Facebook Twitter

ას-1431-1446-2011 1 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ე»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ე-მა» სარჩელი აღძრა შპს «ს. რ-ის» მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შეუსრულებლობისა და თანხის უსაფუძვლოდ მითვისების გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 4 ივნისს გაფორმდა ¹შს/07-268 ხელშეკრულება შპს «ს. რ-ასა» და «ე-ს» შორის, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა ელექტროსაქონელი, ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის განმავლობაში, ანუ 2007 წლის 2 ოქტომბრამდე, ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო მიწოდებული საქონლის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი მოპასუხეს მიაწოდა 30 Dდღის დაგვიანებით – 2007 წლის 1 ნოემბერს, ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს «ე-ს» უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ფასის 0.1%-ის ოდენობით. 2007 წლის 1 ნოემბერს მიწოდებული საქონლის სანაცვლოდ მოპასუხეს შპს «ე-ისთვის» უნდა გადაეხადა 19 571 ლარი და 48 თეთრი, აღნიშნული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა და დამატებით დაუკავა 16 000 ლარი მის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 26024.89 ლარს. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, შპს «ს. რ-ას» პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 28860 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით - 18738 ლარის გადახდა.

2001 წლის 6 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე შპს «ს. რ-ისთვის» პირგასამტეხლოს სახით 28860 ლარის დაკისრების შესახებ და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ ¹შს/07-268 ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი არ დაუბრუნებდა მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და გამოიყენებდა უპირობოდ მიყენებული ზიანის ღირებულების ფარგლებში. სადავო პერიოდში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს «ს. რ-ამ» შპს «ე-ს» ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო წესით დააკისრა პირგასამტეხლოს სახით 38190,4 ლარის გადახდა, ვინაიდან, შპს «ე-მა» დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოპასუხეს დაგვიანებით მიაწოდა ელექტროსაქონელი. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს - 28 860 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან, მხარეები ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს შპს «ს. რ-ისათვის» დაკისრებაზე, ამასთან, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხემ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების სახით 1110° დღეზე წლიური 24%-ის, სულ 18738 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «ე-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «ე-ის» სააპელაციო საჩივარი, ხოლო შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 4 ივნისს შპს «ს. რ-ასა” და შპს «ე-ს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება ¹შს/07-268 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს «ე-ს» შპს «ს. რ-ისათვის» უნდა მიეწოდებინა 318 253 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის განმავლობაში _ 2007 წლის 2 ოქტომბრამდე (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.7 პუნქტი), ხოლო სანაცვლოდ, შპს «ს. რ-ამ” აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ანგარიშსწორება მიღებული საქონლის საბაზრო ღირებულებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.3 პუნქტი). მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებლისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების ფასის 0.1%-ის ოდენობით (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტი). დასახელებული გარემოებები სადავო არ გამხდარა, რაც დასტურდება მხარეთა განმარტებებითა და 2007 წლის 4 ივნისის ¹შს/07-268 ხელშეკრულებით. შპს «ე-მა” ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილი შპს «ს. რ-ას» დროულად მიაწოდა, ხოლო ნაწილი _ 30 დღის დაგვიანებით, რაზედაც არავის უდავია. შპს «ს. რ-ასა” და შპს «ე-ს» შორის განხორციელებული ანგარიშსწორების შედეგად შპს «ს. რ-ამ” მოსარჩელეს არ გადაუხადა მიღებული საქონლის ნასყიდობის ფასის ნაწილი 19 571,48 ლარი, ხოლო 16 000 ლარი დაკავებულ იქნა შპს «ე-ის» საბანკო გარანტიიდან. გარანტ - სს «ჰ-ის» მიერ 16000 ლარი გადარიცხულ იქნა ბენეფიციარის – შპს «ს. რ-ის» ანგარიშზე 2007 წლის 6 ნოემბერს. 19571,40 ლარის ღირებულების საქონელი შპს «ს. რ-ამ» 2007 წლის 1 ნოემბერს მიიღო და შესაბამის ანგარიშსწორებაზე იგი ვალდებული იყო საქონლის მიღებიდან 20 საბანკო დღის განმავლობაში. სარჩელის მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 2007 წლის 1 დეკემბრისათვის.

შპს «ე-ის» მიერ შპს «ს. რ-ისათვის» ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დაგვიანებით მიწოდების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 9 547,59 ლარს შეადგენს. დასახელებული გარემოება დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს «ს. რ-ა» უფლებამოსილი იყო, შპს «ე-საგან”, ვალდებულების 30 - დღიანი დარღვევით შესრულების გამო, მოეთხოვა პირგასამტეხლო 9547,59 ლარის ოდენობით, იგი ვალდებული იყო, ვადაგადაცილებით _ 2007 წლის 1 ნოემბერს მიღებული საქონლის ღირებულებულება 10023,89 ლარი გადაეხადა (19571,48 _ 9447,59), მაგრამ არ იყო უფლებამოსილი საბანკო გარანტიის – 16000 ლარის მიღებაზე. პალატამ არ გაიზიარა შპს «ს. რ-ის» არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული საქონლის ღირებულების გადაუხდელობა და საბანკო გარანტიის დაკავება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს «ე-ის» მიერ შპს «ს. რ-ისათვის» გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 38 190,4 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ შპს «ე-ს» შპს «ს. რ-ისათვის» პირგასამტეხლოს სახით 9 547,59 ლარი უნდა გადაეხადა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი, მით უმეტეს, რომ, ამავე სააპელაციო საჩივრის თანახმად, შპს «ს. რ-ამ» შპს «ე-ს» იმის გამო არ გადაუხადა მიწოდებული საქონლის ღირებულების საფასური და ასევე იმიტომ დაუკავა საბანკო გარანტია 16 000 ლარის ოდენობით, რომ შპს «ს. რ-ის» გაანგარიშებით, შპს «ე-ს» შპს «ს. რ-ისათვის», პირგასამტეხლოს სახით 38 190,4 ლარი უნდა გადაეხადა. აღნიშნულ არგუმენტს ფაქტობრივი საფუძველი გამოეცალა მას შემდეგ, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა შპს «ე-ის» მიერ შპს «ს. რ-ისათვის» გადასახდელი პირგასამტეხლო 9 547,59 ლარის ოდენობით. 2007 წლის 19 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შპს «ე-მა» სს «... ბანკისაგან” აიღო კრედიტი 61 000 ლარის ოდენობით, 3 თვის ვადით, წლიური 16%-ით, ხოლო 2007 წლის 31 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, შპს «ე-ის» მიერ სს «... ბანკისაგან” აიღო კრედიტი 95 000 ლარის ოდენობით, წლიური 16%-იანი სარგებლით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფიზიკური პირისათვის თანხის დაკავებით (დროულად გადაუხდელობით) მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა სარგებელს მიიღებდა იგი აღნიშნული თანხის ანაბარზე განთავსებით, ხოლო, რაც შეეხება მეწარმე სუბიექტისათვის თანხის დაკავებას, მისთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების კრიტერიუმი არა ანაბარზე ფულის განთავსების შედეგად მიღებული სარგებელია, არამედ ის წმინდა მოგება, რასაც იგი, საშუალოდ, აღნიშნული თანხის ბრუნვის შედეგად იღებდა, ხოლო, რაც შეეხება იმ მეწარმე სუბიექტისათვის თანხის დაკავებას, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას საბანკო კრედიტებზე დაყრდნობით ახორციელებს, მიყენებული ზიანის გაანგარიშების ფაქტობრივი საფუძველი ის ფაქტობრივი ზიანია, კრედიტის სარგებლის სახით, რასაც იგი საკრედიტო დაწესებულებაში იხდის და რასაც არ გადაიხდიდა, მისთვის თანხა რომ არ დაეკავებინათ. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის პირველ დეკემბერს შპს «ს. რ-ას» შპს «ე-თვის» მისი კუთვნილი 10 023, 89 ლარი რომ გადაეხადა, შპს «ე» საკრედიტო დავალიანებას 10 023,89 ლარით შეამცირებდა და წლიურად 10 023,89 ლარის 16%-ს არ გადაიხდიდა, შესაბამისად, შპს «ე-ს» ყოველწლიურად 1 603,82 ლარი, ყოველთვიურად 133,65 ლარი, ხოლო ყოველდღიურად 4,45 ლარი დაეზოგებოდა.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე, 361-ე და 477-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევებში, დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს «ს. რ-ას” 2007 წლის 1 დეკემბრიდან წარმოეშვა ვალდებულება, შპს «ე-თვის” გადაეხადა მიღებული საქონლის ღირებულება 10023,89 ლარის ოდენობით, რაც მას არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ას” მართლზომიერად დაეკისრა შპს «ე-ის” სასარგებლოდ 10023,89 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შპს «ს. რ-ის” პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დასახელებული ვალდებულების შესრულებას გამორიცხავდა შპს «ე-ის” საპირისპირო ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით. პალატამ 442-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში, გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შპს «ს. რ-ამ” არსებული ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა მის მიმართ შპს «ე-ის” მიერ შესასრულებელი ვალდებულების გამო, რომლის ოდენობაც სადავოდ იქნა რა გამხდარი, სასამართლო განხილვის საგნად იქცა და საბოლოოდ, დადასტურებულ იქნა მხოლოდ 9547,59 ლარის ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, შპს «ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი დადასტურებულ მოთხოვნათა გაქვითვის შედეგად განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ გაიზიარა. იმავე საფუძვლით არ იქნა გაზიარებული შპს «ს. რ-ის» პრეტენზია 16000 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ამ” შპს «ე-ის» მხრიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან 2007 წლის 6 ნოემბერს 16 000 ლარი მიიღო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის მისთვის ცნობილია შპს «ე-ის» მიმართ არსებული თავისი ვალდებულების შესახებ, რომელიც შპს «ე-ის» ვალდებულებას ფარავს, 16 000 ლარის ოდენობით თანხა უნდა ჩაითვალოს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულად. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ას» მართლზომიერად დაეკისრა შპს «ე-თვის» დასახელებული თანხის გადახდა. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 408-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე ნორმებზე დაყრდნობით, პალატამ დადგენილად მიიჩნია რომ შპს «ს. რ-ამ» დაარღვია შპს «ე-ის» მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, შპს «ე-ს» არ გადაუხადა მიღებული საქონლის საფასური - 10023,89 ლარი. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ შპს «ს. რ-ას» არ გააჩნდა აღნიშნული თანხის დაკავების სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის არამართლზომიერად დაკავებით მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება.

სააპელაციო პალატამ ერთმანეთისაგან გამიჯნა ფაქტობრივი ზიანი და მიუღებელი შემოსავალი, რაც ასევე ზიანის კატეგორიას წარმოადგენს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი უნდა დაეკისროს მას, ვინც ფიზიკურ პირს თანხა არამართლზომიერად დაუკავა, ვინაიდან აღნიშნული თანხიდან ფიზიკურ პირს, სამეწარმეო საქმიანობის წარმოების გარეშეც შეეძლო მიეღო სარგებელი თანხის ანაბარზე განთავსების გზით, რაც შეეხება მეწარმე სუბიექტისათვის თანხის დაკავებით მიყენებულ ზიანს, მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ზიანად მიჩნეულ იქნეს არა ის შემოსავალი, რასაც მეწარმე სუბიექტი ანაბარზე განთავსების გზით მიიღებდა, არამედ ის მოგება, რასაც იგი ამ თანხის ბრუნვის შედეგად მიიღებდა და ვერ მიიღო. აღნიშნული კატეგორიებისაგან უნდა გაიმიჯნოს ის შემთხვევა, როდესაც მეწარმე სუბიექტი საბანკო კრედიტზე დაყრდნობით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ასეთ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არა მიუღებელი შემოსავალია, არამედ ფაქტობრივი ზიანი, ვინაიდან, დაკავებული თანხის გამო მეწარმე სუბიექტი საკრედიტო მომსახურებით სარგებლობს, რისთვისაც ყოველწლიურ სარგებელს იხდის. დადგენილ იქნა, შპს «ე-ს» 2007 წლის 19 ივლისისა და 31 ივლისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სს «...ბანკის» მიმართ გააჩნია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, კერძოდ, აღებული აქვს კრედიტი 61 000 ლარისა და 95 000 ლარის ოდენობით წლიური 16%-იანი სარგებლით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს «ს. რ-ისაგან” 10023,89 ლარის 2007 წლის 1 დეკემბერს მიღების შემთხვევაში შპს «ე-ს» ექნებოდა შესაძლებლობა, ამ ოდენობით დაეფარა კრედიტი და არ გადაეხადა აღნიშნული თანხისათვის წლიური 16% სარგებელი, შპს «ე-ის» მოთხოვნა 2007 წლის პირველი დეკემბრიდან 10023,89 ლარის 16%-ის ყოველწლიურად დაკისრების ნაწილში, Pპალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ» და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ას“ შპს „ე-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული ელექტროსაქონლის ნასყიდობის ფასის 10023,89 ლარის გადახდა, რაც დაუსაბუთებელია, რადგან, სადავო პერიოდში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შპს „ე-ს“ სასამართლო წესით მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. შპს „ს. კრინიგზამ“ მოსარჩელეს არ გადაუხადა საქონლის საფასური, იმ საფუძვლით რომ, არ იყო ცნობილი, თუ რა შედეგით დასრულდებოდა აღნიშნული სასამართლო დავა.

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაუკავა მოსარჩელეს საბანკო გარანტიიდან 16000 ლარი. ამასთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ ¹შს/07-268 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 7.3 პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი არ დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას და გამოიყენებს უპირობოდ მიყენებული ზიანის ღირებულების ფარგლებში», ვინაიდან, შპს „ელემენტმა 07-მა“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოპასუხეს დაგვიანებით მიაწოდა ელექტროსაქონელი, შპს «ს. რ-ამ» მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 38190,4 ლარის ოდენობით და ხელშეკრულების 7.3 პუნქტიდან გამომდინარე განახორციელა საბანკო გარანტიის დაკავება, პირგასამტეხლოს თანხის გაქვითვის მიზნით.

შპს „ე-ს“ მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილი აქვს სს „ ... ბანკთან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები ¹2/417 და ¹2/462, არც ერთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები გაფორმდა შპს «ს. რ-ასთან» დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. ამრიგად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ საკრედიტო ხელშეკრულებებთან შპს «ს. რ-ის» კავშირს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ას» დაუბრუნდეს 2011 წლის 17 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1581.85 ლარის 70% _ 1107.30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს «ს. რ-ას» დაუბრუნდეს 2011 წლის 17 აგვისტოს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1581.85 ლარის 70% _ 1107.30 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.