ას-1394-1410-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ზ. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ე-ი, გ. ე-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სარჩელი მოპასუხე ზ. ე-ის მიმართ, რომლითაც მათ მოითხოვეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და უფლების განხორციელება, არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 66-68).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა (ტომი II, ს.ფ. 72-80).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. და გ. ე-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. ე-ს აეკრძალა მოპასუხეებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა; საღორეების მოშლის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ეს გარემოებები შემდეგში მდგომარეობს:
მოსარჩელეები კ. ე-ი, გ. ე-ი და მოპასუხე ზ. ე-ი ცხოვრობენ ახმეტის რაიონის, სოფელ მ-ში მომიჯნავედ;
მოპასუხე ზ. ე-ს თავის ეზოში საღორე აშენებული აქვს მოსარჩელე კ. ე-ის ეზოს მიჯნასთან;
მოპასუხე ზ. ე-ის ეზოში მდებარე მეორე საღორე მიდგმულია მოსარჩელეთა ეზოში არსებულ გომურზე, ორივე ნაგებობა მდებარეობს მოპასუხის საცხოვრებელ სახლთან ახლოს;
მოპასუხის საკარმიდამო ნაკვეთში ჯონჯოლის პლანტაცია გაშენებულია მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის მიჯნის გასწვრივ;
მოსარჩელე კ. ე-ს 1986-1990 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით ერიცხება საეზოვე მიწის ფართი 0.15 ჰა, მათ შორის შენობა-ნაგებობის ქვეშ 0.01 ჰა;
მოპასუხე ზ. ე-ს საკუთრების უფლებით ერიცხება საცხოვრებელი სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის ფართობია 1283კვ.მ. საკადასტრო კოდი 50.09.32.006, მდებარე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში;
მოსარჩელეები, კ. და გ. ე-ები და მოპასუხე ზ. ე-ი ცხოვრობენ რა სოფელში, ოჯახის საჭიროებისათვის მათ ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, მოდავე მხარეებს ჰყავთ პირუტყვი, ფრინველი, ზრდიან ღორებს, ორივე მხარეს აქვს გომურები, ცხოველთა სადგომები.
ახმეტის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობით დადგენილია, რომ კ. და გ. ე-ები წარმოადგენენ ახმეტის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე საკარმიდამო (საეზოვე) მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელებს;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ ისინი წარმოადგენენ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მათი საკუთრების უფლება ახმეტის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე, მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეშლის აღკვეთის მიზნით ჯონჯოლის ხეების სასაზღვრო მიჯნიდან სხვა ადგილზე გადატანა. შემდგომ, მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხის ტოტების მოჭრაში ხელშეშლის აღკვეთა. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა აპელანტებს მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხის ტოტების მოჭრაში (ტომი I, ს.ფ. 64).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას. სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელის მოთხოვნა, სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლის აკრძალვის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტიცება, რომ, მოპასუხე ზ. ე-ის კუთვნილი საღორის სპეციფიკური სინესტე და სიბინძურის მუდმივი ზეგავლენა აზიანებდა და შლიდა მისი გომურის კედელს, ახლად აშენებული საღორის სახურავი პირდაპირ გომურის კედელზე იყო მიდგმული და გომურის კედელს ესხმებოდა წვიმის წყალი, მისი სახლის აივნის მოპირდაპირედ, დაახლოებით 8 მეტრის დაშორებით მოპასუხეს აშენებული ჰქონდა საღორე, საღორის სპეციფიკური სუნისა და სიბინძურის გამო მის სახლში გაუსაძლისი გახდა ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეთა მხარეზე იყო, რომლებმაც სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს გარემოებები, რომლებზეც ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნას. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აშენებული საღორეები დაუშვებლად ხელყოფდნენ მათ მფლობელობაში არსებული ნაკვეთით სარგებლობის უფლებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მხარეები ცხოვრობდნენ სოფელში და მათ ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის მოვლა-პატრონობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ ისინი მოვალენი არიან ითმინონ მეზობელი ნაკვეთებიდან სუნის და სხვა მსგავსი მოვლენათა ზემოქმედებანი, რომლებიც გამოწვეულია ამ ნაკვეთების ნორმალური სამეურნეო მიზნით სარგებლობით (ტომი III, ს.ფ. 28-37).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს აეკრძალა მოპასუხეებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა, საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია, რადგან უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების დაუდასტურებლობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს;
არასწორია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, თითქოს მოპასუხემ აღნიშნა, რომ ხელს არ შეუშლიდა აპელანტებს მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების მოჭრაში. სასამართლო სხდომაზე ზ. ე-ის ერთ-ერთი პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილიყო კანონის შესაბამისად;
კასატორის განმარტებით, ჯონჯოლის ხე არ გამოირჩევა სიმაღლით. მისი ჯონჯოლის ხეების «პლანტაცია» მხოლოდ 70სმ-ით არის გადასული მოწინააღმდეგე მხარის მიჯნაზე. იგი არანაირ ჩრდილს არ უქმნის მოსარჩელეების ნაკვეთის მოსავლიანობას. ამდენად, ადგილი არ აქვს ხელშეშლას მოსარჩელეების ნაკვეთის მიმართ, არანაირად არ არის დარღვეული სამიჯნე ნიშნები. მოწინააღმდეგე მხარე კასატორის წინააღმდეგ მიუთითებს დაუსაბუთებელ ფაქტებზე (ტომი III, ს.ფ. 42-50).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.