Facebook Twitter

ას-1460-1474-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს «ი-ო”-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე შპს «ა-ის” სარჩელის გამო, შპს «ი-ოს» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ი-ოს» საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა არკადი პარუნიანმა 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გასაჩივრებული განჩინება (ტ.III, ს.ფ. 91).

2011 წლის 17 ოქტომბერს შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» გენერალურმა დირექტორმა პ. ლ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დამატებითი ვადის მიცემა.

2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანის «ი-ოს» გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 25 ოქტომბერს ეცნობა შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» იურიდიული სამსახურის უფროს არკადი პარუნიანს საქმეში მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (სატელეფონო შეტყობინების აქტი _ ტ.III, ს.ფ.100).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის (საკასაციო საჩივრის) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორცილების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა მის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს, ამასთან აღნიშნული განჩინებით კასატორს გაუგრძდელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის, რომლის დადგენის შესახებ განჩინებაც კასატორის წარმომადგენელს ჩაბარებული ჰქონდა, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2011 წლის 25 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 26 აგვისტოს ¹3016 საგადასახადო დავალებით გადახდილი 382.60 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს დაზღვევის საერთაშორისო კომაპანია «ი-ოს» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია «ი-ოს» უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 26 აგვისტოს ¹3016 საგადასახადო დავალებით გადახდილი 382.60 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.