ას-1430-1445-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. თ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ «შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის» მიმართ სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 626-ე და 341-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის 65505 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. თ-ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა 1990 წლის 14 მაისიდან 2007 წლის აპრილამდე კომერციული დირექტორის, ხოლო 1994 წლიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2006 წლის დეკემბერში გ. თ-ემ რუსთაველის თეატრში მისი დირექტორობის პერიოდში ამავე თეატრის მსახიობებისა და პერსონალის 2006 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანებების გასასტუმრებლად თავისი ძმის, ა. თ-ის, საკუთრებაში არსებული ქ.მცხეთაში მდებარე უძრავი ქონება _ 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი (კოდი 72, სექტორი ..., კოდი 14, კვარტლის ¹35, ნაკვეთის ¹107, მისამართი დიდი ..., რეგისტრაციის ¹...) დატვირთა იპოთეკით და მიზნობრივი კრედიტი აიღო ბანკ «...დან». აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო მაშინდელი კულტურის მინისტრი, რომელმაც გასცა თანხმობა მიზნობრივი კრედიტის აღებასთან დაკავშირებით, ხოლო თეატრს ხელფასის გაცემისათვის განკუთვნილი დავალიანება უნდა გაესტუმრებინა საკუთარი შემოსავლებიდან, მათ შორის, ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით. მსესხებელ ა. თ-ესა და გამსესხებელ სს ბანკ «თეთრს» შორის საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება ¹... გაფორმდა 2006 წლის 29 დეკემბერს. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ბანკის მიერ გამოყოფილ იქნა სასყიდლიანი კრედიტი 50000 ლარის ოდენობით რუსთაველის თეატრის თანამშრომლების ხელფასის გაცემის მიზნით, ხოლო კრედიტის სარგებლობისათვის მსესხებელი ბანკს უხდიდა სარგებელს წლიურ 24%-ის განაკვეთით 6000 ლარს. აღნიშნული კრედიტით სარგებლობის ვადა იყო 2006 წლის 29 დეკემბრიდან 2007 წლის 29 ივნისამდე. კრედიტი ნაწილობრივ დაფარა გ. თ-ემ საკუთარი სახსრებით, ხოლო დარჩენილი ნაწილის დაფარვა მოხდა მხოლოდ ახალი კრედიტის ჩანაცვლების გზით. 2007 წლის 28 იანვარს კვლავ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება სს «ბანკი ...ს» და შპს «ტ-ის» დირექტორ ა. თ-ეს შორის. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 25000 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხა გამიზნული იყო წინა კრედიტის დავალიანების სრული დაფარვისათვის, რომელსაც იხდიან ა. და გ. თ-ეები. ა. თ-ემ, რუსთაველის თეატრის თანამშრომლების 2006 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად, ვალი _ 50000 ლარი მთლიანად გადასცა თეატრის ადმინისტრაციას, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციამ დირექტორი გ. თ-ე უზრუნველყო ზემოაღნიშნული 50000 ლარით და მის მიერ უშუალოდ მოზიდული 24665 ლარით, თეატრის თანამშრომლების 2006 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანების გასტუმრებისათვის, ამასთან მან აიღო ვალდებულება ნასესხები თანხის დროული დაბრუნებისა. რუსთაველის თეატრის თანამშრომელთა 2006 წლის 29 თებერვლის სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად სულ გაღებულ იქნა 74665 ლარი, რასაც მომუშავე პერსონალიც ადასტურებს. 2008 წლის 2 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციას და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: აქვს თუ არა თეატრს 2006 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება, გაცემული იყო თუ არა თეატრის ყოფილ დირექტორ გ.თ-ის მიერ აღნიშნული თვის ხელფასი თანამშრომლებზე საკუთარი სახსრებიდან, ცნობდა თუ არა თეატრის ადმინისტრაცია გ.თ-ის მიმართ არსებულ დავალიანებას და როდის აპირებდნენ მის გადახდას. ადმინისტრაციის 2008 წლის 4 ივლისის ¹129 წერილის თანახმად, საბუღალტრო მონაცემების შესაბამისად, თეატრს გ.თ-ის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, ამასთან განმეორებით მიმართვაზე თეატრს პასუხი არ გაუცია. სსიპ «შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის» 2006 წლის 29 დეკემბრის ¹295 და ¹296 გაცემული ცნობებით კი ირკვევა, რომ თეატრს გ. თ-ისა და ა. თ-ის მიმართ აქვს დავალიანება, აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს საკრედიტო მიზნობრივი ხელშეკრულებები და სახელფასო უწყისები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2008 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა გარკვეული რეაგირება, თუმცა არც მათგან მიუღია პასუხი. 2009 წლის 12 იანვრისა და 2009 წლის 12 თებერვლის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებებით, ა.თ-ემ და გ.თ-ემ თავიანთი მოთხოვნა თეატრის მიმართ დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით დაუთმეს ლ. თ-ეს.
მოპასუხე სსიპ «შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა» სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
ხაზინის ვალდებულება 2006 წლის მდგომარეობით თეატრის მიმართ სრულად არის შესრულებული და მას სახელმწიფოს თეატრის მიმართ 2006 წელს რაიმე დავალიანება არ გააჩნია, რასაც ადასტურებს თეატრში შედგენილი ფინანსური საბუთი, რომელსაც ხელის მოწერით ამოწმებს გ.თ-ე. 2006 წლის წლიური ბალანსით, რომელსაც ასევე ამოწმებს გ.თ-ე, დგინდება, რომ თეატრის მიერ არ არის აღიარებული 2006 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება. 2007 წლის 5 თებერვლის სალაროს გასვლის ორდერითა და ხელფასის უწყისით, რომლებსაც ასევე ხელს აწერს გ.თ-ე, დგინდება, რომ 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ავანსი გაიცა 2007 წლის თებერვალში. თეატრის 2006 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით, ამავე რიცხვის სალაროს გასვლის ორდერით და 2006 წლის ოქტომბრის ხელფასის უწყისით ირკვევა ის, რომ 2006 წლის დეკემბრის ხელფასი არ შეიძლებოდა გაცემული ყოფილიყო ამავე წლის 29 დეკემბერს, როგორც ეს არის მითითებული სარჩელზე თანდართულ ხელფასის უწყისში, ამასთან, ხელფასის უწყისი თეატრში არ აღმოჩნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს ლ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 65 505 ლარის გადახდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომლებს 2006 წლის დეკემბრის თვეში ხელფასის შესატყვისი ფულადი თანხა მიღებული აქვთ. არ იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ აღნიშნული თანხა სწორედ დეკემბრის თვის ხელფასია და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ პალატამ მიუთითა 2007 წლის ბალანსზე, რომლის თანახმადაც დავალიანებად ასახულია 2006 წლის დეკემბრის ხელფასი და ასევე ის გარემოება, რომ თეატრის მიერ კრედიტის სახით მიღებული თანხა არც შემოსავლის სახით არის დაფიქსირებული და ხელფასის გასტუმრების შემდეგ არც თეატრის დავალიანებაშია ასახული. შესაბამისად, თანამშრომლების მიერ დეკემბრის თვეში გარკვეული თანხის მიღება არც იურიდიულად არის დადასტურებული და არც ბუღალტრულადაა ასახული. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული უწყისები ადასტურებს თეატრის თანამშრომლების მიერ გ. თ-ისაგან თანხის მიღებას, რაც არ შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს როგორც 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის გასტუმრება. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ უწყისებზე, რომელთა თანახმადაც, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომლებს 2006 წლის დეკემბრის ხელფასები მიღებული აქვთ. სასამართლო არ დაეთანხმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენელთა პოზიციას აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ მათ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო წესით დამტკიცების გზით, შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთის სათანადო და ობიექტური განაწილება მხარეებს ავალებს მტკიცებულების წარდგენის გზით მათ მიერ მითითებული გარემოებები დაადასტურონ, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გააქარწყლონ. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაადასტუროს, რომლის დადასტურება მისთვის უფრო ადვილი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი უწყისები, რომლითაც დასტურდება თანამშრომლების მიერ 2006 წლის დეკემბერში თანხის მიღების ფაქტი, აღნიშნულის გამაქარწყლებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მოპასუხე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს, თუნდაც, მოწმეთა ჩვენების გზით, თანამშრომლების მიერ თანხის მიღების ფაქტის გაქარწყლება, მაშინ, როდესაც, აღნიშნული ფაქტის უარყოფა შესაგებლის მტკიცების საგანში შედიოდა, თანაც, მოპასუხისათვის ობიეტურად შესაძლებელი და ხელმისაწვდომი იყო. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს 2006 წლის პირველი იანვრიდან 2007 წლის პირველ იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 1 004 927,03 ლარი, აქედან ხელფასების სახით გაცემული თანხა 829 723 ლარს შეადგენს. სასამართლომ არ გაიზიარა ლ. თ-ის მოსაზრება, რომ მომატებული ხელფასების ოდენობა აჭარბებდა ბიუჯეტისაგან მიღებულ თანხას, რამაც განაპირობა თეატრის დირექტორის მიერ სესხის აღება, რათა მომხდარიყო დეკემბრის თვის დავალიანების გასტუმრება. ამ მიმართებით სასამართლომ მიუთითა იმაზეც, რომ 2006 წლის ნოემბრის ხელფასი 2007 წლის იანვარში გაიცა, ხოლო 2007 წლის თებერვალში გაიცა 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ავანსი, 9 160 ლარის ოდენობით. 2007 წლის ბალანსში ასახული 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დავალიანება დაფარული არ არის.
სასამართლომ მიუთითა სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 2 სექტემბრის ¹3/218 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქმიანობას, რომლისთვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, თეატრი განახორციელებს «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ. სასამართლომ იხელმძღვანელა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულების მე-7 მუხლით, მე-3 მუხლის «დ» ქვეპუნქტით და დადგენილად ჩათვალა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრისათვის სესხად მიღებული თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ქცეულიყო თეატრისათვის დაფინანსების წყაროდ, თუ აღნიშნულის თაობაზე იარსებებდა საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, გ. თ-ემ სს «ბანკი ...დან» ისე აიღო სესხი, რომ მას შესაბამისი თანხმობა არ ჰქონდა მიღებული. უფრო მეტიც, გ.თ-ეს სესხის აღებისას თეატრის მხრიდან თანხმობა არ ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, თეატრის დაფინანსების უპირველეს წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნები, ხოლო დანარჩენს _ თეატრის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, როგორიცაა ბილეთების რეალიზაცია, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა, სპექტაკლიდან, კინო, ვიდეო და აუდიოჩანაწერებიდან მიღებული შემოსავლები და ა.შ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნორმატიულ დონეზე თეატრის დირექტორის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით თეატრში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რაც შეეხება დამატებით მოზიდულ თანხებს, აღნიშნულს უნდა უზრუნველეყო თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, შრომის ეკონომიკური სტიმულირება, მუშაკთა სოციალური დაცვა და ა.შ ამდენად, ნორმატიულად, თეატრის დებულების თანახმად, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წყაროს სახელმწიფოდან გამოყოფილი ასიგნები წარმოადგენდა, ხოლო იმას, რასაც თეატრი დამატებით მოიზიდავადა, შრომის დამატებითი სტიმულირების მიზნებისათვის დანამატის, პრემიის და ა.შ სახით გაიცემოდა. თანხის დამატებით გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ თეატრი მისთვის ნებადართული შემოსავლის წყაროდან თანხას მოიზიდავდა. რაც შეეხება სახელმწიფო ასიგნებიდან გამოყოფილი თანხის დეფიციტს პირველადი საჭიროების _ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფარად, აღნიშნული, მომდევნო წლის ბალანსში აისახებოდა სახელმწიფოს მიერ შემდეგი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გასათვალისწინებლად. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დირექტორი საბანკო დაწესებულებიდან კრედიტს იღებს იმ მიზნისათვის, რომ გაისტუმროს დასაქმებულთა ერთი თვის ხელფასი, მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაფინანსების გზით მიღებული თანხა ფარავს აღნიშნული წლის 12 თვის ხელფასის ოდენობას, მით უმეტეს, გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული დავალიანების მომდევნო წლის ბალანსში ასახვა. პალატის განმარტებით, ვინაიდან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულების მე-7 მუხლის თანახმად, დაფინანსების პირველად წყაროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნები წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება თეატრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, გ. თ-ემ თანამშრომლებისათვის ხელფასის მიცემის გზით ის ვალდებულება შეასრულა, რომელიც მას არ ეკისრებოდა, თუმცა იგი აღნიშნული საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და იგი მოკლებულია შესაძლებლობას დავალების გარეშე სხისი საქმეების შესრულების საფუძვლით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარეობს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ როდესაც გ. თ-ემ გაუცემელი თვის ხელფასი შემდეგი წლის ბალანში ასახა, მას არ ჰქონდა დასაქმებულთა ხელფასის გასასტუმრებლად კრედიტის აღების ვალდებულება, უფრო მეტიც, იგი უფლებამოსილიც კი არ იყო, აეღო კრედიტი ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანხმობის გარეშე. აღნიშნულით მან ვალდებულების არსებობის გარეშე გადასცა თეატრის თანამშრომლებს თანხა, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე აუცილებელია გაირკვეს, თუ ვის გადაეცა თანხა შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე, ანუ ვინ არის მოცემულ სამართალურთიერთობაში ვითომ კრედიტორი, თეატრი თუ თეატრის თანამშრომლები. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის დავალიანება გადატანილ იქნა თეატრის 2007 წლის წლიურ ბალანსში, რის გამოც თეატრს თანამშრომლების მიმართ დავალიანება დღეის მდგომარეობითაც ერიცხება, შესაბამისად, თანხის მიმღებად თეატრი ვერ განიხილება, ვინაიდან დღეის მდგომარეობით, დოკუმენტურად თეატრს გაუცემელი ხელფასის სახით ვალი გააჩნია და დავალებული პირი ვითომ კრედიტორი არაა. შესრულება თეატრის თანამშრომლებმა მიიღეს, ის შესრულება, რომლის განხორციელების ვალდებულება შემსრულებელს არ გააჩნდა და შესრულების დაბრუნებაზეც ვალდებული პირი თითოეული თანამშრომელია და არა თეატრი. რაც შეეხება თანამშრომლების მიერ აღნიშნული თანხის ხელფასის სახით მიღების ვარაუდსა და მათი მხრიდან თანხის დაბრუნების ლეგიტიმურობას, აღნიშნული სცილდება მოცემული დავის ფარგლებს და, შესაბამისად, მსჯელობის საგანიც ვერ იქნება.
პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ მართალია, აღნიშნული ნორმა გასტუმრებული ვალის ანაზღაურების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, იმისათვის, რომ გასტუმრებული ვალი ანაზღაურებას დაექვემდებაროს, აუცილებელია, დადგენილ იქნას ვალის წარმოშობის საფუძვლები, ვალის გამსტუმრებლის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები ვალის წარმოშობაში და ვალის რეალურად გასტუმრების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, თეატრის ფინანსური მართვა და ხარჯების განაწილება სწორედ თეატრის დირექტორის კომპეტენცია იყო, შესაბამისად, როდესაც თეატრის დირექტორი კრედიტით იმ ხარჯს ისტუმრებს, რომლის დასაფარად თეატრს თანხები აქვს გამოყოფილი, სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს გამოყოფილი თანხის სიმცირე და არასაკმარისობა პირველადი ხარჯის – დასაქმებულის შრომის ანაზღაურების დასაფარად, გარდა ამისა, სახეზე უნდა იყოს ვალის რეალური გასტუმრება, მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა 2007 წლის ბიუჯეტში ასახული 2006 წლის დეკემბრის თვის დავალიანება, რომელიც ჯერაც არ დაფარულა. გ. თ-ისათვის თანხის დაბრუნების შესაძლებლობას არც სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის შემადგენლობა იძლევა, მით უმეტეს, რომ საქმის მასალებით დადგენილია 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის 2007 წლის ბალანსში ასახვის ფაქტი და ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 12 თვის ხელფასის ჯამურ ოდენობას ფარავდა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრისათვის თანხის გადაცემისა და არც ამავე თეატრის უსაფუძვლოდ გამდიდრება, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელე ლ. თ-ის მოთხოვნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ აპელანტის მიერ დაუსაბუთებელი და უმოტივაციო ფაქტებით, ამასთან, არ იმსჯელა სარჩელით მითითებულ იმ გარემოებებზე, რომლებსაც ეყრდნობოდა ლ.თ-ის პოზიცია. გაურკვეველია, რა სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას, რადგან მისი შემოწმება, არარსებობის გამო, შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენდა გ. თ-ის უფლებამოსილებისა და მისი მოქმედების კანონიერების შემოწმება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ის კულტურის სამინისტროს წინაშე იყო ანგარიშვალდებული, რომელიც არ იყო მხარე დავის განხილვისას, ამასთან სასამართლოს უნდა შეემოწმებინა არსებობდა თუ არა მხარეთა შორის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, განესაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი ბუნება და არა გ. თ-ის უფლებამოსილების კანონიერება კონკრეტული ქმედების განხორციელებისას, რაც არ ყოფილა დავის საგანი და არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის საფუძველს. სასამართლო გასცდა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და მისი კანონთან შესაბამისობის შემოწმების უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით მიღებული 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება არ არის ხელმოწერილი გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლეების მიერ. სახელმწიფო თეატრების შესახებ საქართველოს კანონით 3.1, 3.2, მე-7, მე-8 მუხლების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის ¹42 დადგენილებით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ 4.1 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 2 სექტემბრის ¹3/218 ბრძანებულების, დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის «ვ» და «თ» ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლის, ამავე მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, თეატრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, გააჩნია გარკვეული უფლებები და მოვალეობები და მხოლოდ კრედიტის აღებაზეა სავალდებულო ფინანსთა სამინისტროს თანხმობა და არა სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა მიერ გაცემულ კრედიტზე. თეატრის დაფინანსების და სახელფასო ფონდის ფორმირების ერთადერთი წყარო ბიუჯეტი არ არის. კულტურის სამინისტრო ამტკიცებს მხოლოდ დაფინანსების ოდენობას. თეატრის შემოსავლის წყაროს შეადგენს როგორც სახელმწიფო დაფინანსება, ასევე შემოწირულობები და სხვა თეატრის მიერ უშუალოდ მოზიდული თანხები. ხარჯების სწორად განაწილებასა და ადმინისტრირების წარმართვაზე თეატრის დირექტორი პასუხისმგებელია სამინისტროს წინაშე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ¹1 ცნობა ფაქტობრივი ფინანსური მდგომარეობის შეასახებ 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საერთო თანხამ შეადგინა 1004927.03 ლარი, ხოლო თეატრის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება შეადგენდა 1005000 ლარს. აღნიშნული ცნობის თანახმად, გეგმა იყო 1005000 ლარი, ხოლო დამოწმებაც და გადახდაც მოხდა 1004927.03 ლარით. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ იყო მიზნობრივი, ის არ ხმარდებოდა მხოლოდ ხელფასს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, ხელფასის გარდა, თეატრს გააჩნდა მიმდინარე ხარჯები გათბობის, ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის, რომელთა დროული დაფარვა, ასევე, აუცილებელი იყო თეატრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სახელფასო ფონდი მთლიანად რომ ყოფილიყო დაფინანსებული და შეუფერხებლად გაეცა ხელფასები, ამისათვის საჭირო იყო 1300000 ლარი. სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ თანხაში (1004927.03 ლარი) არ შედიოდა ხელფასებისათვის განკუთვნილი 300000 ლარი, აღნიშნული თანხა თეატრს უნდა მოეზიდა დამატებით სხვა წყაროებიდან. როგორც ¹1 ცნობიდან ჩანს, ბიუჯეტი დამტკიცდა 2006 წლის აპრილში, მაგრამ ხელფასი, მითითებული გრაფიკით გაიცა 2006 წლის იანვრიდან. იმის გამო, რომ წლის ბოლოს 300000 ლარის მოზიდვა ვერ მოხერხდა, სახეზე იყო ბიუჯეტის დეფიციტი და თეატრს აღარ ჰყოფნიდა თანხები ნოემბერ-დეკემბრის ხელფასების გასაცემად. 2006 წლის ნოემბრის ხელფასი გაიცა 2007 წლის იანვარში, 2007 წლის პირველი იანვრის ხელფასთან ერთად 2007 წლის პირველი კვარტლის სახსრებიდან, ხოლო 2006 წლის დეკემბრის თვის დაფინანსება განხორციელდა უშუალოდ გ. თ-ის მიერ მოზიდული თანხებიდან. 2007 წლის 1 იანვრის ცნობით, სუბსიდიებისა და მიმდინარე ტრანსფერების ხარჯმა შეადგინა 1004927 ლარი, ანუ ის თანხა, რაც გათვალისწინებული იყო ფორმა ¹1-ით და წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხულ თანხას. 2006 წლის დეკემბერში თეატრს ჰყავდა 283 თანამშრომელი, მათთვის გასაცემი ხელფასები შეადგენდა 74665 ლარს. 2007 წლის 5 თებერვალს, თეატრის მიერ ავანსის სახით თანამშრომლებისათვის გაცემულ იქნა 9160 ლარი. აღნიშნული თანხა გამოაკლდა ხელფასის სახით გაცემულ 74665 ლარს და დაუბრუნდა გ. თ-ეს, დარჩენილმა თანხამ შეადგინა 65505 ლარი. 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის 74665 ლარის თანამშრომლებისათვის გაცემა დასტურდება 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის გაცემის უწყისებით. უწყისებზე, რომელიც თანხის გაცემას ადასტურებს, ხელს აწერს არა ფიზიკური პირი გ. თ-ე, არამედ დირექტორი და ბუღალტერი, ანუ თეატრის ადმინისტრაცია. აღნიშნული უწყისები თეატრში არ იყო და იმყოფებოდა გ. თ-ესთან, რადგან თანხა, რომელიც მითითებული იყო უწყისში, გაცემულ იქნა მისი სახსრებიდან, 2006 წლის დეკემბრის თვის ხელფასის უწყისების ჩადება სხვა საბუღალტრო დოკუმენტებთან, ბუღალტრულ მემორიალებთან ვერ მოხდებოდა და მასში მოცემული თანხა თეატრის ბალანსზე ვერ აისახებოდა, რადგან იგი გ. თ-ის მიერ მოზიდული სახსრები იყო და არ წარმოადგენდა ოფიციალური დაფინანსების წყაროდან მიღებულ თანხას, რასაც კასატორიც ადასტურებს. პალატის შეფასება აღნიშნული თანხის კანონიერებასთან დაკავშირებით აბსურდულია და სასამართლოს მოტივაცია არასწორად ემყარება იმ არგუმენტს, რომ გ. თ-ის მიერ ბანკი «...დან» საბანკო კრედიტის აღების ფაქტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით. ბანკი «...დან» კრედიტი აიღო გ. თ-ის ძმა ა. თ-ემ, რომელმაც, სწორედ, გ.თ-ეს გადასცა აღნიშნული თანხა, ხოლო იგი გამყენებულ იქნა თეატრის თანამშრომელთა ხელფასების გასასტუმრებლად. გარდა ხელფასის გაცემის უწყისისა, 2007 წლის წლიურ ბალანსში აისახა სადავო თანხა, როგორც თეატრის მიერ მომავალში შესასრულებლი ვალდებულება, კერძოდ, სახელმწიფოსათვის გადასახდელი თანხა: სოციალური გადასახადი _ პ-580, ¹170 ანგარიშში 12 თვისათვის სოც.ანარიცხები, ანუ 44097-ში ირიცხება 17182 ლარი, საშემოსავლო გადასახადი ¹170 ანგარიშში _ 27333 ლარიდან 10105 ლარი ირიცხება საშემოსავლო გადასახადი. 2007 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა მოგვიანებით 2007 წლის აპრილში. 2006 წლის დეკემბრის დავალიანება, რომ აღრიცხულიყო 2006 წლის წლიურ ბალანსში, თეატრს სახელმწიფოსათვის დამატებით უნდა გადაეხადა ხელფასის სახით გაცემული თანხიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადი, ანუ თეატრს უნდა გადაეხადა თანხა, რომელიც არ ჰქონდა და ბალანსში აღების შემთხვევაში, ვალდებული გახდებოდა, დაეფარა წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აღიარებული ანგარიშვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა თეატრს დააწვებოდა ვალად შესაბამისი სანქციებით, როგორც შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება. 2007 წლის ბალანსიდან და 2009 წლის 29 მაისის ¹116 ცნობიდან ირკვევა, რომ დარჩენილი 66410 ლარი ასახულია სახელფასო დავალიანებაში, ასევე აღიარებულია სოციალური და საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. 2006 წლის ნოემბრის ხელფასი საბიუჯეტო დარიცხვით გადატანილია 2007 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2006 წლის დეკემბერი _ 2007 წლის წლიურ ბალანსში. 2007 წლის პირველ კვარტალში დეკემბრის თვის ხელფასის თანხის აღრიცხვა არ მოხდა რადგანაც 2007 წლის 20 მარტს დაინიშნა ახალი დირექტორი. დარიცხული თანხა, რომელიც შევიდა 2007 წლის ბიუჯეტში, აღიარებს თეატრის ვალდებულებებს ძირითადი და დასარიცხი თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ბალანსში, ნოემბრის თვის თანხა გასტუმრებულია ხელფასით და საგადასახადოთი, ხოლო დეკემბერის თვის, როგორც ხელფასი, ასევე საშემოსავლო და სოციალური გადასახადი აღიარებული აქვს თეატრს, როგორც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება, რასაც ადასტურებს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის 2009 წლის 18 თებერვლს გაცემული ¹40/01-15 ცნობა. დღეის მდგომარეობით, თეატრს გასტუმრებული აქვს სახელმწიფო-საბიუჯეტო ვალდებულებები, გადარიცხული აქვს 2006 წლის დეკემბრის საშემოსავლო და სოციალური გადასახადები, რაც ადასტურებს ვალის აღიარების ფაქტს. ის გარემოება, რომ გასაცემი ხელფასი კვლავ მითითებულია დავალიანებში, არ ადასტურებს თეატრის ვალდებულებას თანამშრომლებისათვის ამ თანხის გადაცემაზე. ა. და გ. თ-ეებმა თეატრის ადმინისტრაციას თანხა დროებით, გარკვეული ვადით გადასცეს, ამავდროულად, თეატრის ადმინისტრაციამ იკისრა აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება, შესაბამისად, გ. და ა. თ-ეებს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ სამოქალაქო კოდექსის 316-317 მუხლების საფუძველზე, ისინი წარმოადგენენ კრედიტორებს, ხოლო თეატრი _ მოვალეს. მნიშვნელოვანია 2006 წლის 29 დეკემბერს თეატრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული ¹295 და ¹296 ცნობების შინაარსი, რომელიც, გარდა თეატრის ფულადი ვალდებულების შესახებ ინფორმაციის დადასტურებისა, ადასტურებს ა.თ-ის მიერ თეატრის თანამშრომლებისათვის ხელფასის გასტუმრების მიზნით კრედიტის აღების ფაქტს. დირექტორს არ გააჩნდა საშტატო განრიგისა და ხელფასის განაკვეთის დადგენის უფლებამოსილება, მას გააჩნდა მხოლოდ ვალდებულება, დამტკიცებული განაკვეთით გაეცა ხელფასი თანამშრომლებზე. საშტატო განრიგიც და სახელფასო განაკვეთიც დადგენილი და შეთანხმებული იყო კულტურის სამინისტროსთან. ადმინისტრაციის ვალდებულება იყო, გაეცა ხელფასი დამტკიცებული ტარიფით და დაეცვა დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებები, რამაც განაპირობა მოზიდული თანხით ხელფასის გასტუმრება. ამ საკითხის შეფასებისას არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ბიუჯეტიდან მოზიდული თანხა სრულიად საკმარისი იყო სახელფასო ვალდებულებების გასასტუმრებლად, რადგან სასამართლო ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს თეატრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ხარჯებს. 2009 წლის 12 იანვარის მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებით ა. და გ. თ-ეებმა მოთხოვნა თეატრის მიმართ დავალიანების გადახდევინებასთან დაკავშირებით დაუთმეს ლ. თ-ეს, შესაბამისად, მას მიენიჭა უფლებამოსილება, მოითხოვოს შესრულება იმ ოდენობით, რაც გააჩნდა მოთხოვნის დამთმობებს _ 74665 ლარის ფარგლებში. თეატრსა და ფიზიკურ პირებს შორის არსებობდა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც გ. და ა. თ-ეებს სრული უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ დავალიანების გადახდევინება თეატრისაგან. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი, ასევე მოსარჩელე მხარის უფლებამოსილების საკითხი და მოთხოვნის უფლების ფარგლები, არ ყოფილა დაყენებული მოპასუხის მიერ დავის განხილვისას და სადავოდ არ გაუხდია იგი და სასამართლოს აღნიშნულ გარემოებებზე არ უმსჯელია. აპელანტის მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე და 381-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ სასამართლოს ეს გარემოება არ შეუფასებია.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლზე და განმარტება, რომ თეატრი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, ამასთან, პალატამ არასწორად შეაფასა და განმარტა აღნიშნული მუხლის შინაარსი და ვალდებულების არსის უარყოფით ვალის გადახდის პირობად ვალის წარმოშობის საფუძველი მიუთითა, რაც დაუსაბუთებელია, რადგან, თუ დადასტურებულია თანხის გადაცემა მხარისათვის, ეს ავტომატურად წარმოშობს მისი გადახდის ვალდებულებას და ეს არ არის დამოკიდებული თანხის წარმოშობაზე. დადასტურებულია, რომ თეატრის დირექტორის მიერ მოზიდული თანხა მთლიანად გადეცა თეატრს და შემდეგ გასტუმრებულ იქნა თეატრის ვალდებულება თანამშრომელთა მიმართ. გ.თ-ემ შეგნებულად გადასცა აღნიშნული თანხა ადმინისტრაციას, რაც შეეხება მხარის არგუმენტაციას, რომ 2006 წლის დეკემბრის ხელფასი კვლავ დავალიანებაში აქვს აღებული თეატრს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგანაც თეატრს დეკემბრის ხელფასი არ გააჩნდა, ასევე თეატრის მიერ არ იქნა ურყოფილი გ.თ-ისაგან თანხის მიღების ფაქტი, რომელიც შემდეგ თანამშრომლებზე გაიცა. მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირობების გათვალისწინებითა და 2006 წლის 29 დეკემბრის ცნობის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენდა დავალიანების გადახდევინება, რაც ვალდებულებითსამართლებრივი კატეგორიაა, ვალდებულება კი გამომდინარეობს როგორც უსაფუძვლო გამდიდრების, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს მიერ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეფასდა როგორც სხვისი ვალის გამიზნულად გადახდა, რაც კანონით წარმოშობს მოთხოვნის უფლებას გადახდილ თანხაზე. ფულადი ვალდებულებითი ურთიერთობის ფაქტის არსებობის დადასტურება მხარეთა შორის დადგენილია, რომელიც ასევე ვალდებულებითი ხასიათისაა. სასამართლოს უნდა გაერკვია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ასევე ის, რეალურად რა ურთიერთობა წარმოიშვა მხარეებს შორის და კანონიერია თუ არა ამ მხრივ სააპელაციო მოთხოვნა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, რომელიც აპელანტს არ უარყვია და არ გაუქარწყლებია სხვა მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა დაეყრდნო მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტებას და არ შეუსწავლია საბუღალტრო დოკუმენტაცია, ასევე სხვა მტკიცებულებები, რომლებიც კასატორის პოზიციის მართებულობას ადასტურებენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ლ. თ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.