Facebook Twitter

ას-1465-1478-2011 18 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. ჩ-ს საკასაციო პრეტენზიის ნაწილში ა. ა-ის, თ. მ-ის, ე. მ-ის, კ. ჩ-ს, ქ. ხ-ის, ა. ჯ-ისა და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «... ბანკის” სარჩელის გამო, იბა «პ. ვ-ას” მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის, თ. მ-ის, ე. მ-ის, კ. ჩ-ის, ქ. ხ-ის, ა. ჯ-ისა და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი კ. ჩ-ს საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, ა. ა-ის, თ. მ-ის, ე. მ-ის, კ. ჩ-ის, ქ. ხ-ის, ა. ჯ-ისა და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა, ხოლო კ. ჩ-ს დამატებით დაევალა ა. ჯ-ის სახელზე გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობისა და ა. ჯ-ის ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ აღნიშნული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ კ. ჩ-ს არ ჩაბარდა. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა ადრესატის ბინაზე არეყოფნა და შენახვის ვადის გასვლა. (ტ. III, ს.ფ. 155). რაც შეეხება დანარჩენ კასატორებს, მათ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, რის საფუძველზეც 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მათ ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა სსსკ 64-ე მუხლის შესაბამისად კ. ჩ-ს საკასაციო პრეტენზიის ნაწილში საპროცესო ვადის 3 დღით გაგრძელება. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კ. ჩ-ს დაევალა ა. ჯ-ის სახელზე გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოდგენა, სადაც მიეთითებოდა მარწმუნებლის სახელით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების თაობაზე, ასევე, ა. ჯ-ის ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ბარდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული 73-ე მუხლის 11 ნაწილით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება კ. ჩ-სა და მის წარმომადგენელ ა. ჯ-ს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ განმეორებით გაგზავნილი შეტყობინებაც არ ჩაბარდათ ბინაზე არყოფნისა და შენახვის ვადის გასვლის გამო (ტ.III, ს.ფ. 187). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ კ. ჩ-სათვის შეტყობინება ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული 2011 წლის 11 ნოემბერს, რა დროსაც განმეორებით გაგზავნილი კარესპოდენცია დაუბრუნდა სასამართლოს (ტ.III, ს.ფ. 187) და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლაც ამ დღიდან უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13 ნოემბერს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის 13 ნოემბერი დაემთხვა უქმე დღეს, ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ჩ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ა-ის, თ. მ-ის, ე. მ-ის, კ. ჩ-ს, ქ. ხ-ის, ა. ჯ-ისა და ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი კ. ჩ-ს საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება