ას-1449-1463-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს «ს»
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ქუთაისის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ს-მა» მოპასუხე ქ.ქუთაისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება 23000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-10).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ს-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 184-188).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს «ს-მა» სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 191-201).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით შპს «ს-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 31 აგვისტოს ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს მიმართა Aშპს ,,ს»-ის დირექტორმა ბ. ჯ-ემ და მოითხოვა 1989 წელს ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტეტილებით კოოპერატივ «ს-ისათვის» გამოყოფილი _ ქ.ქუთაისში, ავტომშენებლის II ჩიხის ¹2ბ-ში მდებარე ცხრა ოთახისაგან შემდგარი შენობის (საერთო ფართით 297.45მ2) და მიწის ნაკვეთის (ფართით 375მ2)Aშპს ,,ს-ის» საკუთრებაში აღრიცხვა;
ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ,,თემიდას» 2006 წლის 31 აგვისტოს ¹1/22 გადაწყეტილებით ქ.ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩის მე-2 ჩიხის ¹2ბ-ში მდებარე შენობა-ნაგებობი საერთო ფართით 297.45 კვ.მ და 6390 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღირიცხა შპს ,,ს-ის» საკუთრებად, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა და შპს ,,ს-ის» სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება აღირიცხა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად;
ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთაAსაბჭოს აღმასკომის D1989 წლის ¹9-64/370 გადაწყვეტილებით კოოპერატივი «ს-ი» უნდა განთავსებულიყო ქუთაისის სარაიონათშორისო საწარმოო გაერთიანების საშენმასალათა კომბინატის საწარმოო გაერთიანების საშენმასალათა კომბინატის ბალანსზე რიცხულ სათავსოში;
მითითებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, საშენმასალათა კომბინატმა კოოპერატივს გადასცა დანგრეული სუვენირების შენობა აღსადგენად, მასვე უნდა გაეწია შეფობა და დახმარება ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში;
საქმეში წარმოდგენილია საპროექტო საამშენებლო კოოპერატივ ,,ოპოზარის” მიერ გაკეთებული კოოპერატივ «ს-ის» შენობის კაპიტალური შეკეთების ნაკრები, რომლის თანახმადაც კოოპერატივის შეკეთების ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 38367 ლარი;
საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის მე-2 ჩიხის ¹2ბ-ში მდებარე შპს «ს-ის» კუთვნილი შენობის _ ნაგებობის საერთო ფართით 297.45კვ.მ, საბაზრო ღირებულება შეადგენდა 23000 ლარს.
1990 წლის 7 მაისს ავტოქარხნის რაისაბჭოს აღმასკომის მიერ შექმნილმა კომისიამ გამოსცა «ს-ის» ექსპლოატაციაში მიღების აქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნები. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. 979-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, მისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უმთავრესი პირობა, რაც უნდა არსებობდეს მსგავსი კატეგორიის სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევისათვის არის ის, რომ უნდა დგინდებოდეს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, ხარისხი და ოდენობა დავის აღძვრის მომენტისათვის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მარტო ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება, რადგან რეალურად სწორედ ამ შემთხვევაში ჩანს გამდიდრების ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში გამდიდრების ფაქტია მთავარი და გადამწყვეტი და არა გაწეული ხარჯები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს სათანადო საპროცესო საშუალებით არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ღირებულების იყო კაპიტალურ შეკეთებამდე «ს-ისათვის» გადაცემული ნივთი, რაც შექმნიდა შესაძლებლობას გარკვეულიყო გამდიდრების ხარისხი.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ «ს-ის» მიერ კაპიტალურად შეკეთებულ ნაგებობას ჯერჯერობით არ იყენებდა მოპასუხე, მისივე განმარტებით, შენობა მერიას შესაძლოა არაფერში დასჭირვებოდა და ჯერჯერობით გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა ან შენობას ან მიწის ნაკვეთს, რაზეც შენობა იყო განთავსებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ უდავოდ გაწეული ხარჯის მიუხედავად მოპასუხის გამდიდრება დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა (ს.ფ. 246-254).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად დასკვნების გაკეთების თაობაზე, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების შესახებ გააკეთა არასწორი შეფასებები და შედეგად საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლომ არ იმსჯელა შპს «ს-ის» მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რის შედეგადაც გააკეთა არასწორი დასკვნები მოცემულ შემთხვევაში გამდიდრების ფაქტის არარსებობის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მერიას საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივ «ს-ის» ხარჯებით აგებული შენობა, რომლის ღირებულება ქონების გადაცემის მომენტისათვის სარჩელის ფასის ტოლია. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქ.ქუთაისის მერიას ამ შენობის აგებისათვის არანაირი ხარჯი არ გაუღია. შესაბამისად, გამდიდრების მოცულობა გარკვეულია. საქმეზე დადგენილია ისიც, რომ კოოპერატივ «ს-ს» გადაეცა საშენ მასალათა კომბინატის ბალანსზე რიცხული დანგრეული სათავსო აღსადგენად, მაგრამ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. დანგრევის შედეგად დარჩენილი მასალების ღირებულება გადაიხადა კოოპერატივმა «ს-მა», რისი დამადასტურებელი ქვითარიც საქმეზე წარმოდგენილია. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ქ.ქუთაისის არის საშენ მასალათა კომბინატის უფლებამონაცვლე. ამდენად, მოპასუხე მასზე გადაცემული შენობით გამდიდრდა. მართალია, სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 987-ე და 979-ე მუხლები, მაგრამ არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო გამდიდრების ფაქტი. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმისათვის, რომ მიუხედავად კაპიტალური შეკეთების პროექტის არსებობისა, ხარჯთაღრიცხვაში აღწერილი სამუშაოებით ცალსახად დგინდება, რომ შენობა აიგო საძირკვლიდან და სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია კაპიტალურ შეკეთებას (ს.ფ. 256-263, 265-274).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1150 ლარი) 70% _ 805 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს «ს-ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1150 ლარი) 70% _ 805 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.