ას-1436-1451-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს «ქ. კომპანია»
წარმომადგენელი _ გ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-ემ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოვალე შპს «ქ. კომპანიის» მიმართ გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა შემდეგი საფუძვლებით: თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს-ს» (ყოფილი სს «თ-ის კომპანია) ნ. ქ-ის სასარგებლოდ 58560 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც 2010 წლის 17 მარტს სააღსრულებო ფურცელი გაიცა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2010 წლის 18 მარტს ნ. ქ-ემ აღსრულების კერძო ბიუროს მიმართა შპს «ს-მა» აღმასრულებელს დებიტორთა სია წარუდგინა, სადაც მოვალედ მითითებულია შპს «ქ. კომპანია». აღნიშნულ კომპანიის დავალიანებაა 129 153,98 ლარი. 2010 წლის 23 აპრილს აღსრულების კერძო ბიურომ (აღმასრულებელი კ. ფ-ი) გამოსცა ¹30/10-0045-გ-08 განკარგულება, რომლის ძალითაც ყადაღა დაედო შპს «ს-ის» მოთხოვნას შპს «ქ. კომპანიის» მიმართ 62 659 აშშ დოლარის ფარგლებში. Eეს განკარგულება შპს «ქ. კომპანიას» 2010 წლის 26 აპრილს ჩაბარდა, ხოლო შპს «ს-ს» - 28 აპრილს. 2010 წლის 23 აპრილს აღსრულების კერძო ბიურომ გამოსცა ¹30/10-0045-09 განკარგულება, რომლის მიხედვითაც ყადაღადადებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს ნ. ქ-ის სასარგებლოდ კერძო აღმასრულებელ კ. ფ-ის მეშვეობით. აღმასრულებლის მითითებული ორივე განკარგულება ჩაბარდა შესაბამის მოვალეს და ვალდებულ პირს, რომლებსაც აღნიშნული განკარგულებები არ გაუსაჩივრებიათ. შპს «ქ. კომპანიამ» აღსრულების ბიუროსადმი 2010 წლის 24 მაისს გაგზავნილი ¹1 წერილით აღიარა, რომ მას გააჩნია «ს-ის» ვალი და ნ. ქ-ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის ვალდებულება იკისრა.
2010 წლის 9 ივნისს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ ნ. ქ-ის სასარგებლოდ მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, შპს «ქართულ-ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელი კომპანიას» ძირითადი დავალიანების, 58 560 აშშ დოლარის და აღსრულების საზღაურის - 4099,20 აშშ დოლარის, სულ 62659,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი დაეკისრა.
შპს «ქართულ-ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ» დადგენილ ვადაში შესაგებელი (პროტესტი) წარადგინა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადახდის ბრძანება და მისი აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა. დადგინდა აღძრული მოთხოვნის სასარჩელო წარმოების საერთო წესით განხილვა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, შპს «ქართულ-ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიას» დაეკისრა 56969 აშშ დოლარის გადახდა, აღსრულების საზღაურის - 4099,20 აშშ დოლარის შპს «ქ. კომპანიისათვის» დაკისრების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «ს-ს» ნ. ქ-ის სასარგებლოდ 58 560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2010 წლის 20 თებერვალს კანონიერ ძალაში შევიდა, ხოლო 2010 წლის 17 მარტს სააღსრულებო ფურცელი გაიცა;
2. 2010 წლის 18 მარტის წერილით კერძო აღმასრულებელმა შპს «ს-ისაგან» მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა მოითხოვა;
3. 2010 წლის 26 მარტის წერილის საფუძველზე შპს «ს-მა» კერძო აღმასრულებელს წარუდგინა მის ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა და დებიტორთა სია, რომელთა შორის იყო შპს «ქ. კომპანია» 129 153,98 ლარი დავალიანებით;
4. კერძო აღმასრულებლის 2010 წლის 23 აპრილის განკარგულების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს «ს-ის» მოთხოვნას შპს «ქ. კომპანიის» მიმართ 62 659 აშშ დოლარის ფარგლებში, საიდანაც 58 560 აშშ დოლარი კრედიტორის მოთხოვნაა, ხოლო 4099,20 აშშ დოლარი – აღსრულების საზღაური. განკარგულება ჩაიბარა როგორც სს «ს-ის», ისე შპს «ქ. კომპანიის» წარმომადგენელმა;
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, შპს «ს-ის» მოთხოვნაზე ყადაღა რეგისტრირებული არ არის. რაც შეეხება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის რეგიონული ცენტრის ¹14/04-5277 ბრძანებას, საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული ბრძანების თაობაზე მოვალის ინფორმირების ფაქტი;
6. შპს «ქ. კომპანიის» 2010 წლის 24 მაისის წერილიდან გამომდინარე, მოპასუხეს შპს «ს-ის» მიმართ არსებული დავალიანება არ გაუპროტესტებია, უფრო მეტიც, მხედველობაში მიიღო კერძო აღმასრულებლის განკარგულება და განმარტა, რომ შპს «ს-ის» მიმართ არსებული დავალიანება დაიქსირებული და გადახდილი იქნებოდა მოსარჩელის ნაცვლად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნაზე ყადაღის დადება კრედიტორისათვის მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველია, მიუხედავად იმისა აღნიშნულ მოთხოვნაზე ყადაღა ადევს თუ არა და მოთხოვნა დატვირთულია თუ არა სანივთო უფლებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხემ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წლის 24 მაისის წერილით პრეტენზია აღიარა, ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წერილი არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებას. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. ქ-ის მოთხოვნა ძირითადი დავალიანების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება აღსრულების საფასურს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა სასამართლოს კომპეტენციას სცილდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს «ქართულ-ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელი კომპანიამ» საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2010 წლის 24 მაისის წერილით ვალი აღიარა და პრეტენზია არ გამოუთქვამს კერძო აღმასრულებლის წინაშე. აღნიშნული წერილი არ არის ვალის აღიარების ხელშეკრულება, რადგანაც აღიარება უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა განხორციელდეს, კერძო აღმასრულებელი კი ასეთს არ წარმოადგენს, გარდა ამისა, ვალის აღიარების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ გამოვლენილი ნება მეორე მხარემ მიიღოს;
2. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ბრძანების შესაბამისად, შპს «ს-ის» მთლიან აქტივებს დაედო ყადაღა, მათ შორის ამ უკანასკნელის მოთხოვნას «ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის» მიმართ, რადგანაც აღნიშნული მოთხოვნა არამატერიალურ აქტივს წარმოადგენს. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ბრძანება გამოცემის დღესვე იქნა გაცნობილი შპს «ს-ისათვის», ამდენად, ყოველგვარი აპელირება ბრძანების შესრულების ნადვილობაზე უსაფუძვლოა;
3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 57-ე მუხლი. მითითებული კანონი აღსრულების წესს ადგენს და მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი ვერ იქნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ქ. კომპანიის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს «ქ. კომპანიის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4726,21 ლარის) 70% - 3308,34 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ქ. კომპანიის» (საიდენტიფიკაციო ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (4726,21 ლარის) 70% - 3308,34 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.