ას-1403-1418-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «მ-ი (თგ)»
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ი
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «მ-ი (თგ)»-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 8171 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 07 დეკემბერს, 2009 წლის 23 დეკემბერს, 2009 წლის 24 დეკემბერს, 2009 წლის 30 დეკემბერსა და 2010 წლის 25 იანვარს შპს ,,მ-ი (თგ)’’-სგან ა. მ-მა გაიტანა ფქვილი, რომლის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 12 492 ლარს. გატანილი ფქვილის ღირებულება მ-მა ნაწილობრივ დაფარა. მოპასუხის მიერ დაფარულია 4 321 ლარი, კერძოდ, 09 დეკემბერს დაიფარა 1 075 ლარი, 10 დეკემბერს _ 405 ლარი, 22 იანვარს _ 2 547 ლარი, 26 იანვარს - 294 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის შემოტანის მომენტისთვის ა. მ-ის დავალიანება შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს მიმართ შეადგენს 8 171 ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «მ-ი (თგ)»-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. მ-ს შპს «მ-ი (თგ)»-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 8 171 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარდგენილი მოსარჩელის _ შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს ბრძანებების: ¹5299, ¹5546, ¹5583, ¹5661 და ¹343 მიხედვით, შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს მიერ გაცემულ იქნა განკარგულება ა. მ-ზე 402 (100+100+2+100+100) ტომარა, სულ 12492 (3100+3100+92+3100+3100) ლარის ღირებულების, ფქვილის გაცემის თაობაზე (ტ. I. ს.ფ. 10, 12, 14, 16, 18).
ზემოხსენებულ საქონელზე შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს მიერ გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც ტვირთის მიმღებად მითითებულია მოპასუხე ა. მ-ი (ტ. I. ს.ფ. 11, 13, 15, 17, 19).
სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, მოპასუხე ა. მ-ის მიერ გადახდილია ფქვილის საფასური 4321 (294+2547+405+1057) ლარის ოდენობით (ტ. I. ს.ფ. 20-23).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მოპასუხე ა. მ-მა მიიღო 12 492 ლარის ღირებულების ფქვილი, რასაც მოწმობს მის მიერ ხელმოწერილი სასაქონლო ზედნადებები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ არცერთ ზედნადებზე არ იყო აღნიშნული ა. მ-ის ხელმოწერა და სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს სარჩელზე თანდართული ზედნადებები შესაძლებელია განხილულიყო, როგორც აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი და არა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის _ ა. მ-ის ფულადი ვალდებულების არსებობის განმსაზღვრელი საკმარისი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 477-ე და 483-ე მუხლებზე მითითებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი ზედნადებები, რომლებზედაც არ არის მყიდველის ხელმოწერა, არ შეიძლება მიჩნეულიყო მოპასუხის _ ა. მ-ის მიერ საქონლის მიღების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვეოდა, ჰქონდა თუ არა ადგილი მყიდველის მხრიდან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ საქონლის მიღებას, შესაბამისად, არ დგინდებოდა მოპასუხე ა. მ-ის ვალდებულების არსებობა შპს ,,მ-ი (თგ)’’-ს მიმართ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ-ი (თგ)»-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი, არასწორად შეაფასა ბრძანებები საქონლის გამოწერის შესახებ და ზედნადებები მიიჩნია, როგორც მხოლოდ აღრიცხვის დოკუმენტი. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ არც ერთ ზედნადებზე არ იყო მიმღების ხელმოწერა და არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქონლის მიღების უტყუარ მტკიცებულებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს «მ-ი (თგ)»-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «მ-ი (თგ)»-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «მ-ი (თგ)»-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (408.55 ლარი) 70% _ 285.99 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «მ-ი (თგ)»-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (408.55 ლარი) 70% _ 285.99 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.