ას-1395-1411-2011 30 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «ბ-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ბ-ის» მიმართ 98351,27 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹523 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მზღვეველმა იკისრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აპარატის მოსამსახურეების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულებაში მყოფი პატიმრების/მსჯავრდებულების და სასაჯელაღსრულების დაწესებულებების მედიკამენტებითა და კვალიფიცირებული, ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007 წლის პირველ ნოემბერს, ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ზემოაღნიშნული პირებისათვის მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ახორციელებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
2007 წლის პირველი ნოემბრიდან სასჯელაღსრულების სისტემის სადაზღვევო მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მზღვეველმა გადაიბარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული, დეპარტამენტის მიერ შეძენილი 98351.27 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რაც დასტურდება 2007 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით შედგენილი სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები ხელმოწერილია ერთი მხრივ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების და მეორე მხრივ, სს «ბ-ისა» და მისი ზარალების მენეჯერის მიერ. დეპარტამენტს, მედიკამენეტების საფასურის გადაუხდელობის გამო, წარმოეშვა დავალიანება შპს «ა. ფ-ას» მიმართ 2007 წლის 29-31 ოქტომბერს მიწოდებული მედიკამენტებისათვის, რომლის ღირებულებაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ აუნაზღაურებია, რადგანაც ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ მზღვეველი აანაზღაუდებდა მედიკამენტების ღირებულებას, რასაც მოსარჩელე გადასცემდა შპს «ა. ფ-ას». თავად მედიკამენტები სს «ბ-იმ» გამოიყენა მსჯავრდებულთა/პატიმართა სამედიცინო მომსახურებისათვის, რაც დასტურდება მზღვეველის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის გადაცემული მედიკამენტების პირველადი შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომელიც დაწესებულებაში შეტანილ იქნა 2007 წლის 18 ნოემბრიდან. მზღვეველი ვალდებული იყო, თავად უზრუნველეყო დაზღვეულ პირთა მომარაგება მედიკამენტებით, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის გადაეხადა მათი ღირებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
2007 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის, მართალია, გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და აღნიშნული ძალაში შევიდა ამავე წლის პირველი ნოემბრიდან, თუმცა მისი პირველი ლოტი (მომსახურების გაწევა) ამოქმედდა 2009 წლის პირველი თებერვლიდან, მოპასუხემ მიუთითა, რომ დაუსაბუთებულია მოსარჩელის მსჯელობა მედიკამენტების გადაბარების თაობაზე, რადგანაც მხარე ამას სათანადოდ ვერ ასაბუთებს, რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებს, მათი უმრავლესობა არ არის ხელმოწერილი, ნაწილი კი ხელმოწერილია ფიზიკური პირების მიერ, რომელთათვისაც მოპასუხეს აღნიშნულის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია. ამდენად, მედიკამენტების გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდითვე დამოწმებული სასაქონლო ზედნადებები ადასტურებს არა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ, არამედ სწორედ სადაზღვევო კომპანიის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის მედიკამენტების გადაცემის ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარჩელი სს ,,ბ-ის» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,ბ-ის» სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 90 722,08 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით სს «ბ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) ჩაატარა ტენდერი სამედიცინო სადაზღვევო მომსახურეობის შესყიდვაზე, რომელიც მოიცავდა: 1. სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილე დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებზე (რაოდენობა _ 20 000); 2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და დაცვის სპეციალურ სამსახურში არსებული ჯარისკაცების (რაოდენობა _ 1 400) სამედიცინო დაზღვევას; 3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულებების თანამშრომელთა (რაოდენობა _ 2 132) სამედიცინო დაზღვევას; 4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულებების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების (რაოდენობა _ 1 138) სამედიცინო დაზღვევას. ¹1, ¹2, ¹3 და ¹4 ლოტზე გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის _ სს ,,ბ-ის» სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად, მან აიღო შემსყიდველისათვის ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის ვალდებულება შემდეგ თანხაზე: ლოტი ¹1 – 6,840,000 ლარი; ლოტი ¹2 – 574,560 ლარი; ლოტი ¹3 – 1,004,598 ლარი და ლოტი ¹4 – 1,072,451 ლარი. 2007 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სს ,,ბ-ის» შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 1 ნოემბერი. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1.2. პუნქტის შესაბამისად, მზღვეველმა _ სს ,,ბ-იმ» იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯებით ანაზღაურების უზრუნველყოფის ვალდებულება. ხელშეკრულების დადებასთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მათ გააგრძელეს იგივე საქმიანობა უკვე, როგორც მოპასუხე ორგანიზაციასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფმა პირებმა. მედიკამენტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ხელშეკრულების დადების შემდეგ პირველად მიეწოდათ 2007 წლის 18 ნოემბერს. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაადგინა სს ,,ბ-ისა» და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის მედიკამენტების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებზე, რომლებშიც დეტალურადაა გაწერილი მეტიკამენტების ჩამონათვალი. აღნიშნულით უდავოდ დასტურდება, რომ 2007 წლის 1 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებმა სს ,,ბ-ის» სულ გადასცეს 90 722,08 ლარის მედიკამენტები. სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნაზე, რომლის თანახმადაც პირები, რომლებმაც მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები, ზედნადებების გაფორმებისა და, შესაბამისად, მედიკამენტების გადაცემის დღისათვის, უკვე მოპასუხე ორგანიზაციის თანამშრომლებს წარმოადგენდნენ. ამასთან, თითოეული ზედნადები მიმღების მხრიდან ასევე დადასტურებული იყო ზარალების მენეჯერის მიერ, რომელიც მოპასუხის განმარტებით, წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიას სასჯელაღსრულების სისტემის სადაზღვევო საკითხებთან ურთიერთობაში. აპელანტის მითითება, რომ ზარალების მენეჯერ ს.ჯებირაშვილს სს ,,ბ-ის» სახელით აქტივების, კერძოდ, მედიკამენტების შეძენის უფლებამოსილება არ ჰქონდა მინიჭებული, დაუსაბუთებელია. გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები არის დახურული ტიპის დაწესებულებები, სასამართლომ ჩათვალა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე ს.ჯებირაშვილი ვერ მიიღებდა მონაწილეობას მედიკამენტების გადაცემაში და აღნიშნული საფუძვლით არ დაეთანხმა აპელანტის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით არ დასტურდებოდა მასში მითითებული ნივთების ერთი ორგანიზაციის მიერ მეორესათვის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან მათზე გამყიდველისა და მყიდველის სახელით ხელს აწერდნენ ერთი და იგივე პირები. სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: ზედნადებებში მითითებული მედიკამენტების მოპასუხე ორგანიზაციისათვის გადაცემის ფაქტი დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ მედიკამენტების პირველადი მიწოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კერძოდ, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, განხორციელდა 2007 წლის 18 ნოემბერს, სხვა დაწესებულებებში კი _ უფრო გვიან, კერძოდ, ორი თვის დაგვიანებით. სასამართლოს მოსაზრებით, ბუნებრივია, ამ პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ სამედიცინო დახმარებით და შესაბამისი მედიკამენტებით, მით უფრო, სამკურნალო დაწესებულებებში. სადაზღვევო კომპანიის განმარტება იმის თაობაზე, რომ ამ დროის განმავლობაში, მსჯავრდებულებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეშვეობით ემსახურებოდნენ, საქალაქო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მართებულად არ იქნა გაზიარებული.
პალატამ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ სს ,,ბ-ის» მოსარჩელისგან საკუთრებაში გადაეცა 90 722,08 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რის საფუძველსაც შეიძლება ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდეს. 2007 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯებით ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც მოიცავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მედიკამენტებით უზრუნველყოფასაც, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხელშეკრულების ამოქმედების მომენტიდან _ 2007 წლის 1 ნოემბრიდან, აღნიშნული დაწესებულებებისათვის მედიკამენტების მიწოდებასა და მათი ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო სადაზღვევო კომპანია. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც შეთანხმება მედიკამენტების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გამოირიცხა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ზეპირი ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულება (სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მოძრავი ნივთები, კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო სავალდებულო ფორმა). საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დადასტურებულია, რომ გამყიდველმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მყიდველს ნასყიდობის საგანი, შესაბამისად, გამყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა კონტრაჰენტისაგან საპირისპირო შესრულება, ანუ შეთანხმებული ფასის გადახდა, რაც შეადგენდა 90 722,08 ლარს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ბ-იმ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე კასატორის მიერ საქმის წარმოებისას გადახდილი სასამართლო ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტია, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007 წლის 1 ნოემბერს და მისი ლოტი ¹1-ით განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულებანი.
არც ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულებით და არც სხვა რაიმე ხელშეკრულებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მედიკამენტების სასყიდლიანი გადაცემის თაობაზე შეთანხმება არ დასტურდება, ანუ არ დასტურდება რაიმე სახის შეთანხმება ნასყიდობის არსებით პირობებზე. აღნიშნული გარემოება ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობას იმ ნაწილში, რომლითაც გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა 100 000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, 2007 წლის 1 ნოემბერს ერთმა და იმავე პირმა საკუთარ თავს გადასცა და მიიღო სადავო მედიკამენტები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის ეს პირები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს აღარ წარმოადგენდნენ, მათ 2007 წლის 1 ნოემბრიდან სს «ბ-ისთან» გაფორმებული ჰქონდათ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები, რომელთა არც ერთი დებულება ამ პირებს მესამე პირებისაგან რაიმე ქონების, მათ შორის, მედიკამენტების შეძენის უფლებას არ ანიჭებდათ, ამასთანავე, ასეთი უფლებამოსილების მიმნიჭებელი დამატებითი რწმიუნებულებაც არაა გაცემული. მითითებული გარენმოება ადასტურებს იმას, რომ სადავო გარიგება არაუფლებამოსილი პირის მიერაა დადებული. სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა ზემოაღნიშნულზე სს «ბ-ის» მიერ არ გაცემულა და არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუთხოვია ამავე ნორმის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული თანხმობა, რაც უტყუარად ადასტურებს მოსარჩელის ინფორმირებას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის თაობაზე. ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადებები ხელმოწერილია, არ ადასტურებს არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხრიდან უფლებამოსილი პირის მიერ მედიკამეტების გასხვისებას და არც სადაზღვევო კომპანიის თანხმობას ამ გარიგებაზე.
დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომ სს «ბ-ის» ზარალების მენეჯერს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება მედიკამენტების მიღებაზე. სასამართლო ამ მოსაზრებას აფუძნებს მხოლოდ ვარაუდს და თვლის, რომ ხელმომწერი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება დასაშვებად თვლის ამ გარიგების დადებას, თუმცა ერთადერთი პირი, რომელიც უფლებამოსილია, დადოს გარიგება საზოგადოების სახელით კომპანიის გენერალური დირექტორია, რომელსაც ს.ჯებირაშვილისათვის სადავო გარიგების დადების უფლება არ მიუნიჭებია. ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ მოდავე მხარეთა გათვალისწინებით, რადგანაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დახურული ტიპის დაწესებულებაა, შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე ს.ჯებირაშვილი ვერ მოაწერდა დოკუმენტებს ხელს, მხოლოდ ვარაუდია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. განჩინების ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ კომპანიის სახელით ნებისმიერ თანამშრომელსა თუ ზარალების მენეჯერს უფლება აქვს, დადოს გარიგებები საზოგადოების სახელით. ამ დასკვნით სასამართლომ მნიშვნელობა დაუკარგა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლს. მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ გამოუყენებიათ ასევე სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 111-ე მუხლები.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილშიც, სადაც პალატა გარიგების დადების ფაქტის დადასტურებისათვის მიუთითებს მედიკამენტების მსჯავრებულთა სამკურნალო და სხვა დაწესებულებებში შეტანის დროზე. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში მედიკამენტების შეტანა 2007 წლის 18 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა, ადასტურებს არა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს, არამედ მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულების მცირე დროით არაჯეროვან შესრულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «ბ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «ბ-ის» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 4536.20 ლარის 70% _ 3175.34 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სს «ბ-ის» (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 3175.34 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.