Facebook Twitter

ას-1399-1414-2011 07 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. დ-ი, ლ. დ-ა, ქ. დ-ა, დ. ზ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით დ. პ-ის და ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. პ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დ. პ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დ. პ-ეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1562.5 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2011 წლის 31 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დ. პ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 1562.5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, მაგრამ წარმოადგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მსგავსი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კასატორს არაერთხელ ეთქვა უარი და გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის თაობაზე და არც ახალი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც კასატორის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. პ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. დ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.