ას-1377-1394-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის _ ელ. ქ-ის სრულწლოვანებამდე, მოპასუხისათვის ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტლებით ე. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. დ-ეს ე. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით შვილის _ ელ. ქ-ის (დაბადებული 2007 წლის 17 მარტს) სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2008 წლის 29 იანვრიდან.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, დ. დ-ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის _ ელ. დ-ის (დაბადებული 2007 წლის 17 მარტს) სრულწლოვანებამდე თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 29 იანვარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ქ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. დ-ესთან, რომელთანაც 2007 წლის 17 მარტს შეეძინა შვილი, ელ. ქ-ე. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ელ. ქ-ის მამაა დ. დ-ე.
არასრულწლოვანი შვილი ელ. ქ-ე დროებით იმყოფება ქ. თბილისში ბავშვთა თავშესაფარში, რადგან მოსარჩელის ოჯახის წევრებმა უარი უთხრეს სახლში მიღებაზე.
დ. დ-ეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მიერ წარმოდგენილი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2011 წლის 14 აპრილს გაცემული ცნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. დ-ე გათავისუფებულია ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ ის გადაიხდიდა ალიმენტის სახით 100 ლარს ყოველთვიურად ელ. დ-ის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივარი ცნო და ალიმენტის თანხის ოდენობას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი მ. ქ-ე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234.2-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აპელანტისათვის ალიმენტის სახით მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2008 წლის 29 იანვრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას ალიმენტის გადახდის ვალდებულების დაწყება განესაზღვრა 2008 წლის 29 იანვრიდან და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის ალიმენტის გადახდის დაწყების დადგენა 2010 წლის 2 მაისიდან შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მისთვის ალიმენტის გადახდის დაწყების თარიღად უნდა მიეთითებინა 2010 წლის 2 მაისი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 2 მაისის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება მისი ელ. ქ-ის მამად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, ვინაიდან იგი სარჩელის აღძრვის დროს არ იყო აღიარებული ბავშვის მამად, მას ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2008 წლის 29 იანვრიდან არ უნდა დაკისრებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.