Facebook Twitter

ას-1456-1470-2011 30 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს”, შპს ,,ბ-ა”

შპს ,,ს”-ის წარმომადგენელი – კ. კ-ა

შპს ,,ბ-ას” წარმომადგენელი – ლ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, კუთვნილი წილის კომპენსაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ. მ-მა შპს ,,ს. 89-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა შპს ,,ს. 89-ის” პარტნიორთა კრების 2003 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის დადგენილების ბათილად ცნობა და მისთვის საწესდებო კაპიტალში მისი წილის შესაბამისი ფართის მიკუთვნება, რაც 34,4 მ2- შეადგენს შემდეგი საფუძვლებით: თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 23 დეკემბრის 2/4-73 დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებულია შპს ,,ს. 89”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ მ. ბ-ე – საწესდებო კაპიტალის 34%-იანი წილით, ბ. კ-ი – 33%-იანი და ნ. ბ-ი – 33%- იანი წილით. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1995 წლის 16 ივლისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შპს ,,ს. 89-ის” საკუთრებაში აღირიცხა თბილისში, წ-ის ქ.137-ში მდებარე 266 მ2 არასაცხოვრებელი ფართი. საზოგადოების ერთ-ერთ პარტნიორი – ნ. ბ-სა და ჯ. მ-ს შორის 1999 წლის 9 დეკემბრის წილის დათმობის ხელშეკრულებით ნ. ბ-მა მოსარჩელეს უსასყიდლოდ დაუთმო საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი 33%-იანი წილიდან 13 პროცენტი. 2003 წლის ნოემბერში მოსარჩელემ და ნ. ბ-მა განცხადებით მიმართეს საზოგადოებას და მოითხოვეს საზოგადოებიდან გასვლა და მათი წილების კომპენსაცია. საზოგადოების დირექტორმა ისე ჩაატარა პარტნიორთა კრება და განიხილა განცხადება, რომ მას არ შეატყობინა. ამავე კრებაზე დადგინდა მისთვის კუთვნილი 13%-ის წილის შესაბამისი ფართის მიკუთვნება, რაც 11,4 კვ.მ შეადგენს, ხოლო კრების ოქმის საფუძველზე ნოდარ ბინაშვილს მისი 20%-ის შესაბამისად მიაკუთვნეს 76,4 კვ.მ. სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის დადგენილებით ცვლილებები შევიდა შპს ,,ს. 89-ის” სამეწარმეო რეესტრში.

მოპასუხემ სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა.

მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ნ. ბ-მა, სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მან წილის დათმობის ხელშეკრულებით, ჯ. მ-ს დაუთმო თავისი 33%-ის, როგორც ერთი მთელის 13%, რაც შეადგენდა 11,4 მ2-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწი-ლობრივ, ბათლად იქნა ცნობილი შპს «ს.-89-ის» 2003 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმი ჯ. მ-ისათვის მისი წილის 13%-ის შესაბამისად კომპენსაციის სახით 11.4 კვ.მ-ის მიკუთვნების ნაწილში, ხოლო კრების ოქმის დანარჩენი ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ს, შპს «ს. 89-ის» საწესდებო კაპიტალში მისი 13%-იანი წილის შესაბამისად, მიეკუთვნა შპს «ს. 89-ის» საწესდებო კაპიტალიდან – ქ.თბილისში, წ-ის ქ. ¹137-ში მდებარე შენობიდან 34.58 კვ.მ, სარჩელი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 იანვრის დადგენილების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. 89-მ”. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე აპელანტი შპს ,,ს. 89” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლეებით: შპს ,,ს”და შპს ,,ბ-ა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19 ივლისის განჩინებით შპს “ს-ის” და შპს “ბ-ას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს «ს. 89» სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 მარტის ¹2/4-73 დადგენილების საფუძველზე. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ მ. ბ-ე _ საწესდებო კაპიტალის 34%-იანი წილით, ბ. კ-ი – საწესდებო კაპიტალის 34%-იანი და ნ. ბ-ი საწესდებო კაპიტალის 33 %-იან წილს. 1999 წლის 9 დეკემბერს, ერთი მხრივ, ნ. ბ-სა და მეორე მხრივ, ჯ. მ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ, რომლითაც საზოგადოების პარტნიორმა ნ. ბ-მა ჯ. მ-ს უსასყიდლოდ დაუთმო შპს «ს. 89-ის» საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი 33 %-იდან 13-% საზოგადოების დანარჩენი პარტნიორების - მ. ბ-ისა და ბ. კ-ის თანხმობით. 2003 წლის 30 სექტემბერს შედგა შპს «ს. 89-ის» დამფუძნებელთა კრება. დამფუძნებლებმა განიხილეს აუდიტის დასკვნის საფუძველზე საწესდებო კაპიტალის 27 164 ლარით განსაზღვრის და დამფუძნებელთა შორის წილების გადანაწილების საკითხები. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნებართვით ნ. ბ-ი თავისი წილიდან 33%-დან ჯ. მ-ის სახელზე ასხვისებს 13%-ს, რის შედეგადაც ნ.ბ-ს რჩება 20%, ხოლო ჯ. მ-ს -13%. შპს «ს. 89-»ის დამფუძნებელთა 2003 წლის 30 სექტემბერის კრების ოქმით დადგენილ იქნა, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულიყო 27 164 ლარით, დამფუძნებელთა შორის კი წილები შემდეგნაირად უნდა განაწილებულიყო: მ. ბ-ეს - 34%, ბ. კ-ს 33%, ნ. ბ-ს – 20 %, ჯ. მ-ს 13%. შეტანილი იქნა ცვლილებები წესდების 4.1 და 4.2 პუნქტებში. აღნიშნული კრების ოქმი ძალაშია და გაბათილებული არ არის. ცვლილებები რეგისტრირებულ იქნა შპს «ს. 89-ის» სამეწარმეო რეესტრში და წილის დათმობის შედეგად ჯ. მ-ი აღირიცხა საწესდებო კაპიტალის 13%-ის მფლობელ პარტნიორად. 2003 წლის 30 ნოემბერს შპს «ს.ს 89-ის» პარტნიორთა კრებამ იმსჯელა ჯ. მ-ისა და ნ. ბ-ის განცხადებაზე საზოგადოებიდან გასვლისა და საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შემავალი შენობიდან – ქ. თბილისში, წ-ის 137-ში მდებარე 266 კვ.მ შენობა-ნაგებობიდან _ წილების შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე. პარტნიორთა კრების ოქმში აღნიშნულია, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამსვლელი პარტნიორებისათვის წილის ნატურით კომპენსაციის შესახებ; კერძოდ, ნ. ბ-ს გადაეცა მისი წილის 20 %-ის შესაბამისი ფართი 76,4 კვ.მ, ჯ. მ-ს 13%–ის შესაბამისი ფართი - 11,4 კვ.მ. – მთლიანად 9 000 ლარად ღირებული. ამავე კრების გადაწყვეტილებით შემცირდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი და განისაზღრა 18000 ლარით, ასევე გადანაწილდა წილები დარჩენილ პარტნიორებს შორის – მ. ბ-ის წილი განისაზღვრა 51%-ით, ბ. კ-ის 49-%-ით. შესაბამისი ცლილებები შეტანილ იქნა შპს «ს. 89-ის» სამეწარმეო რეესტრში.

პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია ის საკითხი, რომ კრების და, შესაბამისად, პარტნიორების ნება იყო თანხმობის გაცემა ნ. ბ-ისა და ჯ. მ-ის საზოგადოებიდან გასვლაზე და საწესდებო კაპიტალში შემავალი ქონებიდან მათთვის წილების შესაბამისი ფართების კომპენსაციის სახით მიკუთვნება. პალატამ განმარტა, რომ სადავოა მხოლოდ ის, თუ რას შეადგენდა ჯ. მ-ის კუთვნილი წილი საწესდებო კაპიტალში და რამდენი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება უნდა გადასცემოდა მას წილის პროპორციულად საზოგადოებიდან გასვლის შემთხვევაში.

აპელანტის პოზიცია, რომ რეალური შეთანხმება ნ. ბ-სა და ჯ. მ-ს შორის გულისხმობდა შეთანხმებას არა წილის მითითებული ნაწილის გასხვისებაზე, არამედ, უფრო მცირე წილის დათმობას და ჯ. მ-მა რეალურად შეიძინა უფრო ნაკლები წილი, ვიდრე საწესდებო კაპიტალის 13%, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საზოგადოებიდან გასვლის დროს ჯ. მ-ის წილი შეადგენდა საწესდებო კაპიტალის 13%-ს და აღნიშნულის შესაბამისად უნდა გაცემულიყო კომპენსაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს “ს. 89-ის” 2003 წლის 30 ნოემბრის ¹6 ოქმით პარტნიორობიდან გასული დამფუძნებლების, კერძოდ, ჯ. მ-ის, კუთვნილი 13% წილი შეადგენს 34.58 კვ.მ-ს, ხოლო ნ. ბ-ის კუთვნილი 20% წილი 53.2 კვ.მ-ს მათი ჯამი სწორედ პატრნიორთა კრებაზე გამსვლელი პარტნიორების საკომპენსაციო ოდენობის შესაბამისია.

პალატამ მიიჩნია, რომ საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და კრების ოქმი წარმოადგენდა გარიგებას და მასზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლები.

«მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), შესატანის უკან დაბრუნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დაიშვება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის, საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში, საწესდებო კაპიტალი შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამეწარეო რეესტრში. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ჯ. მ-მა და ნ. ბ-მა საზოგადოებას მიმართეს განცხადებით საზოგადოებიდან გასვლის შესახებ და მოითხოვეს წილის კომპენსაცია. საზოგადოების პარტნიორთა კრებამ 2003 წლის 30 ნოემბერს, განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გამსვლელი პარტნიორებისათვის წილის (შენატანის უკან დაბრუნების) ფორმის და ოდენობის შესახებ – კერძოდ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგინდა წილის ნატურით კომპენსაცია – საზოგადოების საწესდებო კაპიტალის – წ-ის 137-ში მდებარე 266 კვ.მ ფართობიდან გამსვლელი პარტნიორებისათვის მათი წილების შესაბამისი ფართის გადაცემის გზით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ჯ. მ-ის მოთხოვნა, მისთვის წილის 13%-ის შესაბამისი კომპენსაციის 34,58 კვ.მ მიკუთვნების თაობაზე საფუძვლიანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ს-მა” და შპს ,,ბ-ამ” და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები. შპს ,,ს. 89-ის” დამფუძნებლებმა ნ. ბ-ს თანხმობა განუცხადეს, რათა მას უსასყდიდლოდ დაეთმო ჯ. მ-ისთვის საწესდებო კაპიტალში თავისი წილის 33%-ის 13%, რაც 11.4 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2003 წლის 30 ნოემბრის კრების ოქმში მექანიკურად გაიპარა შეცდომა, რის გამოყენებასაც ბოროტად ცდილობს ჯ. მ-ი, რათა მიიღოს იმაზე მეტი ქონება, ვიდრე მას შეთანხმების მიხედვით ეკუთვნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ის და შპს ,,ბ-ას» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია კრების ოქმის ბათილად ცნობა და კუთვნილი წილის კომპენსაცია. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-ს და შპს ,,ბ-ას» დაუბრუნდეს ლ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 690 ლარის 70% _ 483 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ს-ის და შპს ,,ბ-ას» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს ,,ს-ს და შპს ,,ბ-ას» დაუბრუნდეს ლ. გ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 690 ლარის 70% _ 483 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.