ბს-1442-1172-კ-04 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ნაწილორივ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების: ბ., ნ. ბ.-ეების, ვ. მ.-ს და ლ. ქ.-ს მიმართ და მოითხოვა ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, მისი მოპასუხეებისათვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ბ. ბ.-ის მიმართ. საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რაც საფუძველს აძლევდა ვარაუდისათვის, რომ ბ. ბ.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული პირების მფლობელობაში იმყოფება უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა სარჩელის აღძვრის საფუძველს.
ბ. ბ.-ე 1993 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ შსს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და ამ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 506982045 კუპონი და 6649 ლარი, ხოლო 2001 წლიდან 2004წ. 10 მაისამდე მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ქალაქის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 4406 ლარი, ხოლო ჯილდოს სახით _ 2720 აშშ დოლარი.
მოსარჩელე ითხოვდა ბ. ბ.-ის და მასთან დაკავშირებული პირების შემდეგი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსათვის გადაცემას:
1. ბ. ბ.-ის სახელზე რიცხულ
ა) საცხოვრებელ ბინას ქ. ბათუმში, ...;
ბ) ავტომანქანა “ნივას";
გ) საცხოვრებელ სახლს _ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...
2. ნ. ბ.-ის (ბ. ბ.-ის მამა) _ სახელზე რიცხულ
ა) საცხოვრებელ სახლს _ ქ. ბათუმში, ...;
ბ) ავტომანქანა BMჭ – 525-ს.
3. ვ. მ.-ს (ბ. ბ.-ესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხულ
ა) საცხოვრებელ სახლს ქ. ბათუმში, ..., ბ.2-ში;
4. ლ. ქ.-ს (ბ. ბ.-ესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხულ
ა) ავტომანაქანა “მერსედეს-ბენცს".
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურატურის სარჩელი. დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცა ბ. ბ.-ის და მასთან დაკავშირებული პირების შემდეგი ქონება;
ბ. ბ.-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა “ნივა’’, ღირებულებით 6000 ლარი;
ნ. ბ.-ის (ბ. ბ.-ის მამა) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ..., ღირებულებით 350000 ლარი. ავტომანქანა BMB, ღირებულებით 6000 ლარი;
ვ. მ.-ს (ბ. ბ.-ესთან დაკავშირებული პირი) სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა ... , ბ.2-ში, ღირებულებით 50000 ლარი. სარჩელის სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ., ნ. ბ.-ეებმა და ვ. მ.-მ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამივე კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისე განიხილა საქმე, რომ სხდომის შესახებ არ უცნობებია მხარეებისათვის, რის გამო საშუალება არ მიეცათ, დაეცვათ თავიანთი უფლებები. სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებანი.
ბ. ბ.-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბინა, რომელიც მის მიერ გასხვისებულ იქნა ვ. მ.-ზე, წარმოადგენდა პრივატიზებულ ბინას, რომელიც სახელმწიფოსაგან გადაეცა უსასყიდლოდ. ამასთან, დღეისათვის აღნიშნული ბინა მას აღარ ეკუთვნის, ხოლო ბინის ახალი შემძენი არ წარმოადგენს მასთან დაკავშირებულ პირს. რაც შეეხება მამამისის, ნ. ბ.-ის, სახელზე რიცხულ ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლს, იგი წარმოადგენს მამამისის საკუთრებას, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მამამისს საკმარისი შემოსავალი გააჩნდა ბინის ასაშენებლად და გასარემონტებლად.
ნ. ბ.-ე თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სახლი, რომელიც უკანონო ქონებად იქნა მიჩნეული, აშენებულია მისი ოჯახის სახსრებით და ბ. ბ.-ეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის მშენებლობაში. სასამართლომ ისე გადაწყვიტა სახლის ჩამორთმევის საკითხი, რომ საქმეში მხარეებად არ ჩააბა მისი მეუღლე და და, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში და გარკვეული წვლილი მიუძღვით მის მშენებლობაში.
ვ. მ.-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს ბ. ბ.-ის არც ნათესავს და არც მასთან დაკავშირებულ პირს. ბინა მან შეიძინა ბ.-ისგან მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და დღეისათვის საჯარო რეესტრში ირიცხება მის სახელზე. აღნიშნული ბინის ჩამორთმევით სასამართლომ დაარღვია კონსტიტუციის 21-ე მუხლი. ითხოვს მისი საკუთრების ამორიცხვას ჩამორთმეული ქონებიდან.
დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორთა წარმომადგენელმა სადავოდ გახადა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება და მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლისათვის _ ბ. ბ.-ისათვის წარდგენილი ბრალდება არ იძლეოდა აღნიშნული სარჩელის აღძვრის უფლებას, ვინაიდან პროკურატურა ბ. ბ.-ს არ ედავებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით სახელმწიფო სახსრების მითვისებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, გამოძალვას, მითვისებას ან გაფლანგვას, ან გადასახადებისაგან თავის არიდებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ.-ის და ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. ბ.-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მთავარი სამხედრო პროკურატურის 2004წ. 13 მაისის დადგენილებითა და საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004წ. 2 სექტემბრის დადგენილებით კასატორი ბ. ბ.-ე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 368-ე მუხლით. ბ. ბ.-ე 1993 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ შს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და ამ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი _ 506982045 კუპონი და 6649 ლარი, ხოლო 2001 წლიდან 2004წ. 10 მაისამდე მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ქალაქის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი _ 4406 ლარი და ჯილდოს სახით _ 2720 აშშ დოლარი. 2004წ. 17 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლების საფუძველზე სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ სასამართლოს ბ. ბ.-ის, მისი ახლო ნათესავისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რადგან გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ ბ. ბ.-ის მიერ ლეგალურად მიღებული შემოსავლები არ იძლეოდა სარჩელში მითითებული ქონების შეძენის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს გასაჩივრებულ ნაწილში, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალურ პროკურატურას საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორთა წარმომადგენლის მიერ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში დაყენებულ მოტივს იმის შესახებ, რომ ბ. ბ.-ისათვის წაყენებული ბრალდებიდან გამომდინარე, პროკურატურას უფლება არ ჰქონდა, აღეძრა სარჩელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ემსჯელა მითითებული ქონების შეძენის კანონიერებაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი, პროკურორის ეჭვს ქონების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამავე კანონის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას უკავშირებს და ამ მხრივ ბ. ბ.-ის მიმართ წაყენებულ ბრალსა და სარჩელს შორის კავშირი არ არსებობს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შეიძლება იყოს მოპოვებული ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის მიხედვით, თანამდებობის პირი არის “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება, ან საბაჟო წესების დარღვევა.
საქმეზე წარმოდგენილი პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 13.05.04 და 2.09.04 დადგენილებებით კასატორი ბ. ბ.-ე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა სამოხელეო დანაშაულისათვის (სსსკ 333-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლისა და 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, რადგან ბ. ბ.-ე მხილებულ იქნა სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში, უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული სამართალწარმოებების წესით აღეძრა სარჩელი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი, პროკურორის ეჭვს დაუსაბუთებელი ქონების მოპოვებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ ქონებასთან დაკავშირებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენას უკავშირებს. საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპოცესო კოდექსის 214-ე მუხლის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლისა და 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში თანამდებობის პირის მხილებისას, თუ პროკურორს გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ პირის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების ან მასთან დაკავშირებული პირის საკუთრებაში არსებული ქონების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, მას შეუძლია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით აღძრას სარჩელი თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი ან უკანონო ქონების ჩამორთმევის თაობაზე და მოპასუხე თანამდებობის პირი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს ქონების, ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების, ან ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების _ ბ. ბ.-ისა და ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ სარჩელის განხილვისას დარღვეულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სასამართლოს 2004წ. 24 სექტემბრის სხდომის თაობაზე ბ. ბ.-ეს და ვ. მ.-ს ეცნობათ ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით.
ასევე დადგენილია, რომ მხარეებს საერთოდ არ გაგზავნიათ უწყება 8 ოქტომბრის სხდომის შესახებ და შესაბამისად, ისინი მიწვეული არ ყოფილან სასამართლოს სხდომაზე. საპროცესო ნორმების აღნიშნული დარღვევა სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბ. ბ.-ისა და ვ. მ.-სათვის ქონების ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს 2004წ. 24 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი ნ. ა.-ე, რომელიც გაფრთხილებულ იქნა 8 ოქტომბრის სხდომის თაობაზე, ასევე დადასტურებულია, რომ 8 ოქტომბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა ნ. ბ.-ე და მისი წარმომადგენელი. ამდენად, კასატორ ნ. ბ.-ის მიმართ საპროცესო ნორმების დარღვევა საქმის მასალებით არ დასტურდება.
რაც შეეხება ნ. ბ.-ისათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის კანონიერების საკითხს, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნია ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 272 კვ.მ, რომელიც ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობით, 2000წ. 13 ივლისის ¹1-77 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ბ.-ის სახელზე ირიცხება. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი პროკურატურის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნით, შეფასებულია 350000 ლარად, ხოლო კასატორ ნ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით _ 184818 ლარად. უნდა აღინიშნოს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული არ არის მიწის ნაკვეთის ღირებულება, ამასთან, მხარემ არ წარმოადგინა აღნიშნული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც დადგინდება, თუ რა თანხით იქნა შეძენილი მითითებულ მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, დაუსაბუთებელია ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია. ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს. კასატორის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის მიხედვითაც კი ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობა, მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინების გარეშე, შეადგენს 184818 ლარს, რომელიც მნიშვნელოვანი ღირებულების ქონებას წარმოადგენს და რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები კასატორს არ გააჩნია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კასატორს იმ რაოდენობის შემოსავალი გააჩნდა, რომელიც სადავო სახლთმფლობელობის შეძენის ან აშენების საშუალებას იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსაზრებას სადავო ქონების დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ავტომანქანა BMB-525 მას აღარ ეკუთვნის და გასხვისებულ იქნა მის მიერ, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი აღნიშნული ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის მიხედვით მანქანის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ. ბ.-ე.
საკასაციო პალატა მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ბ.-ის და ვ. მ.-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება ბ. ბ.-ისათვის ავტომანქანა “ნივისა’’ და ვ. მ.-სათვის ქ. ბათუმში, ..., მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ბ.-ისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანა “BMჭ-525’’-ის ჩამორთმევის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. ნ. ბ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.