ტექნიკური შეცდომის დაშვების შესახებ. მართალია, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილ იქნა კუთვნილი საქვაბის შენობა ღირებულებით 1742 (ათას შვიდას ორმოცდაორი) აშშ დოლარი, თუმცა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დათვალიერების აქტით და ხარჯთაღრიცხვის მასალებით დადგენილია, რომ საქვაბის დაშლით მიყენებული ზიანი შეადგენდა 1742 ლარს და არა დოლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველომ. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ნაცვლად 1742 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩენებში მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობად მართალია, 1742 ლარია მითითებული, თუმცა აღნიშნული ტექნიკური უსწორობაა, რაც არ იქნა გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოების მიერ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ განაჩენში მითითებული გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ, საქმის მასალებში მოიპოვება ყველა დოკუმენტი, რომლებიც ადასტურებს ზიანის 1742 აშშ დოლარის ოდენობით მიყენების ფაქტს და არა 1742 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოთაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.