ას-1425-1440-2011 11 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. რ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ ე. და თ. რ-ების სარჩელის გამო, მოპასუხე – გ. რ-ის მიმართ, საზიარო უფლების გაუქმების შესახებ.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გ. რ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 1040 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2011 წლის 13 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება.
2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გ. რ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 25 ოქტომბერს ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ი. მ-ეს საქმეში მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (სატელეფონო შეტყობინების აქტი _ ტ.II, ს.ფ.76).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის (საკასაციო საჩივრის) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორცილების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა მის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს (არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი), პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2011 წლის 25 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ოქტომბერს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის 30 ოქტომბერი დაემთხვა უქმე დღეს, ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 31 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. რ-ს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.